ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, დავით ჭანიშვილი (ჭანო) და მაკო დვალიშვილი, რომლებიც გასტროლებით კანადაში, კერძოდ ტორონტოში იმყოფებიან, ნათია გვაზავამ საკუთარ არხზე, „Natia Talks“ ჩაწერა.
როგორც ირკვევა, მათი გზები სწორედ ანსამბლში გადაიკვეთა. წყვილი ასევე შეეხო მათი ქორწილის ვიდეოებს, რომლებმაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
"ყველაზე მაგარი ცეკვა არის სიყვარული" - ამბობს ჭანო.
"შევეჯახეთ ერთმანეთს. როგორ შეიძლება ჭანო ვერ შეამჩნიო?! ხალხს ჰგონია, რომ კონცერტი გვქონდა და არა ქორწილი და... არა, მეგობრებო, ძალიან კარგი ქორწილი იყო მართლა, არანაირი კონცერტი არ ყოფილა. მე მგონია, რომ სიყვარული ყველასთვის სხვადასხვა რაღაცა არის, ჩემთვის, პირველ რიგში, არის ადამიანი როგორ ზრუნავს შენზე, როგორ გამოხატავს ამ ყველაფერს და როგორ პატივს გცემს. პატივისცემაში არ ვგულისხმობ მატერიალურს, ანუ როგორი დამოკიდებულება აქვს შენ მიმართ" - ამბობს მაკო.

დავით ჭანიშვილის ოჯახი და კარიერა
"წელიწადში დაახლოებით 130 კონცერტს ვცეკვავთ მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ჩემს ხასიათს განაპირობებს დარბაზის ენერგია ჩემი დისციპლინა და საქმისადმი დიდი სიყვარული.
„შთაგონებას ვიღებ თანამედროვე ხელოვნებიდან, პერფორმანსებიდან, ვიდეო ინსტალაციებიდან... ვცდილობ, შემდეგ ეს გადმოვიტანო სცენაზე. ამავდროულად, ბავშვებსაც ვასწავლი ქართულ ცეკვას. მჯერა, რომ სუხიშვილები არის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო დასი“, - ამბობდა დავით ჭანიშვილი.
დავით ჭანიშვილი პირველად დაქორწინებული იყო თამუნა თანდაშვილზე. თამუნა „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელია და ტურიზმის სფეროში საქმიანობს. რამდენიმე წლის წინ, როცა თამუნამ პანდემიის დროს კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა, მათ შორის ერთხელ მძიმე ფორმით, ის განსაკუთრებულ მადლობას სწორედ დავით ჭანიშვილს უხდიდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ცოტა ხნის წინ მან იქორწინა, მისი რჩეული ასევე მოცეკვავე მაკო დვალიშვილია. წყვილმა ჯვარი დაიწერა და გრანდიოზული, დაუვიწყარი ქორწილი გადაიხადა.

ქორწილმა სრულიად სოციალური ქსელი დაიპყრო. ბუნებრივია, „სუხიშვილების“ ქორწილი წარმოუდგენელია ცეკვის გარეშე. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გახდა ნომერი, სადაც დავით ჭანიშვილმა და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ილიკო სუხიშვილმა ერთად იცეკვეს. მათმა ენერგიამ და შესრულების ოსტატობამ მაყურებლის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. სცენა მთლიანად დაეთმოთ სუხიშვილების მოცეკვავეებს, რომლებმაც სიყვარულით სავსე ატმოსფერო შექმნეს და ღამე ნამდვილ შოუდ აქციეს.