„ცხრა წლის წინ რომ დამაბრუნოთ, მონაწილეობას თავიდან მივიღებდი“ - ნია წივწივაძე „მის საქართველოსა“ და „მის მსოფლიოს“ პერიოდს იხსენებს - Marao

„ცხრა წლის წინ რომ დამაბრუნოთ, მონაწილეობას თავიდან მივიღებდი“ - ნია წივწივაძე „მის საქართველოსა“ და „მის მსოფლიოს“ პერიოდს იხსენებს

2026-11-27 12:14:29+04:00

„მის საქართველო 2017“, მოდელი ნია წივწივაძე კონკურსში მონაწილეობის პერიოდსა და მიღებულ გამოცდილებას იხსენებს. როგორც თავად აღნიშნავს, ამ მოვლენიდან ცხრა წელი გავიდა, თუმცა იმ დღეების გახსენება დღემდე განსაკუთრებულ ემოციებსა და ღელვას იწვევს მასში.

მოდელის თქმით, სწორედ „მის საქართველოში“ გამარჯვებამ განსაზღვრა მისი შემდგომი კარიერული გზა და აუსრულა მთავარი ოცნება.

nia-tsivtsivadze

  • "წავედი „მის სამყაროზე“ და სწორედ იქ დაიწყო მთავარი თავგადასავალი" - გზა „მის საქართველოდან“ უდიდეს წარმატებამდე 

ნია წივწივაძე "მის საქართველოზე"

"მე ვარ ნია წივწივაძე - „მის საქართველო 2017“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან უკვე ცხრა წელი გავიდა, ყოველ ჯერზე, როცა ამას ვამბობ, მაინც განსაკუთრებულად ვღელავ და ძალიან მიხარია. რაც მთავარია, მადლიერი ვარ იმისთვის, რომ იმ პერიოდში მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო „მის საქართველოზე“ და შემდეგ უკვე გამარჯვებულიც გავმხდარიყავი. ეს მართლაც საოცრება იყო. მახსოვს, სცენაზე გასვლისას და იმის გაცნობიერებისას, რომ „მის საქართველო“ გავხდი, ემოციებს ვერ გამოვხატავდი. ეს მართლაც გამორჩეული პერიოდი იყო.

ვფიქრობ, სწორედ იმ პერიოდმა მომიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვარ, სადაც ვმოღვაწეობ და ჩემი მთავარი ოცნება ამისრულა. არ ვიცი, რა იქნებოდა, „მის საქართველო“ რომ არ გავმხდარიყავი - მგონია, რომ ამ გზას ასე ვერ გავივლიდი. ზოგადად, კონკურსში მონაწილეობამაც კი საკუთარი თავი სულ სხვა კუთხით დამანახა. რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვარ ჩემი სააგენტოს, „იმიჯ ცენტრის“, იქ მომუშავე თითოეული ადამიანისა და ქალბატონი ია კიწმარიშვილის, რომელიც უკვე წლებია ამ კონკურსს ატარებს. ნამდვილი გამართლებაა, როცა კონკურსსა და სააგენტოში მიდიხარ და იქ გხვდებიან ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან, რომ ეს გზა ასე სასიამოვნოდ გაიარო.

  • ვინ გახდა სამყაროს ყველაზე ლამაზი ქალი? „მის სამყარო 2026“-ის ტიტულის მფლობელი ცნობილია 

ყოველთვის მინდოდა, ჩემი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმედგინა. „მის საქართველომ“ მომცა შესაძლებლობა, ერთი წლის შემდეგ ჩინეთში, ქალაქ სანიაში, „მის მსოფლიოზე“ გავმგზავრებულიყავი. როდესაც ჩვენი დროშა ჩავიტანე და გავაცნობიერე, რომ იქ საქართველოს წარმოვადგენდი - ამაზე მაგარი შეგრძნება ცხოვრებაში არასდროს მქონია. გარდა ამისა, ერთი თვის განმავლობაში დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, გავიცანი 120 ქვეყნის წარმომადგენელი, შევისწავლე მათი კულტურა, მქონდა ყოველდღიური ურთიერთობა და ძალიან დატვირთული რეჟიმი. ამ ყველაფერმა პიროვნულად ისე გამზარდა, როგორც, ალბათ, სხვა ვერაფერი მომცემდა ამის საშუალებას.

ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობდი, განსაკუთრებით კი იმით, რომ „მის მსოფლიოს“ გარეკანზე რამდენიმე მონაწილე გოგონასთან ერთად მეც მოვხვდი. მახსოვს, როდესაც ფინალის ანონსის ფოტო გამოქვეყნდა და იქ საკუთარი თავი დავინახე, ვამბობდი, რომ ჩემი ცხოვრება აქ შედგა. 2018 წელი იყო და მახსოვს, „მის მსოფლიოს“ გარეკანზე საკუთარი თავის დანახვისას ცრემლები მომდიოდა.

დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, ისაა, რომ ამ პერიოდით მაქსიმალურად დავტკბებოდი, როგორც „მის საქართველოზე“, ისე „მის მსოფლიოზე“ მონაწილეობისას. მაშინ ძალიან ვნერვიულობდი, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა. დღევანდელი გადმოსახედიდან გირჩევთ, მაქსიმალურად შეიგრძნოთ და ისიამოვნოთ ამ პერიოდით. რაც მთავარია, შეხედეთ ამას, როგორც ახალ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობასა და გამოწვევას თქვენს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, გახდებით თუ არა გამარჯვებული.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რომ არა ეს კონკურსი, გამარჯვების მიუხედავადაც კი, მან პიროვნულად იმდენად გამზარდა და სხვანაირად დამანახა საკუთარი თავი, რომ ცხრა წლის წინ რომ დამაბრუნოთ, მონაწილეობას თავიდან მივიღებდი," - ამბობს ნია.