"გავიგე, რომ ვიყავი ოთხი თვის ორსული, გეგმურ შემოწმებაზე, საშინელება დამემართა" - ნუცა შამილაძის სიმსივნე, ორსულობა და ამბავი იმაზე, რომ შეუძლებელი არაფერია - Marao

"გავიგე, რომ ვიყავი ოთხი თვის ორსული, გეგმურ შემოწმებაზე, საშინელება დამემართა" - ნუცა შამილაძის სიმსივნე, ორსულობა და ამბავი იმაზე, რომ შეუძლებელი არაფერია

2026-06-11 10:55:27+04:00

სოფო ჯაფარიძის საავტორო პოდკასტში „მედგიდი“ მომღერალმა ნუცა შამილაძემ იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც სიმსივნის მკურნალობის კურსის პარალელურად დაორსულდა. გადაცემის მსვლელობისას თავად წამყვანმაც გაიხსენა ის ემოციური მომენტი, როდესაც უახლოესი მეგობრის ორსულობის შესახებ შეიტყო. სოფო ჯაფარიძის თქმით, არაერთი მედიკოსი მოუწოდებდა პაციენტს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისკენ, თუმცა მეგობრის გადაწყვეტილება ურყევი აღმოჩნდა - ის საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი მზად იყო შვილის გასაჩენად, მიუხედავად იმ რისკებისა თუ ჯანმრთელობის პრობლემებისა, რაც შესაძლოა პატარას შეჰქმნოდა.

nutsa-shamiladze

დიაგნოზი და პირველი ფიქრები მესამე შვილზე

მომღერალი იხსენებს მკერდის სიმსივნის დიაგნოზს, თურქეთში ჩატარებულ ოპერაციას და იმ მომენტს, როდესაც ონკოლოგთან პირველად დაისვა მესამე შვილის გაჩენის საკითხი - სურვილის, რომელიც მას მეუღლის, დათუნას გამოჩენის შემდეგ გაუჩნდა.

  • როგორ დაამარცხა ია ნინიძემ კიბო: "ის ადამიანი დღეს აღარ არის ჩემთან, მაგრამ მისი ხმა ყოველთვის მესმის"

„ჩემი ისტორია დაიწყო ერთი წლის წინ, გავიგე, რომ მქონდა მკერდის სიმსივნე. წავედი თურქეთში სამკურნალოდ. გავიკეთე ოპერაცია, დათესვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ჰორმონდადებითი. პირველი, რაც ონკოლოგმა მკითხა, იყო, თუ ვფიქრობდი მესამე ბავშვის გაჩენას. 19 წლის ვიყავი, როცა პირველად დედა გავხდი, მაშინ მახსოვს, რომ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. როდესაც გავიცანი დათუნა და შევქმენით ოჯახი, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გიყვარს სიგიჟემდე და მისგან გინდა შვილი.“

სუროგაციის წარუმატებელი მცდელობა და საშობაო სურვილი

მედიკოსების რეკომენდაციით, წყვილმა კვერცხუჯრედების გაყინვასა და სუროგაციას მიმართა, თუმცა გენეტიკური ტესტის შემდეგ ეს იმედიც გადაიწურა. სწორედ ამ მძიმე ეტაპზე, შობის ღამეს, ნუცამ ჩაიფიქრა სურვილი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

„ექიმს რომ ვუთხარი, მითხრა, რომ არ გასცემდნენ ამ რეკომენდაციას, მირჩიეს, გამეყინა კვერცხუჯრედი და მიმემართა სუროგატისთვის. ვიკეთებდი მსუბუქ სტიმულაციებს. გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ორი კვერცხუჯრედი, მირჩიეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შენახვა. ემბრიონის გენეტიკური ტესტი რომ ჩაატარეს, გვირჩიეს, რომ არ გადაგვეტანა. ეს ჩემი გეგმები და სურვილები წყალში ჩამეყარა. შობის ღამეს დავწერე სურვილი, რომელიც ახდა…“

nutsa-shamiladze

მოულოდნელი ამბავი და პირველი შოკი

გეგმურ შემოწმებაზე ნუცა შამილაძემ სრულიად მოულოდნელად შეიტყო, რომ უკვე ოთხი თვის ორსული იყო. ამ აღმოჩენასა და ექიმის მძიმე რეაქციას მისთვის უდიდესი სტრესი და სასოწარკვეთა მოჰყვა.

  • "ყველა გადარჩენილი უნდა იყოს ბედნიერი? უნდა დაივიწყოს ის ტკივილი, რაც გამოიარა?" - რას წერს ნინო ხაჟომია მძიმე სენისა და მოგებული ბრძოლის შესახებ

„19 იანვარს გავიგე, რომ ვიყავი ოთხი თვის ორსული, გეგმურ შემოწმებაზე. საშინელება დამემართა, როცა მითხრეს, რომ ორსულად ვარ. ასეთი გაუბედურებული არასდროს ვყოფილვარ. ექიმმა იმდენად ინერვიულა, რომ მისმა რეაქციამ შოკში ჩამაგდო. როგორ უნდა მემშობიარა ხელოვნურად, ეს პროცესი აღმიწერა. განწირული ხმით ვყვიროდი, მიშველეთ, სიკვდილს მიახლოვდება-მეთქი, დედას და სოფოს დავურეკე…“

მედიკოსების კატეგორიული მოთხოვნა და რისკების შეფასება

ვინაიდან პაციენტი მკაცრ ჰორმონალურ თერაპიასა და ხელოვნურ კლიმაქსში იმყოფებოდა, ექიმები ვალდებულნი იყვნენ, მოსალოდნელი ანომალიების შესახებ გაეფრთხილებინათ და კატეგორიულად ითხოვდნენ ორსულობის შეწყვეტას.

„მე ვიყავი ჰორმონალურ თერაპიაზე, გავიკეთე ძლიერი ნემსი, რომელსაც ხელოვნურ კლიმაქსში გადაჰყავხარ. ყველა ექიმის რეკომენდაცია იყო, რომ ორსულობა შემეწყვიტა. ბევრმა ძალიან მკაცრად მომთხოვა… ექიმები ვალდებულნი არიან, რომ გითხრან რისკების შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს შენი გადაწყვეტილების შემდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ, უფრო მეტად რომ დავწყნარდი, ყველა ექიმს ვესაუბრე. მოვისმინეთ, რისი ანომალიები შეიძლებოდა განვითარებულიყო.“

გააზრებული გადაწყვეტილება, რწმენა და ბრძოლის მზაობა

მიუხედავად ყველა გაფრთხილებისა, ნუცამ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა. მას სწამს, რომ ეს ორსულობა მისი სულისა და სხეულისთვის საუკეთესო წამალია და საჭიროების შემთხვევაში, სიმსივნესთან ხელახალი ბრძოლისთვისაც მზად არის.

  • „დიახ, ახლა უკვე მეორედ გავდივარ ამ გზას" - ნატო მეტონიძე მძიმე სენისა და განვლილი გზის შესახებ

„გადავწყვიტე, რომ ეს ბავშვი უნდა გამეჩინა. არავინ მინდა იფიქროს, რომ ექიმების წინააღმდეგ წავედი. ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება, მე უნდა ვატარო ეს ჯვარი, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს. ჩემი ისტორია არ მინდა, ვიღაცისთვის რეკომენდაცია იყოს. მე ასე მჯერა და მწამს, რომ ეს ბავშვი მოვიდა იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე… ამაზე კარგი მკურნალობა არ გამივლია… მივხვდი, რომ ამ ბავშვის დაბადებით ჩემს სულს, გონებას, სხეულს უფრო მეტი სარგებელი ექნებოდა, ვიდრე ზიანი… მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება… იმისიც მჯერა, რომ სიმსივნე აღარ დაბრუნდება… და თუ დაბრუნდება, ამისთვისაც მზად ვარ, რომ ვიბრძოლო…“

nutsa-shamiladze