ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე, თამარ ხურცილავა მაყურებელს არა მხოლოდ სცენური გრაციითა და პროფესიონალიზმით, არამედ თავისი გულწრფელი დამოკიდებულებებითაც ამახსოვრებს თავს.
"ყველაზე დიდი სიმდიდრეა, უკან მოიხედო და იცოდე - არასოდეს გიღალატია საკუთარი თავისთვის" - წერს თამარ ხურცილავა.
თამარ ხურცილავა ფართო მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან ''ჟამი ყვავილობისა'', რომელიც 2009 წელს გადიოდა ეთერში. მას პარტნიორობას ლევან ხურცია უწევდა.
ამჟამად სატელევიზიო პროექტებში არ მონაწილეობს, თუმცა ეკრანის დანაკლისს სცენით ინაზღაურებს. როგორც თავად აღნიშნავდა "სუხიშვილების" მოცეკვავეობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ბავშვობაში ბავშვთა ანსამბლში ცეკვავდა. ორი წელი ცეკვისთვის თავი ჰქონდა დანებებული, როცა ბათუმში ბულვარში ''ასა ფართის'' დაესწრო. კონცერტის შემდეგ პუსკა გამსახურდიასთან ავტოგრაფისთვის მივიდა და ოცნების შესახებაც უთხრა. მან კი ხელი ჩასჭიდა და ილიკოსა და ნინოსთან მიიყვანა.
"6 წლიდან ვცეკვავ. მახსოვს პირველი დღე, როცა ცეკვაზე მიმიყვანეს. არასდროს ვაცდენდი, ერთი დღე მახსენდება, როცა სკოლაში ბევრი სამეცადინო მქონდა და დედაჩემმა არ წამიყვანა რეპეტიციაზე. მძაფრად მახსოვს ეს შემთხვევა, ძალიან ბევრი ვიტირე, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორებულა.
არ ვიცი რა არის ცეკვა ჩემთვის, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან დიდ ბედნიერებასა და სიამოვნებას მანიჭებს. როცა ცეკვა დავიწყე, იმ დღიდან ჩემს ოცნებად იქცა "სიხიშვილები", უფრო სწორედ, ოცნება არა, მიზანი იყო. ვიცოდი, განცდა მქონდა, რომ მე აქ უნდა მეცეკვა.

13 წლის ვიყავი, როცა ბათუმში "სუხიშვილების" კონცერტს დავესწარი და ავტოგრაფისთვის მივედი სოლისტებთან. საუბარში ვახსენე, რომ ჩემი ოცნება იყო "სუხიშვილებში" მოხვედრა. პუსკა გამსახურდიამ მიმიყვანა ნინოსთან და ილიკოსთან კულისებში და უთხრა, ეს ბავშვი ჩვენთან ცეკვაზე ოცნებობსო.
ყოველთვის ვღელავ, ოღონდ ეს სასიამოვნო ღელვაა, ერთი სული მაქვს, სცენაზე გავიდე, დავიხარჯო, ვისიამოვნო და მაყურებელსაც ვასიამოვნო.
იმდენად დიდი სურვილი მქონდა,ამ ანსამბლში მოვხვედრილიყავი, რომ ამ სურვილისთვის ყველაფერს ვაკეთებდი - შრომა ყოველთვის ფასდება.
პუსკა გამსახურდია და თეა დარჩია იყვნენ ჩემთვის შთაგონების წყარო. მინდოდა, მეც მათსავით ძლიერი და წარმატებული მოცეკვავე ვყოფილიყავი. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი, მათნაირი ვყოფილიყავი და დღეს მათთან ერთად ვცეკვავ. ეს ძალიან ემოციურია.
პუსკას ვკითხე, რა გრძნობაა, ბილბორდზე რომ ხარ-მეთქი, მითხრა, მოვა დრო, შენც ასე იქნები და აღარ გაგიკვირდებაო. მართლაც ასე მოხდა.
რთულია, ამ საქმეს რამე შეუთავსო, მაგრამ სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული. ძალიან მიყვარს ხატვა, მომწონს ფოტოგრაფია, მიყვარს ჩემს 5 სფინქსთან და ერთ ძაღლთან ერთად ყოფნა.
რაც შეეხება სამსახიობო სფეროს, თავი არ დამინებებია, მაქვს ხოლმე გადაღებები, ძირითადად რეკლამების, მათ შორის, საზღვარგარეთაც. თეატრში ვეღარ ვახერხებ ყოფნას, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება“, - ამბობს თამარ ხურცილავა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.