რუსთაველზე სეირნობიდან „მის სამყაროს“ სცენამდე - როგორ ცხოვრობს დღეს პირველი ვიცე მის საქართველო 2017 ლარა იანი - Marao

რუსთაველზე სეირნობიდან „მის სამყაროს“ სცენამდე - როგორ ცხოვრობს დღეს პირველი ვიცე მის საქართველო 2017 ლარა იანი

2026-11-27 11:33:31+04:00

„მის საქართველოს“ მონაწილე ლარისა პეტროსიანი, რომელიც საზოგადოებისთვის ლარა იანის სახელით არის ცნობილი, კონკურსში მონაწილეობის პერიოდსა და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებს იხსენებს. მისი ისტორია ქასთინგზე სრულიად შემთხვევით დაიწყო და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის კონკურსზე საქართველოს წარდგენით გაგრძელდა.

lara-ian

  • "წავედი „მის სამყაროზე“ და სწორედ იქ დაიწყო მთავარი თავგადასავალი" - გზა „მის საქართველოდან“ უდიდეს წარმატებამდე 

ლარა იანის მოგონებები

"მინდა მოგიყვეთ, როგორ მოვხვდი „მის საქართველოს“ ქასთინგზე. უბრალოდ რუსთაველზე ვსეირნობდი, როდესაც დავინახე, რომ ძალიან ლამაზი გოგონების რიგი იდგა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეს „მის საქართველოს“ ქასთინგი იყო, რა თქმა უნდა, უდიდესი სურვილი გამიჩნდა, რომ ამ ყველაფრის მონაწილე მეც გავმხდარიყავი.

2017 წელი ისე მახსოვს, როგორც დღევანდელი დღე. ტკბილად მახსენდება ყველა ის დღე, თითოეული რეპეტიცია და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და უდიდესი გამოცდილება მივიღე. სამოდელო სფეროში გამოცდილება „მის საქართველომდეც“ მქონდა - მანამდეც მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა სილამაზის კონკურსში, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს განსაკუთრებული იყო, რადგან საქართველოში ტარდებოდა.

  • ვინ გახდა სამყაროს ყველაზე ლამაზი ქალი? „მის სამყარო 2026“-ის ტიტულის მფლობელი ცნობილია 

გავხდი „პირველი ვიცე-მის საქართველო“ და ეს არ ყოფილა დასასრული - პირიქით, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რის შემდეგაც „მის სამყაროზე“ გავემგზავრე. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდი; მეგონა, რომ „მის საქართველოს“ ფინალით კონკურსი სრულდებოდა. დაჯილდოებისას, როდესაც მითხრეს, თუ რომელ კონკურსზე მივემგზავრებოდი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ვერ ვიჯერებდი, რომ „მის სამყაროზე“ საქართველოს სახელით წარვდგებოდი.

ბავშვობაში, როდესაც ამ საერთაშორისო კონკურსებს ვუყურებდი, ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ამ უდიდესი ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი და ეს ოცნება ამიხდა კიდეც. დიდ მადლობას ვუხდი „მის საქართველოს“, ქალბატონ ია კიწმარიშვილსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც წარმატების მიღწევაში გვეხმარებოდა.

სამოდელო სფეროში 10 წელი გავატარე და ზუსტად 10 გვირგვინი დავაგროვე. როდესაც ჩემს გვირგვინებს ვუყურებ, დღემდე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი გამოვიარე. ტკბილად მახსენდება ყველა ის დღე და მიღებული გამოცდილება. მინდა ყველა გოგონას ვუსურვო უდიდესი წარმატება. ნუ შეგეშინდებათ - წინ ძალიან ლამაზი დღეები გელოდებათ,"- ამბობს ლარა.