"ერთი წელია, რაც დავოჯახდით...თბილისში თათულისთან და ჟანრთან ერთად ვცხოვრობთ" - ინანო მუშკუდიანი გიორგი ლოლაშვილთან ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს - Marao

"ერთი წელია, რაც დავოჯახდით...თბილისში თათულისთან და ჟანრისთან ერთად ვცხოვრობთ" - ინანო მუშკუდიანი გიორგი ლოლაშვილთან ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს

2026-11-11 16:33:55+04:00

მსახიობ ეკა ჩხეიძის ქალიშვილი, წარმატებული დიზაინერი ინანო მუშკუდიანი დედასთან ერთად ანა ტყებუჩავას გადაცემა „მეხუთე ელემენტს“ სტუმრობდა. ინანო, რომელიც გასულ წელს ლეგენდარული მსახიობების, თათული დოლიძისა და ჟანრი ლოლაშვილის ვაჟზე, გიორგი ლოლაშვილზე დაქორწინდა, გადაცემაში სიყვარულის ისტორიაზე, სპონტანურ ქორწილსა და კარიერაში მიღებულ რადიკალურ გადაწყვეტილებაზე გულწრფელად ისაუბრა.

inano-mushkudiani

  • ინტერვიუ: ეკა ჩხეიძის ქალიშვილის იტალიური თავგადასავალი: როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ინანო მუშკუდიანი 

ინანო მუშკუდიანის ინტერვიუ

"ოთხშაბათი იყო, ჩემმა მეგობრებმა თქვეს, რომ რამე გაგვეკეთებინა. ამ დროს გიორგიმ თქვა, სივრცეს ვიქირავებ, შენ თეთრი კაბა ჩაიცვიო და ასე გადავიხადეთ ქორწილი. ხელი მეგობრების წრეში მოვაწერეთ.

ყველას გაუკვირდა, იმიტომ, რომ არასდროს მნდომებია. მერე უკვე ეკაც ნერვიულობდა. ქართული სტანდარტებით გვიან გავთხოვდი - 35 წლის ვიყავი. 33 წლის ვიყავი, როცა ბებიაჩემისთვის უკითხავთ, აქამდე როგორ ვერ გათხოვდაო.

inano-mushkudiani

  • „რა უბედურებაა „მიყვარხარ“... დავავლე ხელი, წამოვიყვანე“ - ჟანრი ლოლაშვილი თათული დოლიძეზე, სიყვარულსა და სცენაზე 

ერთი წელია, რაც დავოჯახდით. თავიდანვე დისტანციური ურთიერთობა გვქონდა. საბუთები ახლა ვიზაზე გვაქვს შეტანილი და იმედია, მალე იქნება. ბოლო სამი წელია ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე, რომ სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი. ვინჩენცო დე კოტისთან დირექტორი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ უკვე საკმარისი იყო. მინდოდა, თავისუფლება მქონოდა - როცა დამჭირდებოდა ან მომინდებოდა, ცოტა ხნით თბილისში ვყოფილიყავი, მერე კი მილანში დავბრუნებულიყავი. ეს შეზღუდულობა აღარ მინდოდა - რომ არასდროს მეცალა. ის ორი კვირაც კი, როცა შვებულება მქონდა, ტელეფონი სულ ხელში უნდა მჭეროდა, რადგან მეილებზე, ზარებსა და ყველაფერზე პასუხი უნდა გამეცა. სულ რაღაც პრობლემა იყო გადასაჭრელი, ბოლომდე შვებულებაშიც კი ვერ ისვენებდი. ბოლო პერიოდში სამსახურისგან დამოუკიდებლად რამდენიმე პროექტი გავაკეთე. თავიდან, როცა საქმე ერთ-ორ პროექტს ეხებოდა, მაინც ვახერხებდი: სამსახურიდან სახლში მივდიოდი და თავს ვაძალებდი, ისევ კომპიუტერთან დავმჯდარიყავი, მეხაზა, დამერენდერებინა და ასე შემდეგ. მერე მივხვდი, რომ უნდა გამერისკა, იმიტომ, რომ თუ არ გარისკავ, ისე არასდროს მოვა ვიღაც და ერთდროულად 20 პროექტს არ მოგცემს.

თბილისში თათულისთან და ჟანრთან ერთად ვცხოვრობთ. ერთი დიდი სახლია, სადაც ყველანი ერთად ვართ, მათ შორის, მე და გიორგიც - ბოლო სართულზე. ახლა ისე ვარ ჩამოსული, რომ ცოტა საქმეებიც მაქვს. ამის გამოც უფრო მიხაროდა თბილისში დიდხანს ყოფნა - თან ერთი მაღაზიის მშენებლობა მიდის, მეორე ახლახან დასრულდა და დღის განმავლობაში საქმეც მაქვს.

ძალიან მიყვარს თბილისში ყოფნა. როცა შორს ვარ, ჩემი ოჯახი და მეგობრები ძალიან მენატრებიან.

გიორგი ხატავს, ოღონდ ჯერჯერობით ეს უფრო ჰობია. მას ასევე აქვს გალერეა. მე და გიორგიმ ერთმანეთი დაახლოებით ოთხი წლის წინ, მადრიდში გავიცანით. მას შემდეგ დისტანციური ურთიერთობა გვქონდა — ჩამოდიოდა, მიდიოდა, რადგან ვიზის პირობებიდან გამომდინარე დიდხანს ვერასდროს ჩერდებოდა. არც მე მქონდა საშუალება, რომ თბილისში ჩამოვსულიყავი. ურთიერთობის დასაწყისიდანვე სულ ასე ვიყავით: სამ თვეში ერთხელ, ერთი თვით ვნახულობდით ერთმანეთს. ქორწინების შემდეგ მოვახერხეთ, რომ ჩვენი სიახლოვისთვის ტექნიკური საკითხები გადაგვეჭრა. საბოლოოდ, მე და გიორგი მილანში გადავალთ, რომ მშვიდად ვიყოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც ვივლით. ამ მხრივ მეც უფრო თავისუფალი ვარ და გიორგიც. ახლა ისე აღარ იქნება, რომ წლები გავიდეს და ვერ ჩამოვიდეს" - ამბობს ინანო.