სისუფთავის შესანარჩუნებლად ქიმიურ საშუალებებს ყოველდღიურად ვიყენებთ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა.
შეიძლება მათი დახმარებით სამზარეულოც და სააბაზანოც მოსუფთავებული გაქვთ, მაგრამ დამეთანხმებით, სასურველია, სისუფთავე საზიანო ქიმიური საშუალებებით არ მივიღოთ. თანაც, როცა ოჯახში პატარა ბავშვები გვყავს. ამიტომ გთავაზობთ 10 საშუალებას, რომლებიც ძვირად ღირებულ საწმენდ საშუალებებს ჩაანაცვლებს.
ძმარი - ძმრიანი ჩვრით ნებისმიერი ზედაპირის გაწმენდა შეგიძლიათ. იგი კარგად აცილების ნადებს. შეგიძლიათ წყალში გაზავებული ძმრიანი ჩვრით ფანჯრები გაწმინდოთ, მასში თეთრეული და სამოსი გაავლოთ.
სოდა - უნივერსალური საწმენდი საშუალებაა, რომელიც ნებისმიერი ზედაპირიდან ნებისმიერ ჭუჭყს აცლის.
ციტრუსების (ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი) კანი - კარგად ათეთრებს და უსიამოვნო სუნსაც უკარგავს სამზარეულოს საჭრელ დაფებს; სხვადასხვა ჭურჭელსა და სამზარეულოს ნიჟარას. ციტრუსების კანი შეგიძლიათ ჰაერის გასაწმენდადაც გამოიყენოთ.
დინდგელი - იდეალურია ავეჯის ზედაპირის გასაახლებლად და იატაკის მოსაპრიალებლად.
წყალბადის ზეჟანგი - გამოიყენეთ დეზინფექციისთვის, სამოსიდან ლაქების, ხოლო სამზარეულოსა და სააბაზანაშო ობის მოსაცილებლად.
სარეცხის საპონი - გამოიყენეთ სარეცხის, განსაკუთრებით, ბავშვის სამოსის გასარეცხად. სხვათა შორის, სამოსზე (განსაკუთრებით, თეთრზე) ოფლისა და დეზოდორანტების ლაქებს მასზე უკეთესად ვერც ერთი ქიმიური საშუალება ვერ აცილებს.
ბორაკი (ბორაქსი, ნატრიუმტეტრაბორატი - ტეტრაბორმჟავა, ნატრიუმის მარილის კრისტალჰიდრატი) - იგი უამრავი სარეცხის საშუალებაში გამოიყენება. შეუდარებელია სხვადასხვა ზედაპირიდან ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაცილებლად. თუმცა, უარყოფითი თვისება ის აქვს, რომ მისი ხმარებისას რეზინის ხელთათმანი უნდა გეცვათ, - აღიზიანებს კანს.
პემზა - ნადებს აცილებს. თუ დაფქვავთ, ხელნაკეთ საპონში შეგიძლიათ შეურიოთ - სკრაბის ეფექტი აქვს.
ეთერზეთი - ევკალიპტის, ლავანდის, წიწვის ეთერზეთები ძვირად ღირებულ საშუალებებზე უკეთესად აქრობს ოთახიდან უსიამოვნო სუნს და შენობის დეზინფექციასაც ატარებს.
მარილი - სოდის მსგავსად, მარილიც ანტიბაქტერიული საშუალებაა. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დეზინფექციის, ისე სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდად.