ინფლუენსერი თათია თექთურმანიძე ირინა ქიქოძის გადაცემა „მერეს“ სტუმარი იყო, სადაც გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეცვალა დედობამ მისი ყოველდღიურობა, პრიორიტეტები და სიცოცხლისადმი დამოკიდებულება.
თათიას თქმით, შვილის გაჩენამ მას სრულიად ახალი ემოციური მდგომარეობა და პასუხისმგებლობის განცდა მოუტანა. თათია თექთურმანიძე შეეხო „მარტოხელა დედის“ სტატუსსაც და განმარტა, რომ საკუთარ თავს ამ კატეგორიას ბოლომდე არ მიაკუთვნებს, რადგან ბავშვის მამა აქტიურად არის ჩართული შვილის ცხოვრებაში.

- დედობამ ყველანაირად შემცვალა. ეს ყოფილა საოცრება - იმ ემოციას, რასაც შვილი გაძლევს, ვერანაირი სხვა რესურსით ვერ მიიღებ. შეუძლებელია, არ შეიცვალო. მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, უკვდავი გავხდი. ჩემთვის არ შეიძლება ცუდად ყოფნა, არ შეიძლება ვიყო მოწყენილი, არაფერი შეიძლება ნეგატიური - უნდა ვიყო ძლიერი და ჯანმრთელი ძალიან ბევრი წელი, რადგან შვილი მყავს.
ერთ-ერთ გადაცემაში სიკვდილის თემას განვიხილავდით და ვთქვი, რომ საერთოდ არ მეშინია სიკვდილის და მხოლოდ მშობლების ნერვიულობას განვიცდიდი. მართლა არ მეშინოდა, უფრო მშობლებზე ვდარდობდი. შვილი რომ მეყოლა, მას შემდეგ უფრო მეშინია სიკვდილის. ახლა უფრო მეტად ვაქცევ ჩემს ჯანმრთელობას ყურადღებას, ვიდრე ელაიამდე ვაქცევდი. მინდა, მაქსიმალურად დიდხანს ვიყო ცოცხალი, რომ ჩემს შვილთან ვიყო, ოღონდ არა ჩემ გამო, არამედ - ჩემი შვილის გამო. ვთვლი, რომ დედაზე დიდი ანგელოზი შვილს არ ჰყავს.
„მარტოხელა დედა“ ისეთი გამონათქვამია, რომ შეიძლება ორაზროვნად გაიგონ ადამიანებმა. არიან დედები, რომელთა შვილებსაც მამა საერთოდ არ ჰყავთ, უბრალოდ, სრულიად მარტო ზრდიან შვილებს და ყველანაირი პასუხისმგებლობა მათზეა. ჩემს შემთხვევაში ასე არ არის - ჩემს შვილს ჰყავს მამა, რომელსაც ძალიან უყვარს, ყურადღებასაც აქცევს და არაფერს აკლებს. ამ მხრივ, ჩემი მდგომარეობა ისეთი მძიმე არ არის, როგორიც სხვა მარტოხელა დედებს აქვთ გამოვლილი, რათა საკუთარი შვილი გაეზარდათ. ბავშვისთვის მამასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა, აღზრდის პროცესში მთავარ მონაწილეობას მაინც შენ იღებ, რადგან შენი მცირეწლოვანი შვილი დროის უმეტეს ნაწილს შენთან ატარებს. აღზრდითი მომენტები ყოველთვის ხდება სახლში, ძილის წინ და ისეთ ელემენტარულ მოქმედებებში, რომლებსაც წინასწარ ვერ დაგეგმავ. როცა ხვდები, რომ აღზრდითი ღონისძიებები შენზეა, შენზეა პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე, „ტერმინატორის“ რეჟიმში ცხოვრობ - ღამე გძინავს, მაგრამ არ გძინავს. შეიძლება მეუღლეც გყავდეს სახლში და ამ დროს შედარებით უფრო შეგიძლია მოდუნდე, მაგრამ როცა აღიქვამ, რომ სრულიად შენი პასუხისმგებლობაა, აღარ მახსოვს, ღრმად როდის მეძინა - ყველა გადაბრუნება და ჩასუნთქვა გესმის. რაღაც უნარ-ჩვევები გიმუშავდება, შეიძლება წინასწარ განსაზღვრო რაღაცები, გარშემო ტერიტორიას მთლიანად აკონტროლებ. შეიძლება ისეთ დედებსაც აქვთ ეს უნარები განვითარებული, ვისი შვილებიც სრულფასოვან ოჯახში იზრდებიან, მე კი ამას იმას ვაბრალებ, რომ სრულიად ჩემი ყურადღების ქვეშაა ელაია.
საკუთარი თავისთვის ვერ ვახერხებ დროის გამონახვას იმ დოზით, რა დოზითაც მანამდე ვახერხებდი. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. მე ახლა აღვიქვამ, რომ ბევრ რამეს მოვცდი და ბევრი რამ დამაკლდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საღამოს ვიყო ჩემს შვილთან ერთად. საღამოს თუ მომინდება მეგობრებთან ერთად გასვლა, დედა მყავს, რომელიც მეხმარება, მაგრამ ისე თავისუფლად ვეღარ ვარ და ალბათ ვეღარც ვიქნები, რადგან შვილი მყავს