მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი თავის კარიერულ გზასა და "მის საქართველოს" კონკურსთან დაკავშირებულ ემოციურ მოგონებებს იხსენებს. მისთვის ეს თემა განსაკუთრებით სენსიტიურია, რადგან 2018 წლის „მის საქართველოს“ ტიტული მისმა დამ, ნინი გოგიჩაიშვილმა მოიპოვა.
როგორც ნანუკა აღნიშნავს, სამოდელო სფეროში 14 წლის ასაკიდან იყო ჩართული, ამიტომ გადაღებები და სცენაზე დგომა მისთვის უცხო არ ყოფილა. თუმცა, „მის საქართველოს“ კონკურსმა და „მის სამყაროზე“ გამგზავრებამ მის ცხოვრებაში სრულიად ახალი თავგადასავალი დაიწყო.

„ჩვეულებრივი დღეა, ჩიკაგოში ვიმყოფები და საქართველოდან შემოდის ზარი, „რუსთავი 2“-დან მირეკავენ და მეუბნებიან: „გილოცავთ! „მის სამყაროს“ ეგიდით ჟურნალ Esquire-ში დაიბეჭდა ფოტო. ამ გამოცემამ 100 ყველაზე საინტერესო და სექსუალური ქალბატონის სია შეადგინა და საქართველოდან სწორედ შენ მოხვდი“.
თავიდან დაუჯერებელი მეგონა, რადგან ეს ინფორმაცია ჩემზე ადრე საქართველოში, „რუსთავი 2“-ის გუნდმა გაიგო, ჩემზე ადრე გაიხარეს, დაბეჭდეს და მე ყველაფერი მხოლოდ ამის შემდეგ შევიტყვე.
„მის საქართველოსთვის“ საიუბილეო წელია - 2026 წელს კონკურსი ტარდება და ჩვენი ქვეყანა „მისს“ მეთხუთმეტედ აირჩევს. მანამდე კი მოგიყვებით ჩემს გამოცდილებაზე, თუ რა მომცა ამ კონკურსმა. ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია, რადგან ბოლო, 2018 წლის „მის საქართველო“ ჩემი და, ნინი გოგიჩაიშვილი იყო.
14 წლის ასაკიდან ვარ სამოდელო სფეროში; გადაღებები და სცენაზე დგომა ჩემთვის ძალიან ორგანული იყო და სიახლეს არ წარმოადგენდა, თუმცა ის, რაც „მის საქართველოს“ კონკურსმა მომცა, ნამდვილად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა. წავედი „მის სამყაროზე“ და სწორედ იქ დაიწყო მთავარი თავგადასავალი. თვე-ნახევარი ლას-ვეგასში ვცხოვრობდი და ყოველდღიური შეხება გვქონდა ისეთ ლეგენდარულ პროფესიონალებთან, რომლებსაც ახლა ჩამოგითვლით.
მაგალითად, ქორეოგრაფიას გვასწავლიდა ადამიანი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავებისთვის - ჯენეტ ჯექსონისთვის, ლედი გაგასთვის, ჯენიფერ ლოპესისთვის და სხვებისთვის - კლიპებსა და ცეკვებს დგამდა. მასთან და ამ გუნდთან ყოველდღიური ურთიერთობა უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება და გაკვეთილი იყო. ისეთ ისტორიებს გვიყვებოდნენ, რომ მათი ხმა არასდროს დამავიწყდება. ეს არის ის ერთი თვე და პერიოდი, რომელსაც ალბათ თაობებს მოვუყვები.
ჩვენებაზე სიარულის (დეფილეს) მასწავლებელი გვყავდა ლუ, რომელიც ასევე ლეგენდარული ქალი იყო და განსაკუთრებით დამამახსოვრდა. Esquire-ში მოვხვდი 100 ყველაზე სექსუალურ და წარმატებულ ქალბატონს შორის - მონიკა ბელუჩის, ჟიზელ ბიუნდჰენის, ნატალი პორტმანის გვერდით. ამ საოცარ ქალბატონებს შორის ვიყავი მეც, ჩემი ქვეყნის სახელით, როგორც „მის საქართველო“ ნანა გოგიჩაიშვილი. ჩემს ფოტოს ძალიან საინტერესო წარწერაც ახლდა - რომ მოვდივარ ისეთი რეგიონიდან, სადაც ომი ნამდვილად მძვინვარებდა.
სამოდელო კარიერის გაგრძელების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, კვლავ მივიღე ზარი ტელევიზიიდან და „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში დავიწყე მუშაობა, სადაც არაჩვეულებრივი გუნდი დამხვდა. მგონია, რომ ეს კონკურსი გაძლევს იმას, რასაც ეძებ; არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიას ეუფლებით, ის გიღებს კარს სხვადასხვა სფეროში. მე ჩემი ისტორია უკვე დავწერე და ახლა, ამ ოქროს კალმისტრით, დროა, თქვენც დაწეროთ თქვენი ისტორია" - ამბობს ნანუკა.