ნოველები

ლაბირინთი - სახიფათო გადაწყვეტილება თავი 3

ლაბირინთი - სახიფათო გადაწყვეტილება თავი 3
ზუსტად თეოსხელა ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა, რადგან მშობლები არაფერს მაკლებდნენ. მამას ბენზინის ბიზნესი ჰქონდა და უზრუნველად ვცხოვრობდით. ყველაფერი იდეალურად იყო მანამ, სანამ მამა ვიღაცეების ხელისშემშლელ ფაქტორად არ იქცა.
მე, თეო და დედა ბორჯომში ვისვენებდით. შაბათს მამაც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მას თავში ტყვია ესროლეს... თეო ძალიან პატარა იყო იმისთვის, რომ მომხდარი გაეცნობიერებინა. მე კიდევ მეგონა, რომ ჩვენი ცხოვრება დამთავრდა... მამას გარეშე ვერაფერი ვერ წარმომედგინა. ყველაფერი დავკარგეთ. დედამ მუშაობა
დაიწყო, მე თეოზე ზრუნვა...

ერთ რამეს მივხვდი! ეს საშინელება რომ არ მომხდარიყო, ჩემს ცხოვრებაში არ გაჩნდებოდა მიზანი... მე მივხვდი, რომ საშიში ამბების მიღმა ყოველთვის იმალება საინტერესო საიდუმლო...

ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც ბევრი პრობლემა იყო, ძალიან საინტერესოები არიან. თხუთმეტი წლისამ გავაცნობიერე, რომ მამას მკვლელის გამოაშკარავების სურვილი იყო ის ერთადერთი მიზანი, რამაც მაიძულა, ცხოვრება გამეგრძელებინა.

ალბათ ამიტომაც ვმუშაობ "ლაბირინთში", რადგან ჩემი თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია. ალბათ ამიტომ მეხერხება საინტერესო ისტორიების მოფიქრება...

ორშაბათი დილა თათბირით დაიწყო. ფილიპემ კროულის ჩვენი ახალი ფაბულა გააცნო.

- მერი მიდის ქუჩაში და უცბად გამოსახულება ვიბრირებას იწყებს. თეთრი ნათება. გარემო იცვლება. ქუჩა სხვანაირად გამოიყურება. მაღაზიების ნაცვლად რაღაც გაურკვეველი დაწესებულებაა, შავი, გაუმჭვირვალე მინებით. ქვაფენილის ნაცვლად - ასფალტი. სახლებიც სხვანაირია, ქუჩა კი ცარიელი. არც მანქანების ხმა ისმის, არც ადამიანების. თითქოს ქალაქი უცებ დაიცალა...

ქუჩაში სამხედროები დადიან. ქალაქი კარანტინის ზონაშია. ისევ ნათდება და ძველ ქუჩაზე ვბრუნდებით. აი, ასეთი ტიპის გადასვლები იქნება ერთი რეალობიდან - მეორეში.

ფილიპე, როგორც იქნა, ლაპარაკს მორჩა და ყველამ დობროვსკის შევხედეთ. კროული ცოტა ხანი ჩაფიქრებული იჯდა, მერე თავი მაღლა ასწია და შემომხედა.

- დობრა პრაცა, ანნიკა!

- კარგი ნამუშევარიაო... - გადმომიჩურჩულა მაქსმა.

- ჯინკუიე!

კროულის მადლობა პოლონურად გადავუხადე. ქართული მშვენივრად იცის, მაგრამ უყვარს, როცა პოლონურ სიტყვებსაც გამოურევს ხოლმე.

- რამეს ხომ არ დაამატებდი?

მკითხა მან.

- როგორც ფილმა თქვა, მერის დღიურს ფურცლები აკლია და მოთამაშე სხვადასხვა ლოკაციაში პოულობს მათ. ეს ჩანართები მერის დღიურიდან ეკრანზე ნაწერის სახით გაიშლება. ყოველ ახალ ლოკაციაზე იქნება პენტაგრამა და როცა მოთამაშე პოულობს, ავტომატურად შეინახება თამაში. ვფიქრობ, პენტაგრამად ჩვენი კომპანიის ლოგო გამოვიყენოთ... კიდევ, სხვადასხვა ინვენტარით შეიძლება კომბინაციების გაკეთება... როგორც ლოგიკური "კვესტი".

- ლოგოს იდეა მომწონს. თამაში ისეთი უნდა გამოვიდეს, რომ ჩვენი კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცეს. პარალელურ სამყაროში ადგილები განსხვავებული გააკეთეთ და მოთამაშეც ერთგვარ ლაბირინთში მოექცევა. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, "გეიმერი" მერი უნდა იყოს და არა ლეო. ბევრად საინტერესო იქნება... ეს ხაზიც განავითარეთ და ორივე ვარიანტი მაჩვენეთ! ძალიან სერიოზული დამკვეთი გამოჩნდა და შეიძლება ეს პროექტი შევთავაზო. ამიტომ იდეალური უნდა იყოს!

დობროვსკიმ განკარგულებები გასცა. მე და ბიჭები ჩვენს ოთახში დავბრუნდით. ირაკლი კარგ ხასიათზე იყო. პრინციპში, როგორც ყოველთვის. მაქსი ყავაზე წავიდა. მე კიდევ, თავში სულ ის ოხერი ციფრები მიტრიალებდა. საძიებო სისტემაშიც ჩავწერე, მაგრამ არავითარი შედეგი. საკარნავალო კოსტიუმი დღეს, სამსახურის მერე უნდა დამებრუნებინა და ყოველი შემთხვევისთვის, მეკობრის ნიღაბიც ჩავაგდე ზურგჩანთაში.

- დობროვსკიმ, პარალელურად რომანიც განავითარეთო. რას ფიქრობთ ამაზე, ბავშვებო?

- რას ვფიქრობ, ფილ და რამენაირად ლეო და მერი უნდა დავუკავშიროთ ერთმანეთს... მე ვფიქრობ, რომ როცა ლეო დაიწყებს გამოძიებას, ინტერესიც გაუჩნდება. როცა სხვადასხვა ლოკაციაზე პოულობს პენტაგრამას და ამულეტების დახმარებით აკეთებს სწორ კომბინაციებს, ცოტა ხნით ცოცხლდება მერის მოგონებები ამ ადგილებთან დაკავშირებით. ვიდეორგოლებად შეიძლება გავუშვათ ეს მონაკვეთები...

- მერის ალტერნატიული "მე" ვინ მოკლას?

- იმ რეალობაში ხომ კარანტინია გამოცხადებული და ქუჩებში სამხედროები დადიან? შეგვიძლია მეორე მერის პროფესია ლაბორატორიას დავუკავშიროთ, სადაც ვთქვათ, რაღაც ექსპერიმენტს ატარებდნენ და კრახი განიცადეს. ამას მოყვეს ანომალია, რამაც წარმოქმნა პორტალი. ეს კარგად უნდა მოვიფიქრო... მოკლედ, რა მინდა, იცი, ფილ? რომ ეს მერი იძიებდეს თავის სიკვდილს... ალერნატიულ სიკვდილს, ანუ...

- აუ, ძალიან მაგარია! გამომძიებელი ლეო გადაგყავს იმ რეალობაში?

- თავისთავად! ჯერ იდეებს ჩამოვყრი...

მაქსმა ყველას ყავა ჩამოგვირიგა. ირაკლი კი თათბირის მერე ეგრევე თავის კომპიუტერს მიუჯდა. არც ესმოდა, რაზე ვლაპარაკობდით მე და ფილი. კლავიატურაზე გაცხარებული ბეჭდავდა რაღაცას. ისე მივუახლოვდი, რომ ვერც კი შემამჩნია.

- მშვიდობა გაქვს?

- აუჰ... ჩემი სიკვდილი გინდა, გოგო? რა გული გამიხეთქე?

- რას აკეთებ?

- ნახე...

ირაკლიმ "ფეისბუქზე" ვიღაც გოგოს სურათი მაჩვენა.

- ეს ვინ არის?

- ეს ის გოგოა, მიმტანი...

- მოიცა, გაიცანი?

- ჰმ... არა ბიჭო...

ირაკლის სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი.

- კარგი გოგოა!

- მე რას გეუბნებოდი? საღამოს უნდა შევხვდე!

- იმედია, რესტორანში არ დაპატიჟებ!

- რატომ?

როგორც იქნა, მოსწყვიტა თვალი მონიტორს და გაკვირვებულმა შემომხედა.

- რა რატომ? გოგო ისედაც მთელ დღეებს რესტორანში ატარებს. თუ ბედის ირონია გინდა ანახო, მაშინ წაიყვანე...

- აუ, მაგაზე კი არ მიფიქრია... კიდევ კარგი, მითხარი...

- რამე ორიგინალური მოიფიქრე!

- მაგალითად?

- იპოდრომზე წაიყვანე და ცხენებით იკატავეთ. ან ბოულინგი ითამაშეთ. თეატრი, კინო, კარაოკე... რა ვიცი... გიჟდებიან გოგოები ეგეთ რომანტიკულ სიურპრიზებზე, ხო იცი...

- ჯიგარი ხარ, ევა! ისე, შენც არ გაწყენდა პაემანზე წასვლა. კარნავალზე ვიღაცას რომ ელაპარაკებოდი, ვინ იყო?

- ისე გიჟივით გამოვარდა იქიდან. აცდის ეს ვინმეს რამეს?
ჩვენს ლაპარაკში ფილიც ჩაერთო.

- აზრზე არა ვარ, ვინ იყო და საერთოდაც, არ შემიძლია ეს პაემნებზე სიარული და რა გავაკეთო? მიკვირს, რატომ მოგწონთ ასე ძალიან ეს ბანალური რომანტიკულ-სენტიმენტალური რაღაცეები. ფანჯრის წინ სერენადები, ფეიერვერკები და დებილობები...

- იმიტომ, რომ შენგან განსხვავებით, ადამიანებს აქვთ ემოციების განცდა, ევაჩკა...

- სულ დამავიწყდა, რომ არაადამიანი ვარ.
გამეცინა.

- შენ, უბრალოდ, ძალიან ბევრ დროს უთმობ სამსახურს. პირადი ცხოვრებაც საჭიროა! უთხარი, ფელიქს!

- მართალს გეუბნება ირაკლი! ლამაზი ხარ, გამორჩეული გარეგნობა გაქვს, ჭკვიანი ხარ და საინტერესო. მთავარია, კაცებთან მოქცევა დაამუღამო...

- განა არ იცის? უბრალოდ, ახლოს არავის უშვებს!

მაქსმა ერთი თქვა და მიზანში მოახვედრა. თუ ჭკვიანური და სწორი აზრის მოსმენა გინდა, აუცილებლად მაქსს უნდა ჰკითხო. ის ყოველთვის ძალიან რეალურად აფასებს მოვლენებს და ადამიანებს... უცებ ოთახში მტრისამ შემოიხედა.

- ევა, დობროვსკი გიბარებს!

- რა? ამწუთას არ გამოვედით სათათბიროდან?

- იქ არა, თავის კაბინეტში... ეტყობა, რაღაცის თქმა დაავიწყდა ან ცალკე უნდა, რომ დაგელაპარაკოს!

მხრები ავიჩეჩე და კროულის კაბინეტისკენ გავემართე. მის კაბინეტს ორი კარი აქვს. სხვადასხვა ადგილზე კი არა, ერთად! ჯერ ერთი კარი უნდა გააღო, მერე მეორე. მისაღებში კი მტრისას მაგიდა დგას და წინასწარ ატყობინებს, ვინ აპირებს მასთან შესვლას. კროულის კაბინეტი მართკუთხედი ფორმისაა, ვიწრო და ძალიან გრძელი. სანამ მის მაგიდამდე მიხვალ, ვირი ხეზე დაიწყებს სეირნობას... მის კაბინეტში სულ ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი და ვფიქრობ, რომ ეს ორი კარი და მისი მაგიდის მდებარეობა შემთხვევითი არ უნდა იყოს. აბა, რაში სჭირდება ორი კარი კომპიუტერული თამაშების კომპანიის დირექტორს? ან ბუნებით მშიშარაა, ან მართლა აქვს მიზეზი, რაღაცის ან ვიღაცის ეშინოდეს...

მტრისამ ორივე კარი შეაღო და შიგნით შეიხედა. როგორც ჩანს, კროულიმ რაღაც ანიშნა, რადგან იმავე წამს გამობრუნდა.

- ტელეფონზე ლაპარაკობს და დაელოდე ცოტა ხანი. მე ყავას მოვიტან და მოვალ ახლავე!

მე მისაღებში დავრჩი. კროულის კაბინეტის ორივე კარი ოდნავ შეღებული იყო. მის კაბინეტს რაღაცნაირი აკუსტიკა აქვს. მისაღებში დობროვსკის ლაპარაკი ისმოდა. კართან მაქსიმალურად ახლოს დავდექი და მივაყურადე. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ გავაკეთე, როცა დედას გამომძიებელი ელაპარაკებოდა მამას საქმესთან დაკავშირებით... ამჯერადაც ცდუნებამ მძლია.

- არანაირად არ მაწყობს პორტალთან დამაკავშირონ. არ მჭირდება მუდმივი ბარათი! თუ რამეა, ერთჯერადით ვისარგებლებ... ჰო, შენ ეგრე უთხარი და კიდევ, ჯერ ნურაფერს ჩარიცხავთ, ვერ გავაპრავებ! მე თვითონ გეტყვით, როდის... შენ თვითონაც ხომ ხვდები, რა მოხდება, კუდზე რომ დამაჯდნენ ეგენი? კარგი... თუ რამეა, მარტო ამ ნომერზე დამირეკე!

ხმა შეწყდა. მე კარს მოვშორდი და მისაღებში გავიარ-გამოვიარე. მტრისას მაგიდიდან ზარის ხმა გაისმა.

- ვაიმე, ბევრჯერ დარეკა?

ნატა შეშფოთებული სახით მოვარდა მაგიდასთან. კინაღამ მდუღარე ყავა გადაისხა.

- არა, ამ წუთას დარეკა.

- გისმენთ, ბ-ნო აბრამ.

- შემოვიდეს!

კროულის მოგუდული ხმა მიკროფონიდან გაისმა. კაბინეტში შევედი. დობროვსკი ფანჯარასთან იდგა, ხელები ზურგსუკან დაეწყო და ფანჯარაში იყურებოდა.

- რამე გნებავდათ, ბატონო აბრამ?

ვკითხე და მის უზარმაზარ მაგიდასთან ავიტუზე. ისიც შემობრუნდა, ხელით მაგიდის წინ მდგარ სკამებზე მიმანიშნა და თვითონაც დაჯდა.

- ძალიან კონფიდენციალურ საკითხზე მინდა დაგელაპარაკო და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ შორის დარჩება!

- რა თქმა უნდა!

ცოტა დავიძაბე.

- ერთმა ძალიან გავლენიანმა პიროვნებამ მთხოვა, სცენარისტი შემახვედრეო. მოკლედ, შენთან გასაუბრება უნდა. ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან კონფიდენციალურია და ნურავის ნურაფერს ეტყვი ჯერ... ბიჭებს ვგულისხმობ.

- და რას ითხოვს ის პიროვნება?

- ზუსტად მეც არ ვიცი. რაღაც სცენარი უნდა. ისეთი სტილის, როგორებსაც შენ წერ თამაშებისთვის...

- და საიდან გაიგო, რას ვწერ? ჩვენი თამაშები ხომ საზღვარგარეთ იყიდება?

- ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ყველაფრის საქმის კურსშია. იცის, რა ხაზითაც ვმუშაობთ. კარნავალზეც იყო, პრომოსაც უყურა. სწორედ მაშინ ვისაუბრეთ... მოკლედ, აუცილებლად უნდა შეხვდე!

- კარგით, რა პრობლემაა?.. შევხვდები... თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა საჭიროა ასეთი გასაიდუმლოება. - გავიღიმე.

- მაგას მაშინ მიხვდები, როცა შეხვდები...

- როდის და სად უნდა შევხვდე?

- გეტყვი! ყველაფერს გეტყვი... ჯერ არ ვიცი. უბრალოდ, საქმის კურსში ჩაგაყენე.

უცებ კროულის მობილურმა დაურეკა. ისიც ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, რომ ეპასუხა. მეც დავაპირე ადგომა, მაგრამ უცებ მაგიდის ფეხთან პატარა ურნას მოვკარი თვალი, რომელშიც დაკუჭულ ქაღალდებთან ერთად, სავიზიტო ბარათიც ეგდო. ნებისმიერი გამომძიებელი, რომელიც რაღაცას ეძებს, აუცილებლად ამოწმებს ნაგვის ურნას. მეც დავიხარე, ვითომ თასმას ვიკრავდი და ურნიდან სავიზიტო ბარათი ამოვიღე. ასე კი იმიტომ მოვიქეცი, რომ ბარათზე ლურჯი ოვალური ლოგო და წარწერა - "პორტალი" ეწერა. კროულიმ კი იმ სატელეფონო საუბარში რაღაც პორტალი ახსენა...

დობროვსკი ტელეფონზე ლაპარაკს მალე მორჩა და ჩემკენ შემობრუნდა. მეც ფეხზე ავდექი.

- ანიკა, მოკლედ, როგორც შევთანხმდით... ბიჭებს ნურაფერს ეტყვი!

- გასაგებია!

მისი კაბინეტიდან გამოვედი და ჩემს ოთახში დავბრუნდი.

- რა უნდოდა?

მკითხა ფელიქსმა.

- არაფერი. სცენარზე მითხრა რაღაც... წერის დროს რომ გავითვალისწინო. მნიშვნელოვანი არაფერი.

ჩემს მაგიდასთან დავჯექი და ჟაკეტის სახელოდან დამალული სავიზიტო ბარათი გამოვიღე. როგორც ჩანს, შევცდი, რადგან სავიზიტო ბარათის ნაცვლად რაღაც ბილეთი აღმოჩნდა... თანაც, ორი ცალი... ერთმანეთზე იყო გადაბმული და გადაკეცილი. ბილეთები გავაცალკევე და ორივე მხრიდან დავაკვირდი.

მხოლოდ კლუბი "პორტალი", დღევანდელი თარიღი, დრო და მისამართი ეწერა. საძიებო სისტემაში მაშინვე ჩავწერე კლუბის სახელი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. გამიკვირდა, რადგან კლუბი, როგორც ჩანს, მოქმედია და თან ლოგოც აქვს...
კროულის სიტყვები გავიხსენე:

- "არანაირად არ მაწყობს, რომ პორტალთან დამაკავშირონ. უთხარი ამომშალოს..." - ალბათ, ეს კლუბი იგულისხმა. საინტერესოა, რატომ არ უნდა, რომ დააკავშირონ? რა ხდება იმ კლუბში?.. " ნურაფერს ჩარიცხავთ, ვერ გავაპრავებო", - აშკარად რაღაც შარში გაეხვა. ძალიან არ მინდა, რომ მეც აღმოვჩნდე რამენაირად გარეული კროულის მაქინაციებში. არც მე და არც ბიჭები... აშკარად რაღაცის ეშინია! "კუდზე რომ დამაჯდნენო..." - ეს რას ნიშნავს? ვინ უნდა დააჯდეს კუდზე? ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი...

ჩემი ხასიათი რომ ვიცი, ვერასოდეს ვაპატიებდი თავს, ეს რაღაც კლუბი "პორტალი" რომ არ მენახა. ამიტომ ერთი იდეა მომივიდა და ფილიპეს დავუძახე.

- ფილ!

- გისმენ, სტაფილო...

- ერთი წუთით მოდი რა! კლუბი "პორტალი" გაგიგია?

- ნწ, რა კლუბია?

- ორი მოსაწვევი მაქვს და წავიდეთ რაა დღეს...

ფილმა გაკვირვებისგან პირი დააღო.

- მეპატიჟები? და რასთან დაკავშირებით? მეგონა, არ დადიოდი კლუბებში...

- არც დავდივარ! მოსაწვევები მაჩუქეს და მენანება გაფუჭება. უბრალოდ, მარტო ვერ წავალ... მაინც კლუბია რა! ხოდა, როგორც მეგობარს, ისე გეპატიჟები...

- რატომაც არა? სიამოვნებით წამოვალ!

- ოღონდ ბიჭებს არ უთხრა რა, თორე დამცინებენ... ირაკლი განსაკუთრებით! მაგის ყბიდან ვეღარ ამოვალ...

- ბაზარი არაა! რომელზე გამოგიარო?

- ასე, თერთმეტისთვის...

მაქსი მერის პერსონაჟს ხატავდა და ჩვენთვის არ ეცალა. ირაკლის ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას ამუშავებდა. ასე რომ, არავის არაფერი გაუგია. სიმართლე გითხრათ, ცოტათი დანაშაულის შეგრძნება გამიჩნდა, ფელიქსს სიმართლე რომ დავუმალე. არადა, ეს ამბავი რომ გასკდეს, არც ერთს არ დაგვადგება კარგი დღე... იმედი მაქვს, კროული ნაგვის ურნას არ გაქექავს...

საღამოს მე, ფილი და ირაკლი ერთად გამოვედით სამსახურიდან. მაქსი ოფისში დარჩა. ბიჭები თავიანთი მანქანებით წავიდნენ. მე მოტოთი ვიყავი. ჯერ საკარნავალო კოსტიუმების გაქირავების სააგენტოში შევიარე. ბეწვზე მივუსწარი. ჩემს ნაცნობ ბიჭს უკვე ქურთუკი ჩაეცვა და დაკეტვას აპირებდა.

- კმაყოფილი ხართ არჩევანით?

- კი... პრინციპში, დიდხანს არც დავრჩენილვარ კარნავალზე... რაღაც მინდა გაჩვენო!

ჩანთიდან მეკობრის ნიღაბი ამოვიღე და გავუწოდე.

- ეს ვიღაცამ დაკარგა და სავარაუდოდ, კოსტიუმის დეტალია. ნახე, ზედ რაღაც ასოები წერია. შემთხვევით ხომ არ იცი, რას შეიძლება ნიშნავდეს?

ბიჭმა ციფრებს დახედა.

- მოიცადე...

მაგიდასთან მივიდა და კომპიუტერი ჩართო.

- ყველა ფორმას თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს. ბაზაში ამ ნომრებით გვაქვს შეყვანილი. სერია მგონი ჩვენია... ახლავე გავიგებ, ფორმა აქ იქირავეს თუ არა...

პასუხის მოლოდინში დავიძაბე.

- მეკობრის ნიღაბია და ჩვენგანაა გატანილი. კარგია, რომ მოიტანეთ!

- შეგიძლია ნახო, ვინ იქირავა ეგ ფორმა?

ბიჭმა ეჭვით შემომხედა.

- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა...

- ვიცი! არავის არაფერს ვეტყვი, გპირდები!

ბიჭი ცოტა ხანს ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა, ბოლოს ისევ მონიტორს მიაჩერდა.

- უფროსობამ რომ გაიგოს, სამსახურს დავკარგავ...

- ვერავინ ვერაფერს გაიგებს, შენ თუ არ ეტყვი!

როგორც იქნა, დავითანხმე და ძლივს ამოღერღა სახელი:

- ლევან... ერთი წუთით...

აქ პაუზა გააკეთა.

- ლევან გიორგაძე?

ვერ მოვითმინე და უნებლიეთ აღმომხდა.

- არა, კალანდაძე... ლევან კალანდაძე!

- კალანდაძე? გიორგაძე ხომ არ წერია? კარგად ნახე!

- არა, ლევან კალანდაძე წერია! ეს სახელი რამეს გეუბნებათ?

- არა... საერთოდ არაფერს... მეგონა, ვიცნობდი ამ კოსტიუმის პატრონს. კარგი, დიდი მადლობა!

- არაფრის, ნახვამდის...

მაღაზიიდან რომ გამოვედი, თავი უცნაურად ვიგრძენი. საკუთარმა საქციელმა გამაკვირვა. იმან კი არა, რომ მეკობრის ვინაობით დავინტერესდი... უფრო იმან, რატომ ვიფიქრე, რომ მილიონერი ლევან გიორგაძე მეკობრის კოსტიუმში გამოწყობილი მაინცდამაინც ჩემ გაცნობას მოისურვებდა? მეორე მხრივ, ისიც ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ლევან კალანდაძე. ხვალ აუცილებლად ვკითხავ მტრისას. სტუმრების სია მას ჰქონდა და ზეპირადაც გადასარევად იცის კროულის მთელი სანაცნობო.

უცებ გამახსენდა, რომ კაბა არ მქონდა და პირველივე შემხვედრ მაღაზიაში შევედი. კონსულტანტი გოგო დაღლილი სახით წამოდგა. ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა სამუშაო დღე.

ვერცხლისფერი ბრჭყვიალა ბისერებით გაწყობილი მოკლე კაბა ვიყიდე და სახლში წავედი.

დედაჩემი და ჩემი და შინ არ დამხვდნენ. დედას მამიდაშვილის დაბადების დღეზე იყვნენ წასულები. მაცივარზე, მაგნიტის ქვეშ წერილი დამხვდა. მეც მივაწერე, რომ სახლში გვიან დავბრუნდებოდი და არ ენერვიულათ.

დედა თვრამეტი წლის იყო, მე რომ გავუჩნდი. ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. თავისუფლად გამზარდა. ერთადერთი, რაზეც სულ მეჩხუბება, ჩემი ჩაცმის სტილია. ამ კაბაში რომ დამინახავს, ალბათ შოკში ჩავარდება!

თერთმეტ საათამდე შხაპის მიღებაც მოვასწარი. თმას იშვიათად ვიშლი, მაგრამ ამჯერად გამონაკლისი დავუშვი. ცოტა მაკიაჟიც გავიკეთე და საკუთარ თავს სარკეში კარგად დავაკვირდი. ასეთ სტილში რომ ვიცვამდე, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი მეყოლებოდა.

ფილიპე პუნქტუალურად მოვიდა. ქურთუკი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. მისი რეაქცია დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც მე წარმოვიდგინე. ასეთ გარდასახვას არ ელოდა...

კლუბი ძალიან მოულოდნელ ადგილას აღმოჩნდა. გარეუბანში, ერთი უსახური, დიდი და გამოცარიელებული შენობის ნულ სართულზე. ძლივს მივაგენით. ერთი ბანერიც კი არ შეგვიმჩნევია არსად, რაც ძალიან უცნაურია... კლუბს რომ რეკლამა არ სჭირდება, უკვე ძალიან საინტერესოა ჩემთვის...

შენობაში, სადაც კლუბი იყო განთავსებული, ძველად ალბათ რაღაც საწარმო თუ ქარხანა იყო, რადგან დიდი დანადგარის კარკასები იყო შემორჩენილი ალაგ-ალაგ. ბევრი ბოდიალის მერე მივხვდით, რომ ნულ სართულზე უნდა ჩავსულიყავით...

კლუბის შესასვლელი კარი ბუნკერის ჰერმეტულ კარს ჰგავდა. ზემოთ სათვალთვალო კამერა ეყენა. ზარი დავრეკეთ. კარი დაცვამ გაგვიღო, რომელსაც ლურჯი უნიფორმა ეცვა, მკერდზე პორტალის ლოგოთი. ფეხი შევდგი თუ არა, მაშინვე გავაცნობიერე, რომ ძალიან უჩვეულო ადგილას მოვხვდი...

გაგრძელება იქნება

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - ვიზუალური რომანი (ეპიზოდი I)

ლაბირინთი - "მირაჟის" მოჩვენება (ეპიზოდი II)
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 10 /
იასამანი
თეა ძაან მაგარი ხარ, Trickster-ის ფინალი მაინტერესებს და რამე მოგვიხერხე რა
14:38 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯუზეპე
ორმაგი კარი შემთხვევით არ იქნებოდა ღია. სავარაუდოდ უფროსმა სპეციალურად გაუშვა ევა მაგ კლუბში. :)
15:03 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93