"მისი საქმიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ოჯახის ისტორია" - ნინო სუხიშვილი იუბილარია - Marao

"მისი საქმიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ოჯახის ისტორია" - ნინო სუხიშვილი იუბილარია

2026-11-16 09:44:55+04:00

ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი დაბადების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე მისალოცი წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც ხაზგასმულია მისი განსაკუთრებული წვლილი დასის წარმატებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

"დღეს ქართული ნაციონალური ბალეტის გენერალური დირექტორის, ნინო სუხიშვილის დაბადების დღეა. ადამიანის, რომლის ენერგია, ხედვა და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულება ,,სუხიშვილების“ თითოეულ წარმატებაში იგრძნობა.

მისი საქმიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ოჯახის ისტორია. ეს არის მისია, რომელიც ქართული ცეკვის ტრადიციას ინარჩუნებს, ავითარებს, ახალ თაობებს გადასცემს და ზოგადად ქართული კულტურის გაძლიერებას ემსახურება.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულსა და ყველა მისი საოცნებო პროექტის განხორციელებას.

გილოცავთ დაბადების დღეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით," - ვკითხულობთ ანსამბლის გვერდზე.

nino-sukhishvili

ნინო სუხიშვილი წლებია, ილიკო სუხიშვილთან ერთად, უძღვება ლეგენდარულ ანსამბლს და აქტიურად მუშაობს როგორც კლასიკური ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, ისე თანამედროვე პროექტების განხორციელებაზე, რითაც ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას მსოფლიო სცენებზე ღირსეულად წარმოაჩენს.

  • „იმ პერიოდის თბილისში თუ ცხოვრობდი, რაღაც ეტაპზე, ნინო სუხიშვილი უნდა გყვარებოდა“ — ეპოქის თბილისური სიმბოლო 

ნინო სუხიშვილი

„მერე რა, გოგო შვილიშვილიც შვილიშვილია“, - ეს სიტყვები დიდ ილიკო სუხიშვილს ნინოზე უთქვამს, როცა მისი დაბადებისას ბიჭს ელოდებოდნენ. ნინოსთვის ეს სიტყვები საწყენი არ აღმოჩნდა - პირიქით, მოტივაციად იქცა და დღეს ნინო სუხიშვილი ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ის ძმასთან, ილიკოსთან ერთად "სუხიშვილების" ხელმძღვანელია. 

ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე;

„ტრავმა მქონდა და ცეკვას 2000 წელს დავანებე თავი. არასდროს არ მქონდა სინანული და პრეტენზია სოლისტობაზე, ჩემთვის მთავარი იყო სცენაზე ვმდგარიყავი, თუნდაც ბოლო ხაზში. თან ჩვენს მშობლებსაც არ უყვარდათ, ჩვენი წინ წამოწევა. ჩემთან შედარებით ილიკო ძალიან დიდი მოცეკვავე იყო, იმასაც კი არ ჰქონდა სოლო პარტიები. რაღაცნაირად უკან გვწევდნენ, იმიტომ, რომ არ იფიქრონ სხვებმა, შვილებია, შვილიშვილები არიან და იმიტომ წინ გამოვყავდით. ამის დანაკლისი არ მაქვს, რადგან ყოველდღე დარბაზში ვარ და განუწყვეტლივ მესმის დოლ-გარმონის ხმა. ჯამში 7 000 ბავშვს ვასწავლით“,- ამბობს ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • "მასთან ერთად ბევრად უფრო მიადვილდება ყველაფერი, ის არის ჩემი სიცოცხლის ხალისი და აზრი" - ნინო სუხიშვილის ინტერვიუ 

ნინო მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან  არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები";

მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები". 

"სუხიშვილი გვარი აღარ არის, ეს არის პროფესია" - ამბობდა ნინო სუხიშვილი.