ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში გულწრფელ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ბავშვობიდან არსებულ კვებით სირთულეებსა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც, მისივე თქმით, სულ ახლახან აღმოაჩინა.
ნანიკო აღნიშნავს, რომ კვებასთან დაკავშირებული თავისებურებების გამო, მისთვის რესტორანში ან კაფეში სასურველი კერძის შერჩევაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს, რაც მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის კარგად ნაცნობი ფაქტია. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მისი შერჩევითი რაციონი და კონკრეტული პროდუქტების მიმართ მძაფრი რეაქცია სენსორულ აღქმას უკავშირდება.

"სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს - განსაკუთრებით ბავშვებს, თუმცა მე დიდი ხანია, აღარ ვარ ბავშვი და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირი ვარ - გვაქვს ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება საკვების მიმართ.
ჩემმა ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა იციან, რა რთულია ჩემი გამოკვება, როგორი რთულია ჩემი სადღაც წაყვანა, კაფეში ან რესტორანში დაპატიჟება, იმიტომ, რომ ძალიან მიჭირს იქ რამის არჩევა. მაგალითად, მე პომიდორი იმდენად მძულს, მაპატიეთ, რომ ასე ვამბობ საკვებზე... არაფრით შემიძლია. იყო დრო, რომ ხელშიც ვერ ვიჭერდი. ხელზე რომ დაგედოთ პომიდორი, შეიძლება ეს ხელი მომეჭრა და გადამეგდო. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე, როცა გავთხოვდი და ბავშვი გავაჩინე, მომიწია, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და პომიდვრისთვის კარგად მომეკიდა ხელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ის გავსინჯე და მიყვარს. თეფშზე რომ დამიდოთ, პატარა ჩერი პომიდორი, მე იმას აღარ შევჭამ.
ასეთი დამოკიდებულება მაქვს ძალიან ბევრი რამის მიმართ: ბადრიჯნის, სალათების, რძის პროდუქტების, ხილის... მოკლედ, ბევრ რამეს არ ვჭამ მხოლოდ იმის გამო, რომ არ მომწონს მისი ტექსტურა, ფერი, ფორმა, სუნი და, შესაძლებელია, ტემპერატურაც.
ასევე ამოვიკითხე, რომ ასეთ პირებს, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს, არაფრით შეუძლიათ ერთ თეფშზე რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის ქონა. მაგალითად, მე არ შემიძლია ერთად ვჭამო რამდენიმე პროდუქტი. კარტოფილი და პური კი, ყოველთვის შემიძლია ერთად ვჭამო, მაგრამ იქ რაღაც სოუსი, კიდევ გარნირი... არაფრით შემიძლია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი გემო და ის იყოს ჩემთვის მისაღები.
გარდა ამისა, წავიკითხე, რომ ჩემნაირ ადამიანებს აქვთ არჩევითი, შერჩევითი რაციონი და მათ ძალიან უყვართ კონკრეტულად ღია ფერის ნახშირწყლები: ეს არის მაკარონი, პური და კარტოფილი. ჰკითხეთ ჩემს ახლობლებს, რით ვიკვებები ძირითადად. ჩემი ყოველდღიური რაციონი გახლავთ კარტოფილი და პური. იშვიათი გამონაკლისია, რომ მაკარონი ვჭამო და კიდევ უფრო იშვიათი გამონაკლისია, რომ ამ ყველაფერს რამე დავამატო ან ჩავანაცვლო.
მოკლედ, ფაქტია, რომ საკვებს ჩემი სენსორები თავისებურად კითხულობენ და თავისებურად უკეთებენ ანალიზს - რაღაცები მოსწონთ, რაღაცები არ მოსწონთ. მე მაინტერესებს, ჩემი ტვინიც, ალბათ, ასევე განსაკუთრებულად... ანუ, როგორ იღებს, როგორ ხდება ინფორმაციის მიღება და დამუშავება, ალბათ, ესეც რაღაც განსაკუთრებულად შეიძლება ხდებოდეს ჩემში. არ ვიცი, თუ რამე იცით ამის შესახებ, მომწერეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო ბევრს გამოადგება" - ამბობს ნანიკო.