შობა მერაია ქერის გარეშე წარმოუდგენელია და ამას GUCCI-შიც შესანიშნავად ხვდებიან. სადღესასწაულო სეზონის საზეიმოდ, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ, მთავარ სადღესასწაულო სიმბოლოსთან — მერაია ქერისთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და ის ახალი სარეკლამო კამპანიის მთავარ სახედ აქცია.
კამპანია ზღაპრული, საახალწლო დეტალებითა და ელვარებით სავსე სასტუმროში ვითარდება. კამპანიაში მერაია ქერი ახალი „Butterfly“ კოლექციის სამოსით ჩნდება, რომლის მანათობელი დიზაინი პეპლის ნაზ ფრთებს იმეორებს. როგორც გამოცემა Page Six წერს, მერაიამ ორივე სარეკლამო ლუქში 50 000 დოლარზე მეტი ღირებულების GUCCI-ს სამოსი მოირგო.

მომღერლის 1997 წლის ალბომის, Butterfly-ს თაყვანისმცემლები ამ სიმბოლიკას იოლად ამოიცნობენ - ალბომმა, რომელშიც ჰიტ „Honey“-ით მერაიას ჰიპ-ჰოპ მხარე გამოიკვეთა, არტისტი სამუდამო კვალს ატოვებს მუსიკალურ ინდუსტრიაში. თითქმის 30 წლის შემდეგ, GUCCI-მ მომღერლის საყვარელი სიმბოლო სრულფასოვან კოლექციად აქცია, რომელიც მორთულია მანათობელი პეპლის პრინტებითა და კრისტალებით.
კამპანიის კადრებში მერაია სასტუმროს წვეულებაზე პეპლის პრინტიანი კლასიკური კაბით შემოაბიჯებს, რომელსაც კრისტალებით გაწყობილი ორმაგი G ლოგოს ჩოკერი, უჩარჩოო კრისტალიანი სათვალე და იისფერი GUCCI Aperitivo-ს მხრის ჩანთა ახლავს თან. შიგნით შესვლისას კი ის შამპანურისფერ, კრისტალებით დატვირთულ ასიმეტრიულ კაბაზე გადადის.
ლავირებულ ვიდეოკასტში ბრენდის ფანები ბევრ საკვანძო და საყვარელ ნივთსაც შენიშნავენ: მათ შორისაა ბრწყინვალე Starlet, Gucci duffel და GG Marmont ჩანთები.
ბოლო წლები GUCCI-სთვის მარტივი არ ყოფილა - ბრენდის გაყიდვები უკვე სამ წელზე მეტია მცირდება, მათ შორის 2024 წელს 23%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. მიმდინარე შემოდგომაზე კომპანიამ კიდევ 6%-იან კლებაზე განაცხადა, მაღაზიებში მომხმარებელთა ნაკადი კი შემცირებულია.

2022 წლიდან მოყოლებული, ბრენდმა კრეატიული დირექტორი ორჯერ შეიცვალა. მაქსიმალისტური სტილიდან მინიმალისტურ და თავშეკავებულ მიმართულებაზე გადართვის შემდეგ, დღეს სათავეში დემნა დგას. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ციფრები შემცირებულია, GUCCI კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლუქს-ბრენდად. მისი ახალი ჰობო ჩანთები ყველგან გვხვდება, მოდის მოყვარულები კვლავ მისი გავლენას ქვეშ არიან, ხოლო ისეთი საინტერესო კოლაბორაციები, როგორიც ეს არის, ბრენდს მუდმივად ყურადღების ცენტრში აქცევს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, გაყიდვების კლების მიუხედავად, GUCCI-მ Lyst Index-ის რეიტინგში (რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ბრენდებს აფასებს) გასული წლის შემოდგომის მე-14 ადგილიდან წელს მე-4 პოზიციაზე აინაცვლა.

ახლა GUCCI-ს მთავარი მიზანია, რომ ეს დიდი ინტერესი რეალურ გაყიდვებში აისახოს, რისთვისაც მარკეტინგული ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. შობის დედოფალი შესაძლოა სწორედ ის „ფერია“ აღმოჩნდეს, რომელსაც ბრენდი ამდენი ხანი ელოდა. GUCCI-ს შავ კულტურასთან ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა - ჰარლემის დაპერ დანიდან დაწყებული, დღევანდელ წითელ ხალიჩებამდე. ახლა კი ბრენდმა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო სეზონი მერაიას მანდო და, როგორც ვიცით, ამ საქმეს მასზე უკეთ არავინ აკეთებს.