დედობისკენ მიმავალი გზა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია და ხშირად რთულ სამედიცინო გამოწვევებთან, ხანგრძლივ ლოდინსა და ემოციურ გამოცდილებებთან არის დაკავშირებული. თანამედროვე მედიცინამ მშობლობის მსურველ ადამიანებს არაერთი ალტერნატიული შესაძლებლობა მისცა, რომელთა შორის სუროგაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა საზოგადოებაში ჯერ კიდევ სტერეოტიპებითა და სტიგმით მოცული საკითხია.
ბოლო წლებში არაერთმა ცნობილმა ქალმა გადაწყვიტა, ამ თემაზე ღიად ესაუბრა და საკუთარი პირადი ისტორია საზოგადოებისთვის გაეზიარებინა. მათი გულწრფელი აღიარებები აჩვენებს, რომ სუროგაცია არა „მარტივი არჩევანი“, არამედ ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობით, სამედიცინო ჩვენებებითა თუ მრავალწლიანი ბრძოლით ნაკარნახევი ნაბიჯია. საკუთარი გამოცდილების გასაჯაროებით ამ ქალებმა ხელი შეუწყვეს თემის ნორმალიზებას, სუროგატი დედების მიმართ მადლიერების კულტურის დამკვიდრებასა და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც მსგავს გზას გადიან.
გთავაზობთ ცნობილი ქალების ისტორიებს, რომლებმაც შვილები სუროგაციის დახმარებით გააჩინეს და ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ ისაუბრეს.
კიმ კარდაშიანი პირველად დედა 2013 წელს გახდა, როდესაც ქალიშვილი ნორთი გააჩინა, ორი წლის შემდეგ კი ვაჟი სეინტი შეეძინა. ორივე ორსულობა უმძიმესი გართულებებით წარიმართა, რის გამოც ექიმებმა მას ხელახლა დაორსულება სიცოცხლისთვის სახიფათო რისკების გამო აუკრძალეს. სწორედ სამედიცინო ჩვენებების გამო მიმართეს კიმმა და კანიე უესტმა სუროგაციას: 2018 წლის იანვარში მათ ქალიშვილი ჩიკაგო შეეძინათ, ხოლო 2019 წლის მაისში — ვაჟი ფსალმი.
სუროგაციის გამოცდილებაზე საუბრისას კიმ კარდაშიანმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს პროცესი ემოციურად რთული იყო, რადგან ორსულობის კონტროლი სხვა ადამიანის სხეულში მიმდინარეობდა, თუმცა შედეგმა ყველა შიში გააქარწყლა. „ყველას, ვინც ამბობს ან ფიქრობს, რომ სუროგაცია მარტივი გამოსავალია, ვუპასუხებ, რომ ეს სრული სიცრუეა. ჩემთვის ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავად ორსულობა, რადგან ვერაფერს აკონტროლებ, თუმცა საბოლოოდ ეს ყველაზე საოცარი გამოცდილება იყო და უზომოდ მადლიერი ვარ ჩვენი სუროგატის“, — განაცხადა კარდაშიანმა გამოცემა ELLE-თან ინტერვიუში.
მსახიობი პრიანკა ჩოპრა და მუსიკოსი ნიკ ჯონასი მშობლები 2022 წლის იანვარში გახდნენ, როდესაც სუროგატი დედის დახმარებით ქალიშვილი, მალტი მარი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში წყვილის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა, მსახიობმა მოგვიანებით ღიად განმარტა, რომ სუროგაცია სამედიცინო გართულებების გამო აუცილებელი ნაბიჯი იყო.
ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში პრიანკა ჩოპრამ გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მტკივნეული იყო საზოგადოებისგან განსჯა მაშინ, როცა ადამიანებმა მისი ჯანმრთელობის ისტორია არ იცოდნენ. „მქონდა სამედიცინო გართულებები. ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ვიმყოფებოდი ისეთ მდგომარეობაში, სადაც ამის გაკეთება შემეძლო. ჩვენი სუროგატი იყო საოცარი, კეთილი, მშვენიერი და მზრუნველი ქალი, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში იზრუნა ამ ძვირფას საჩუქარზე ჩვენთვის“, — აღნიშნა მსახიობმა.
პერის ჰილტონი და მისი მეუღლე კარტერ რეუმი მშობლები 2023 წელს გახდნენ — იანვარში სუროგაციის გზით მათ ვაჟი ფენიქსი შეეძინათ, იმავე წლის ნოემბერში კი ქალიშვილი ლონდონი. ჰილტონმა თავის რეალითი შოუსა და ინტერვიუებში არ დამალა, რომ სუროგაციის არჩევა მის წარსულ ტრავმებსა და სამედიცინო პროცედურების მიმართ ძლიერ ფობიას უკავშირდებოდა.
გამოცემა Glamour UK-სთან საუბარში პერის ჰილტონმა დეტალურად ახსნა საკუთარი მოტივაცია და აღნიშნა, რომ მოზარდობისას გადატანილი მძიმე გამოცდილების გამო ექიმებისა და ნემსების მიმართ პანიკური შიში აქვს. „სუროგაცია ჩემთვის რთული გადაწყვეტილება იყო. ძალიან მინდოდა გამომეცადა ბავშვის მუცლით ტარების, მისი მოძრაობის შეგრძნებისა და ამ ყველა საოცარი მომენტის განცდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება იმდენად საჯაროა, თანაც პროვოს სკოლაში გადატანილი ტრავმის შემდეგ ექიმებისა და ნემსების პანიკური შიში მაქვს, რომ ვიცოდი, ეს სტრესი არც ჩემთვის იქნებოდა ჯანსაღი და არც ბავშვისთვის“, — თქვა ჰილტონმა.

სარა ჯესიკა პარკერმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა მეთიუ ბროდერიკმა, პირველი შვილი, ვაჟი ჯეიმს უილკი, 2002 წელს ბუნებრივი გზით გააჩინეს. თუმცა მომდევნო წლებში წყვილს მეორე შვილის ყოლასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნა, რის გამოც სუროგაციას მიმართეს. შედეგად, 2009 წლის ივნისში სუროგატი დედის დახმარებით მათ ტყუპი გოგონები — მერიონი და ტაბითა შეეძინათ.
მსახიობს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ ალტერნატიული გზების ძიებამდე ოჯახი წლების განმავლობაში ცდილობდა მეორე ორსულობის დაგეგმვას. „ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ოჯახის გაზრდას და სხვადასხვა გზას განვიხილავდით, მათ შორის სუროგაციასაც. როდესაც ეს მოხდა, სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად ბედნიერები ვიყავით. შვილებთან შეხვედრის წამი დაუვიწყარი იყო — თითქოს დრო გაჩერდა“, — იხსენებდა სარა ჯესიკა პარკერი Access Hollywood-თან ინტერვიუში.
ნიკოლ კიდმანის დედობის გზა წლების განმავლობაში ემოციურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ტომ კრუზთან ქორწინებისას გადატანილი საშვილოსნოსგარე ორსულობისა და მუცლის მოშლის შემდეგ მან ორი შვილი იშვილა, მოგვიანებით კი, მუსიკოს კიტ ურბანთან ქორწინებაში, 2008 წელს ქალიშვილი სანდეი როუზი თავად გააჩინა. თუმცა მეორე ბიოლოგიური შვილის ყოლისას წყვილს კვლავ დასჭირდა სამედიცინო დახმარება და 2010 წლის დეკემბერში სუროგატი დედის დახმარებით მათ მეორე ქალიშვილი, ფეიტ მარგარეტი შეეძინათ.
ნიკოლ კიდმანმა ავსტრალიურ ტელეშოუ 60 Minutes-თან ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ რას ნიშნავდა მისთვის სუროგატის დახმარება მრავალწლიანი იმედგაცრუებების შემდეგ. „ვინც კი ოდესმე ყოფილა იმ მდგომარეობაში, როცა შვილის ყოლა გსურს და ეს არ გამოდის, კარგად იცის ის სასოწარკვეთა, ტკივილი და დანაკარგის განცდა, რაც ამას ახლავს. ჩვენ სასოწარკვეთილად გვინდოდა კიდევ ერთი შვილი და როდესაც ეს შესაძლებლობა გაჩნდა, ჩვენი სუროგატი გახდა ყველაზე საოცარი ქალი, რომელმაც ეს საჩუქარი გვაჩუქა“, — განაცხადა მსახიობმა.
სუპერმოდელი და ტელეწამყვანი ტაირა ბენქსი დედა 42 წლის ასაკში, 2016 წლის იანვარში გახდა, როდესაც მას და ფოტოგრაფ ერიკ ასლას სუროგატი დედის დახმარებით ვაჟი, იორკი შეეძინათ. ბენქსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დედობამდე ინ-ვიტრო განაყოფიერების მრავალი წარუმატებელი და ემოციურად მძიმე მცდელობა გამოიარა, რის შემდეგაც სუროგაციას მიმართა.
შვილის დაბადების შემდეგ ტაირა ბენქსმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა და საჯაროდ გადაუხადა მადლობა ქალს, რომელმაც მათი შვილი მუცლით ატარა. „საუკეთესო საჩუქარი, რისთვისაც ამდენი ვიშრომეთ და ვილოცეთ, საბოლოოდ ჩვენს ხელებშია. მას ჩემი თითები და დიდი თვალები აქვს, ხოლო პირი და ნიკაპი — მამამისის. მადლობას ვუხდით ანგელოზ ქალს, რომელმაც ჩვენი სასწაული ბიჭუნა ატარა და ვლოცულობთ ყველასთვის, ვინც ამ ეტაპის მიღწევისთვის იბრძვის“, — დაწერა ბენქსმა.

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი პირველად დედა 2021 წლის მაისში, 50 წლის ასაკში გახდა, როდესაც ქალიშვილი შეეძინა, ხოლო 2023 წლის ივნისში, 53 წლის ასაკში, ვაჟის დედაც გახდა. თავდაპირველად მოდელი შვილების დაბადების დეტალებს საიდუმლოდ ინახავდა, რამაც მედიაში უამრავი ვარაუდი გააჩინა, თუმცა 2024 წელს მან პირველად დაადასტურა ოფიციალურად, რომ ორივე შვილი სუროგაციის გზით გაჩნდა.
ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში ნაომი კემპბელმა ახსნა, რომ ამ გზას მომავალი თაობისადმი რწმენისა და დედობის სურვილის გამო მიმართა. „ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია. ამან გამააზრებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ვიმედოვნოთ, რომ უკეთესი სამყარო გვექნება. დიახ, მე სუროგაციას მივმართე — იმედი მაქვს, რომ ჩვენი შვილები შეძლებენ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას“, — აღნიშნა მოდელმა.

სერიალ „ემილი პარიზში“ ვარსკვლავი ლილი კოლინზი და მისი მეუღლე, რეჟისორი ჩარლი მაკდაუელი, მშობლები 2025 წლის იანვარში გახდნენ — სუროგატი დედის დახმარებით მათ ქალიშვილი, ტოვე ჯეინი შეეძინათ. წყვილს მანამდე საჯაროდ არ უსაუბრია ორსულობის დაგეგმვის სირთულეებზე, თუმცა შვილის დაბადებისთანავე ღიად დაადასტურა სუროგაციის ფაქტი და მადლიერება გამოხატა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ლილი კოლინზმა და ჩარლი მაკდაუელმა ხაზი გაუსვეს იმ ადამიანის როლს, ვინც მათ ოჯახს ეს ბედნიერება აჩუქა. „კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენი სამყაროს ცენტრში, ტოვე ჯეინ მაკდაუელ. სიტყვებით ვერასდროს გამოვხატავთ ჩვენს უსაზღვრო მადლიერებას ჩვენი საოცარი სუროგატისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ გზაზე დაგვეხმარა. უსაზღვროდ გვიყვარხარ“, — დაწერა წყვილმა.
თანამედროვე მედიცინის ამ შესაძლებლობას ქართველი ქალებიც მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პირადი ცხოვრების ამ დეტალზე საჯაროდ საუბარი შედარებით იშვიათია, რამდენიმე ცნობილმა ქართველმა ქალმა საკუთარი გამოცდილება ღიად გააზიარა და საზოგადოებას უამბო, რა გზა გაიარა სუროგაციის დახმარებით დედობამდე. მათ შორის არიან ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა და მომღერალი თამუნა ამონაშვილი.

ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას, სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო.
„ჩემი პირველი შვილი, ამიკო რომ გავაჩინე, 18 წლის ვიყავი. ალბათ, ახლა უფრო ვაანალიზებ, რას ნიშნავს, იყო პატარა ადამიანის დედა, რომელიც შენი სამყაროა. ვაანალიზებ, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი ერთგვარი მისია შევასრულე…
ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს, არ დაყარონ ფარ-ხმალი და ყველაფერი აუცილებლად გამოვა. შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა. ძალიან ბევრი წლის ოცნება ამიხდა!.. თადა-ერეკლემ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ამას ბევრი წელი ველოდი… ჩემი პირველი შვილის დაბადებიდან მოყოლებული, დაახლოებით სამი წლის იყო ამიკო, ძალიან მინდოდა მეორე შვილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ ვაჩენდი… რა თქმა უნდა, ფარ-ხმალს არ ვყრიდი. ბევრმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ახლა უკვე მეორე შვილი მყავს", - ამბობდა ნინო თოლორდავა ინტერვიუში.

მომღერალი თამუნა ამონაშვილი და მისი მეუღლე, რეჟისორი რეზიკო არჩვაძე ცოტა ხის წინ ტყუპების მშობლები გახდნენ - მათ მელანია და იონა ჰყავთ. გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" თამუნა ამონაშვილმა დედობის სიხარულზე, შვილებსა და იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც მან ამ დიდ ბედნიერებამდე გაიარა.
"ყოველთვის მინდოდა შვილი და, ამომდინარე ჩემი პროფესიიდან, ვერ ვახერხებდი, ძალიან დაკავებული ვიყავი.
ჯანმრთელობის პრობლემებიც იყო, თუმცა სერიოზული არაფერი, მაგრამ მაინც არ შემეძლო იმ პერიოდში შვილის გაჩენა. როცა აქტიური კარიერა მქონდა, საზღვარგარეთ ვიყავი, ჩემი მეგობრების დახმარებით, გავყინე კვერცხუჯრედი. მაშინ არ მიფიქრია, როდის რა იქნებოდა, უბრალოდ ეს გავაკეთე ჩემი მეგობრების, ჩემი მეუღლის დაძალებით. ვიცოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, იმიტომ, რომ ხვალ რა იქნებოდა, არ ვიცოდი“, - ამბობდა თამუნა ამონაშვილი.
