"ერთი კვირა გავძლებდი შიმშილით, დავიკლებდი 10 კილოს, შემდეგ ისევ  15-20 კილოს მოვიმატებდი" - მარიამ ბოლქვაძე წონის კლების რთულ გზაზე საუბრობს - Marao

"ერთი კვირა გავძლებდი შიმშილით, დავიკლებდი 10 კილოს, შემდეგ ისევ  15-20 კილოს მოვიმატებდი" - მარიამ ბოლქვაძე წონის კლების რთულ გზაზე საუბრობს

2026-11-13 16:22:23+04:00

სოციალურ ქსელებში ცნობილმა ბლოგერმა, მარიამ ბოლქვაძემ, „მშობლების პოდკასტში“ საკუთარი ტრანსფორმაციისა და წონის კლების ემოციურ გზაზე გულახდილად ისაუბრა. ინტერვიუში ბლოგერმა გაიხსენა, როგორ მივიდა 155 კილოგრამამდე, რა ზიანი მიაყენა საკუთარ ორგანიზმს არასწორი დიეტებით და რა გახდა ის გადამწყვეტი მომენტი, რის შემდეგაც 97 კილოგრამის დაკლება შეძლო.

mariam-bolkvadze

  • „დავიკელი 97 კილო და ახლა პლასტიკური ოპერაციების პროცესს გავდივარ“ - მარიამ ბოლქვაძე წონის კლებაზე 

მარიამ ბოლქვაძის ინტერვიუ

"ბავშვობიდან არ მქონია არანაირი წონის პრობლემა. დროთა განმავლობაში ისე მოხდა, რომ 16 წლიდან დავიწყე მატება. მანამდე ასეთი წონა არ მქონია, რომ ოპერაცია დამჭირვებოდა. თუმცა პუტკუნა ბავშვად ვითვლებოდი. მამაოს პუტკუნა მარიამი - ასე ვითვლებოდი.

ორსულობის დროს ძალიანაც არ მომიმატია, მხოლოდ 7 კილო მოვიმატე. ორსულობამდე დამეწყო ეს პრობლემა, ოღონდ არ მაწუხებდა და დისკომფორტს არ მიქმნიდა,

16 წლიდან დავიწყე მომატება. მერე ვიმატებდი, ვიკლებდი, ვაკეთებდი უაზრო დიეტებს, ისე, როგორც ყველა ადამიანი, ვისაც წონა აწუხებს. რა არ გამიკეთებია - ისეთი დიეტები მაქვს გამოცდილი, შიმშილიც, მარტო ორ კვერცხსა და ორ ვაშლზე ვყოფილვარ. ერთი კვირა გავძლებდი შიმშილით, დავიკლებდი 10 კილოს, შემდეგ ისევ  15-20 კილოს მოვიმატებდი. შიმშილი ძალიან ცუდია. ამ უაზრო დიეტებითა და შიმშილით დავიზიანე ჩემი ორგანიზმი, საკუთარი თავი.

მე და ჩემი ტაისია, ჩემი უფროსი შვილი, ერთ-ერთ გასართობ ცენტრში წავედით. იმ პერიოდში დაახლოებით 140 კილო ვიყავი. ტაისია თამაშობდა, მოვიდა და მითხრა - დედიკო, გეხვეწები, რა, ბატუტზე იხტუნავე ჩემთან ერთადო.

  • 13-შვილიან ოჯახში გაზრდილი მარიამ ბოლქვაძე: "132 კილოგრამი გავთხოვდი, დაკლების შემდეგ ქმარმა მიმატოვა...“ 

მე ვუთხარი - დედა, ბატუტზე ვერ ვიხტუნავებ, ძალიან ბუთქუნა ვარ და ჩავამტვრევ-მეთქი. შემომხედა სიყვარულით სავსე თვალებით და მითხრა - "არა, დედიკო, მოვიფიქრე, ვერ ჩაამტვრევ. შენ ხომ იცი, მაშა და დათვში დათუნია რომ ხტუნაობს ბატუტზე?“. საყვარელმა ბავშვმა დათვად აღმიქვა... მახსოვს, რომ მაშინ ტირილი ამიტყდა და ვეღარ ვჩერდებოდი. გამოვედი და ჩემს მეგობარს ვუყვებოდი, ვუზიარებდი ამ ამბავს. ტაისიას ვუთხარი: „დედიკო, ეს დღე დაიმახსოვრე, მომავალ წელს ამ დღეს შენთან ერთად ვიხტუნავებ ბატუტზე“.

ჩემმა მეგობარმა კი ხელი მომკიდა, წამიყვანა და მითხრა: „არ მაინტერესებს, იკეთებ ბარიატრიასო“...

სიმართლე რომ გითხრათ, პირველად მომინდა გახდომა. მანამდე ეს ჭარბი წონა არ მაწუხებდა. სულ აქტიური ვიყავი, ძალიან კარგი სამეგობრო მყავს და ამ მეგობრებთან ერთად ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროექტში. ზოგისთვის, მაგალითად, დაოჯახებასთან დაკავშირებით შეიძლება წონა პრობლემა იყოს. 132 კილო ვიყო, რომ გავთხოვდი. საკუთარ თავთან ძალიან კომფორტულად ვიყავი...

ეს მანამდე, სანამ შვილები არ გავაჩინე. ტაისიას ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა ჩემს წონასთან დაკავშირებით. ნერვიულობდა, უნდოდა, რომ სულ გამოპრანჭული ვყოფილიყავი. მეუბნებოდა: „დედიკო, წითელი პომადა წაისვი“.

სტრესისგან ვიყავი მომატებული. მქონდა კვებითი აშლილობა და ეს ჩემით დავიმართე. ვიტამინების შიში მქონდა, მეგონა მოვიმატებდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ ვიტამინები მნიშვნელოვანია მათთვის ვისაც სჭირდება. როცა საოპერაციოდ მივედი, წონა უკვე ძალიან გამექცა. 155 კილო ვიყავი, ჩემს ქირურგთან რომ მივედი. ანალიზები როცა გავიკეთე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, უბრალოდ ეს დიდი წონა მაწუხებდა. ბარიატრიის გარეშეც შესაძლებელია დაკლება, უბრალოდ მე იმდენად დიდი წონა მქონდა, რომ ფიზიკურად ჩემით, ამხელა წონას ვერ დავიკლებდი.

97 კილო დავიკელი. ამ ყველაფრის ძალა ფიქრითაც კი არ მქონდა. როცა ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი სწორი კვებით, საკუთარი ძალებით უნდა გამეკეთებინა. ახლა, ამ ჯანსაღი გონებით, როცა ცნობიერება სრულიად შეცვლილი მაქვს, ვხვდები, რამდენად განსხვავებულად ვფიქრობდი ადრე. კვებაზე ვიყავი დამოკიდებული, ღამეც არ არსებობდა ჩემთვის, საზღვრებიც არ არსებობდა," - ამბობს მარიამი.