„თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს!...მათ შორის ისეთი რამეებიც, რაც ვერ წარმოგიდგენია“ – სალიტა ჩუბინიძის ეკრანზე დაბრუნება - Marao

„თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს!...მათ შორის ისეთი რამეებიც, რაც ვერ წარმოგიდგენია“ – სალიტა ჩუბინიძის ეკრანზე დაბრუნება

2026-11-16 15:46:56+04:00

14-წლიანი შესვენების შემდეგ, მსახიობი და მომღერალი სალიტა ჩუბინიძე ეკრანებს დაუბრუნდა. მაყურებელი მას ამჯერად „მეტი შოუს“ გუნდში იხილავს. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კამერებთან მუშაობის ემოციებსა და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე მსახიობმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. 

როგორც სალიტა აღნიშნავს, ამდენი წლის შემდეგ შემოქმედებით პროცესში ჩართვა მისთვის სრულიად მოულოდნელი, თუმცა საოცრად ბუნებრივი აღმოჩნდა. ინტერვიუში მსახიობმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც დედაქალაქში გადმოსვლასა და კარიერის იქ გაგრძელებას ისევ საჩხერეში ცხოვრება ამჯობინა

„სამუშაო პროცესში ჩართვამ ისეთი განცდა გამიჩინა, თითქოს 14-წლიანი პაუზა კი არა, ერთი-ორი დღე დავისვენეთ და საქმეს დავუბრუნდით. თურმე შეიძლება, რომ სრულიად ნულიდან დაიწყო, როცა გგონია, რომ ასეთი საერთოდ აღარაფერი მოხდება შენს ცხოვრებაში. ნამდვილად არ მჯეროდა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა. თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს!.. მათ შორის ისეთი რამეებიც, რაც ვერ წარმოგიდგენია. ამას ძალიან ვაფასებ და ძალიან მადლიერი ვარ…

მე აქამდეც მქონდა შემოთავაზება, შეიძლებოდა, სრულფასოვნად გადმოვსულიყავი თბილისში და შემოქმედებითად სრულად ვყოფილიყავი დაკავებული, მაგრამ აქ იმდენად მშვიდი და სასიამოვნო გარემოა, რომ ამ ეტაპზე ამის დათმობა ძალიან მიჭირს. ამიტომ მირჩევნია, აქ ვიყო და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რეალურად, თბილისის საცობშიც იგივე დრო მჭირდება ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად, რაც საჩხერიდან თბილისამდე. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. სამაგიეროდ, ასე ბევრად კომფორტულია ჩემთვის…“ - ამბობს სალიტა.

salita-chubinidze

  • "საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი" - ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს 

სალიტა ჩუბინიძე

სალიტა ჩუბინიძის სახელი მაყურებელს წლების წინ პოპულარული კომედიური შოუებიდან კარგად ახსოვს. უკვე 14 წელზე მეტია, რაც ის ტელეეკრანებზე აღარ გამოჩენილა, რასაც თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა - სალიტამ ოჯახი მსახიობ გიორგი აფციაურთან ერთად შექმნა, შვილები შეეძინა და მთელი თავისი დრო და ენერგია სწორედ ოჯახურ ზრუნვას დაუთმო.

  • 12-წლიანი პაუზის შემდეგ სალიტა ჩუბინიძე ეკრანს უბრუნდება - ერთ დროს პოპულარული მსახიობის ახალი ცხოვრება 

"მიუხედავად იმისა, რომ ეკრანებზე არ ვჩნდებოდი, განვითარება მართლა არასდროს შემიწყვეტია. ვსწავლობდი, მივილტვოდი პედაგოგიური საქმიანობისკენ და ეს საქმე ძალიან, ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის. აღმოჩნდა ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცხოვრებისეული მისიასავით არის. მგონია, რომ ასე უბრალოდ მასწავლებლები არ ხდებიან და ყველა მასწავლებელს თავისი ცხოვრებისეული მისია და როლი აქვს. ვფიქრობ, მაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემი ბავშვების ცხოვრებაში დადებითი შტრიხი და ხაზი შევიტანო, რამაც, შესაძლოა, განსაზღვროს კიდეც მათ მომავალი წარმატებები.

ამ ეტაპზე ვარ ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებელი. ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. დაინტერესებული ვარ მინიატიურული ხელოვნებით – გარდა იმისა, რომ ვმღერი და ჩემი მთავარი ცხოვრებისეული საქმიანობა, ალბათ, ეს არის. ამას გარდა, დაინტერესებული ვარ მინიატიურული ხელოვნებით, თავადვე ვქმნი ამ ნივთებს და ეს დამატებითი აღფრთოვანების მიზეზი ხდება ხოლმე ბავშვების მხრიდან, იმიტომ რომ, რა ვიცი, ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს" - ამბობდა სალიტა