"ნელიკო ძალიან მომენატრა...სიამოვნებით დავუბრუნდები მას" - ბაია დვალიშვილი „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე საუბრობს - Marao

"ნელიკო ძალიან მომენატრა...სიამოვნებით დავუბრუნდები მას" - ბაია დვალიშვილი „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე საუბრობს

2026-11-26 10:08:13+04:00

ცოტა ხნის წინ, როგორც ცნობილი გახდა, პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ისევ დაუბრუნდება ეკრანებს, მასთან ერთად კი მაყურებელი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ პერსონაჟს, ნელიკოსაც იხილავს. ამის შესახებ მსახიობმა ბაია დვალიშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „სახალხო ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

ინტერვიუში მსახიობმა თავის პერსონაჟზე, მის ხასიათსა და სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ბაია დვალიშვილის თქმით, ნელიკოს როლზე მუშაობა მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან გმირს რთული, მაგრამ ძლიერი ბუნება აქვს.

"ნელიკო ძალიან მომენატრა. კარგი ქალია. ნამდვილად პრინციპული, გადაწყვეტილების მიმღები, მიუხედავად თავისი აი, ასეთი რაღაცნაირი ხასიათისა, მიმტევებლისა და თითქოს ცოტა შეშინებული, ძალიან პრინციპული ქალია და მიყვარს ძალიან. სიამოვნებით დავუბრუნდები და მივუბრუნდები მას.

 როგორც მითხრეს, ვიქნები ახალ სეზონში, რაღაც ჩემი ხაზიც იწერება და მიხარია იმ ადამიანების ნახვა, ვინც შექმნა ეს სერიალი. ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ ეს ის ადამიანებია, რომლებიც ერთ ენაზე ვლაპარაკობთ" - ამბობს ბაია დვალიშვილი.

baia-dvalishvili

  • "არ მენატრება, მაგრამ ეს იყო, რამაც გამატანინა ის პერიოდი, ეს იყო სტიმული ცხოვრების გაგრძელების" - ბაია დვალიშვილი და ნატა მურვანიძე საქმის სიყვარულსა და კეთებაზე 

ბაია დვალიშვილი

ბაია (ბარბარე) დვალიშვილი 1960 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დედამისი ცნობილი ქართველი მსახიობი მარინე თბილელი იყო. 

ბაია დვალიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა. თუმცა, ქართველმა მაყურებელმა უკეთ გაიცნო და განსაკუთრებულად შეიყვარა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ნელიკოს როლით.

ბაია დვალიშვილი პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე ყველასთვის საყვარელი მსახიობი მურმან ჯინორია იყო, მაგრამ წყვილი ერთ წელში დაშორდა. ბაია დვალიშვილი პირველ სიყვარულს ასე იხსენებს:

  • ბაია დვალიშვილის ინტერვიუ მეუღლესა და შვილზე: "ჩემი მთავარი სიყვარული ჩემი მეუღლეა, რომელთანაც უკვე 34 წელია ვცხოვრობ" 

„მაშინ, 17 წლის ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ერთად შემოვიდა – პირველი სიყვარული, თეატრი, მიშა თუმანიშვილი. ჩემი გათხოვება პროტესტი იყო – ოჯახში  დედა წყვეტდა ყველაფერს. მე სიტყვის გამოთქმის თავისუფლება არ მქონდა. ამიტომ გავთხოვდი, თუმცა ბანალურად და ძალიან მალე დამთავრდა – მე და მურმანი ერთ წელში დავშორდით.

ამბობდნენ, რომ ეს დედაჩემის ჩარევის გამო მოხდა, მაგრამ არა. ეს იყო დიდი გრძნობა, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. მერე დიდხანს არხეინად თავისუფალი ვიყავი.

ბაიამ მეორე რეზო ხატისკაცზე იქორწინა.

"რაც შეეხება მეორე მეუღლეს, ჩამოყალიბებული „სტარაია დევა“ ვიყავი, 31 წლის. რეჟისორის, ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე მივედი და იქ გავიცანი მისი ბიძაშვილი, რეზო ხატისკაცი. მერე რეზომ დამირეკა და რომანტიკის და შეხვედრების გარეშე, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ცოლად გავყევი”, - ამბობდა ბაია.