38 წლის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ MMA ორგანიზაციაში, UFC-ში ასპარეზობას აღარ გააგრძელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სპორტსმენის ბოლოდროინდელი შედეგები გახდა - მას ოქტაგონზე ზედიზედ 4 მარცხი დაუგროვდა.
ქართველი სპორტსმენის კარიერის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას სოციალურ ქსელში წერილით გამოეხმაურა მისი მეუღლე, თამუნა გზირიშვილი. პოსტში იგი მადლობას უხდის მეუღლეს გაწეული შრომისთვის
"მადლობა! ხალხი ხედავდა გამარჯვებებსა და მარცხებს, მაგრამ მხოლოდ შენ და ღმერთმა იცით, რა დაგიჯდა ეს სინამდვილეში - ის ღამეები, როცა ტკივილს ჩუმად ატარებდი, წნეხი და შიშები, რომლებიც სახლში, ჩვენამდე არასდროს მოგქონდა. ვუყურებდი, როგორ დაკარგე დედა და მაინც იპოვე ძალა, რომ ეს ტკივილი სიძლიერედ გექცია და არა სიმწარედ. არასდროს დანებებულხარ, არც ერთი წამით. იბრძოდი შენი ქვეყნისთვის, შენი ოჯახისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერასდროს გაიგებენ, რამდენი გაეცი. და მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებდა, ეხმარებოდი ხალხს - ჩუმად, კამერებისა და აღიარების გარეშე. ვამაყობ იმ კაცით, ვინც ხარ, იმ მამობით, რაც გაგვიწიე, და იმით, თუ როგორ აგრძელებდი სვლას მაშინაც კი, როცა გტკიოდა. მჯერა, რომ შენი ცხოვრების შემდეგი თავი კიდევ უფრო დიდი იქნება - არა ტიტულების გამო, არამედ იმის გამო, თუ ვინ ხარ უკვე მაშინ, როცა არავინ გიყურებს. იმედი მაქვს, ერთ დღეს შევძლებ, შენი სრული ისტორია ისე მოვყვე, როგორც საჭიროა. დღეს კი უბრალოდ მინდა გითხრა —-მადლობა. გხედავ, გაფასებ და სამუდამოდ მიყვარხარ," - წერს თამუნა.

გიგა ჭიკაძე ქართველი კიკბოქსიორი და შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლია, რომელიც UFC-ში ასპარეზობს. გიგა 1988 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა.
ჭიკაძე ძიუდოში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოჯახში დაიბადა. ზაზა ჭიკაძე რამდენჯერმე გახდა კავშირის ჩემპიონი და 23 წლის ასაკში ოლიმპიადაზე წასვლის შანსიც მიეცა, თუმცა მუხლის ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულება მოუწია. როცა ვაჟი შეეძინა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მას ჩემპიონად გაზრდიდა.
როცა მამას შვილი სამშობიაროდან გამოჰყავდა, ვიდეო ჩაწერა: "ამ საავადმყოფოში დაიბადა გიგა ჭიკაძე - ჩემი პირველი შვილი და მომავალი ჩემპიონი ძიუდოში“. წლების შემდეგ ეს ვიდეო კიდევ უფრო ემოციურად აღიქმება.
მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ჭიკაძე ძიუდოისტი იყო, 4 წლის ასაკში უმცროსი კიოკუში კარატეს სექციაზე შეიყვანა. პატარას პირველი ვარჯიშები უჭირდა და ტიროდა, როცა შპაგატში ჩადიოდა. თუმცა არ ნებდებოდა და მუშაობას განაგრძობდა. მალევე ბიჭს სპორტის ეს სახეობა თავდავიწყებით შეუყვარდა და ბრიუს ლის ფანიც გახდა.
როცა გიგას 9 წელი შეუსრულდა ის გოძიუ-რიუს სექციაში გადავიდა. კარატეს ეს სახეობა ჰგავს MMA-ს - დაშვებულია იდაყვებითა და მუხლებით დარტყმა, გდება და პარტერში ბრძოლაც. სწორედ იქ გაიცნო სენსეი პაატა ჭელიძე, რომელთანაც 18 წლამდე დარჩა.
18 წლის ასაკში დაოჯახდა. მას არ სურდა მშობლებზე დამოკიდებული ყოფილიყო, თუმცა აცნობიერებდა, რომ თუ კარატეში დარჩებოდა, ფინანსურად მყარად ვერ იქნებოდა. იმ პერიოდში ჭიკაძე კიკბოქსინგის ყველაზე დიდი ორგანიზაციის, K-1-ის ფანი იყო და სწორედ ამ სპორტში გადაწყვიტა ბედი ეცადა. მალევე ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად.
კარატეს მსგავსად, ახალ სპორტშიც გიგამ თავი გამოიჩინა და 36 გამარჯვება მოიპოვა. 2010-იანების დასაწყისში ორგანიზაცია გაკოტრდა და გიგაც თავის მომავალზე დაფიქრდა. მას ორი არჩევანი ჰქონდა: კრივი ან შერეული ორთაბრძოლები. გადაწყვეტილების უკეთ მისაღებად აშშ-ში გაემგზავრა.

გიგა 18 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე თამუნა გზირიშვილია, რომელიც მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს. წყვილი უკვე დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს და ერთად ზრდის ნიტასა და მაქსიმეს.
როგორც გიგამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, მეუღლე, თამუნა გაზაშვილი პირველად სკოლაში ნახა და ის მაშინვე შეუყვარდა. „პირველად სკოლაში დავინახე და მაშინვე ვთქვი, ის ჩემი ცოლი გახდება-მეთქი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის მქონდა მხარდამჭერა 1 გოგოსგან, რომელიც 14 წლის ასაკში ვნახე და ეს გოგო შემდეგ ჩემი ცოლი გახდა, ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ამ გოგოს ჰქონდა თავისი ოცნება, თავისი სამსახური, კარიერა. მან მე ყველაფერი მომცა, მას ჩემი სჯეროდა, ის ჩემი სიცოცხლეა’’ - იხსენებდა სპორტსმენი.
