ქართველი სუპერმოდელი მატილდა გვარლიანი საერთაშორისო მოდის სამყაროს დაპყრობას აგრძელებს. ამჯერად იგი გავლენიანი ბრიტანული ჟურნალის, Re-Edition Magazine-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის (AW26) 26-ე გამოცემის მთავარ ფოტოსესიაში გამოჩნდა.
გამოცემის სარედაქციო გუნდი მატილდას განსაკუთრებულ ვიზუალსა და ენერგეტიკას მის ფესვებს უკავშირებს. სტატიის მთავარი გზავნილი მოდელის წარმომავლობას უსვამს ხაზს: „თბილისში დაბადებული და საქართველოს მთების ველური სილამაზით ჩამოყალიბებული“. ფოტოსესიის კონცეფცია - "just that strange persistence / of looking again / deeper" - მატილდას ინდივიდუალურობასა და სიღრმეს კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს.
ფოტოსესიაზე მოდის ინდუსტრიის წამყვანმა პროფესიონალებმა იმუშავეს. კადრები ფოტოგრაფ ენდრიუ ნუდინგის ობიექტივში აღიბეჭდა, ხოლო ვიზუალურ სტილზე ცნობილმა სტილისტმა ანდერს სოლვსტენ თომსენმა იზრუნა.
გადაღების ფარგლებში მატილდამ მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების უახლესი, 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები მოირგო.
პროექტის შემოქმედებით ჯგუფში ასევე შედიოდნენ: ვიზაჟისტი ბეკა ვორდინგემი, თმის სტილისტი სარა ჯო პალმერი, ნეილ-არტისტი მეგან კამინგსი და ქასთინგ-დირექტორი ნაჩუმ შონი.



14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.
"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა გვარლიანი.
15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.
პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.
მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: Gucci, Chanel, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Fendi, Fendi და სხვ.