მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო გადაცემა Beauty Talks-ის სტუმარი იყო, სადაც კანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე - კანის პრობლემებთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე გულწრფელად ისაუბრა.
როგორც მარიამი იხსენებს, პრობლემა გარდატეხის ასაკში, 15 წლისას დაეწყო. ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ დროს იწყებდა სამოდელო კარიერას და მუდმივად კამერების წინ უწევდა ყოფნა.
"ეს პრობლემა გარდატეხის ასაკში გაჩნდა და მგონია, რომ ეს ყველაზე სათუთი პერიოდია. თინეიჯერობის დროს საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევ, კომპლექსდები. ზუსტად 15 წლის ასაკში დამეწყო აკნე, რაც ჩემთვის ნამდვილი ტრაგედია იყო. საინტერესო ის არის, რომ სწორედ ამ დროს დავიწყე სამოდელო კარიერა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მუდმივად კამერების წინ ვიყავი. ძალიან აქტიური პერიოდი მქონდა და აკნესთან ბრძოლა განსაკუთრებით მიჭირდა.
მაშინ გავრცელებული იყო ე.წ. კოვზით წმენდა, რომელსაც სალონებში ხშირად მიმართავდნენ. ასევე იყენებდნენ ძლიერმოქმედ ანტიბიოტიკებს სახეზე დასაფენად, რაც არასწორი მიდგომა გახლდათ. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც დღეს პოსტაკნეს მკურნალობს - პრობლემას, რომელიც სწორედ იმ არასწორმა მეთოდებმა გამოიწვია. თუ მკურნალობის პროცესი სწორად მიმდინარეობს, კანზე არანაირი ნაწიბური და ლაქა არ რჩება, ხოლო თვითნებური ჩარევისა და არასწორი აპარატული პროცედურების შედეგად - კვალი ყოველთვის რჩება. დღეს, საბედნიეროდ, ცნობიერება ამაღლდა და კლინიკებს აკნეს მკურნალობის გამართული პროტოკოლი აქვთ. გამონაყარის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონები ან თუნდაც სტრესი. ჩემს შემთხვევაში აკნე უპირველესად სტრესის ფონზე აქტიურდება, ამასთანავე მნიშვნელოვანია კოსმეტიკაც, რომელიც სწორად უნდა შეირჩეს“, - ამბობს მარიამ სანოგო.

მარიამ სანოგო 2018 წელს დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით I said yes გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს.
"ადამიანებს სჩვევიათ კრიტიკა ჩაცმულობის, გარეგნობის გამო. რომ ვთქვა, რამე მტკივნეულად მახსენდება-მეთქი, ასე არ არის, ამ საკითხს არასდროს შევუწუხებივარ. ერთმა ინტერნეტგვერდმა გადაიტანა ჩემი ვიდეო, რომელიც სამუშაო პროცესში იყო გადაღებული. მოდელი ვარ და შეიძლება საცურაო კოსტიუმში ვიყო ან სხვა ფორმაში, ეს ნორმალურად განვითარებულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია. ამ ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა, თან გავიფიქრე, 15 წლიდან მოდელად ვმუშაობ და "ც" კი - არა, აქამდე სად იყავით-მეთქი?.. პრობლემებზე ყოველთვის ღიად ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, როცა ამას აკეთებ, პირველ რიგში, ეს ხალხისთვის ხდება. კონკრეტული მაგალითი გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება გამოცდილებად იქცეს. მსგავსი შემთხვევა მე გადამხდენოდეს, არ მახსენდება, მაგრამ გარშემო მყოფებისგან მსმენია. პრობლემის დამალვა განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ქალი ძალადობის მსხვერპლია ან მის თავს რაღაც უსიამოვნო ხდება. ამას ხშირად იმიტომ მალავენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში მსგავს ფაქტებზე არცთუ ისე ადეკვატური რეაქციაა, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლი დამნაშავის როლშიც კი გამოჰყავთ. ეს საკითხი ძალიან მაღელვებს, ამ პრობლემას ბევრჯერ შევჯახებივარ. კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პრობლემას მალავენ. ვერავის გავკიცხავ და ვერ ვეტყვი, ამდენი ხანი სად იყავი-მეთქი? პირიქით, მათი ძალიან კარგად მესმის და მიკვირს, თავის დროზე ადამიანს ეს შიში თუ გაუჩნდა, როგორ გადალახა. ჩვენს სოციუმში იმის აღიარება, რომ გარკვეული ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდი, გმირობის ტოლფასია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, რამდენად უარყოფითი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას საზოგადოების მხრიდან. იმედია, დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვლება. სხვათა შორის, ამ საკითხს ვაკვირდები და რეზონანსული საქმეების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული ტიპის პროგრესი შეიმჩნევა, ყინული დნება და ნელ-ნელა თავს მსხვერპლის დადანაშაულებასაც ვანებებთ" - ამბობდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.