თამო ვაშალომიძე გადაცემა „პრეგკასტის“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე, ყოფილ მეუღლესთან, აკა სამხარაძესთან ურთიერთობასა და განქორწინების შემდგომ პერიოდზე გულწრფელად ისაუბრა.
ვაშალომიძის თქმით, მიუხედავად ურთიერთობის დასრულებისა, აკა სამხარაძე შვილების ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული და მათ ყოველდღიურად ნახულობს.
"ჩემი ყოფილი მეუღლე ძალიან კარგი მამაა. ბავშვების აღზრდაში აქტიურადაა ჩართული და იდეალური მამაა. ბავშვების კუთხით მისი იმედი მაქვს. ბავშვები ყოველდღიურად ნახულობენ მამას, თან ახლოს ვცხოვრობთ. დედამთილთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და უდიდეს პატივს ვცემ. კარგი ადამიანია, კარგი ქალია და მინდა, რომ ბედნიერი იყოს.
ბავშვებმა თავიდან დაშორების ამბავი ვერ გაიგეს, ახლა უფრო ხვდებიან, იაზრებენ, რომ ასე იყო საჭირო. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ. ისე მოვიქეცი და ისეთი კომფორტი შევუქმენი, თუნდაც ახალ სახლში გადასვლით, რომ დიდად ვერ გაეგოთ ეს ამბავი. თან აკა ყოველდღე ნახულობდა ბავშვებს. აკას საღამოობით ხშირად უწევდა წასვლა და ის, რომ სახლში არ იყო, მათთვის უცხო არ ყოფილა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გავუადვილე და ეს იყო ჩემი მიზანიც, რათა სტრესში არ ყოფილიყვნენ. მე ძალიან მშვიდად ვარ, როდესაც ბავშვები ჩემს ყოფილ მეუღლესთან ან ბებიასთან არიან. ბავშვებს ძალიან კარგ მამობას უწევს.
დაშორებას რაც შეეხება, ის დამშორდა. სანამ საჯაროდ დაშორებაზე ვისაუბრებდი, იქამდე ერთი წლით ადრე იყო ყველაფერი დასრულებული. ჩემთვის ნებისმიერი ურთიერთობის დასრულება ნიშნავს „არას“ და შერიგება წარმოუდგენელია. შესაბამისად, მე ავირჩიე ჩემი თავი. ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს რაღაცის განადგურება გვიწევს იმიტომ, რომ ჩვენ გადავრჩეთ და ასე მოვიქეცი მეც. ავირჩიე საკუთარი თავი, ჩემი შვილების სიმშვიდე და შფოთვების გარეშე ცხოვრება," - ამბობს თამო.

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
"ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა", - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.
მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ გაამხილა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ახლა ის შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს და აგრძელებს კარიერულ წინსვლას - მან შექმნა თავის მოვლისა და კოსმეტიკური ხაზები, რომლის პოპულარიზაციისთვისაც ბოლო ორი წლის მანძილზე აქტიურად ესწრება მსოფლიო დონის ღონისძიებებს, მათ შორის, ვენეციისა და კანის კინოფესტივალებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის პროფესიული განვითარების მიზნით აშშ-ში იმყოფებოდა.