გიგის მოსვლამდე საწოლზე იყო მისვენებული და კედელს მისჩერებოდა თვალებგაშტერებული. არ უტირია, არ უნდოდა, მამაკაცს მისი უსუსურობა დაენახა. არა, რადაც უნდა დაუჯდეს, უნდა აიძულოს, რომ ბოლომდე მოუსმინოს. მან უნდა გაიგოს სიმართლე. ცრუ ბრალდებას ვერ აიტანს. უნდა დააჯეროს გიგი, რომ გონებაშიც არ გაუვლია მისი მოტყუება.
ღმერთო, ეს რა დღეში ჩავარდა! ახლა ახვლედიანის ვალი მართებს! მას როგორღა დაუბრუნოს კუთვნილი ფული? ამისთვის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს: სთხოვოს, კაზინოში დააწყებინოს მუშაობა - მიმტანად, მდივნად, თეთრეულის მრეცხავად, მოსამსახურედ... იგი ნებისმიერ სამუშაოზე თანახმაა. სულერთია, ოღონდ კი ხელფასი მიიღოს. რასაც გადაუხდიან, მთლიანად მას მისცემს და როცა იქნება, ხომ დაფარავს? იქნებ მერე და მერე უფრო მიხვდეს ახვლედიანი, რომ ნიას ქვენა გრძნობები არ ამოძრავებდა მის მიმართ...
რვა დაწყებული იყო, გიგი რომ დაბრუნდა. ნია დაფეთებული წამოხტა საწოლიდან.
- რა ადრე მოხვედი, მე ჯერ კიდევ არ ვარ მზად, იცი? - გაუბედავად წარმოთქვა, თან ცდილობდა, ბუნებრივად გამოსვლოდა, თითქოს დილით უსიამოვნო საუბარი არ ჰქონოდათ.
- შენ ჩემთვის ყოველთვის მზად იქნები, პატარა ნია, - ირონიულად წამოისროლა მამაკაცმა.
გოგონა შეიშმუშნა და ნაძალადევი ღიმილი მიაგება მის სიტყვებს, თან ცდილობდა, გამოეცნო, როგორ ხასიათზე დაბრუნდა მისი საყვარელი ადამიანი.
მას შემდეგ, რაც მოხდა, გიგი სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე. მთელი დღე ოფისში გაატარა და ადგილს ვერ პოულობდა, წამითაც ვერ მოახერხა, დაევიწყებინა მომხდარი. უნდოდა, რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო და ამაზე ფიქრით თავი გაუსკდა. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გამოსავალიც იპოვა.
მას ბევრი დაუჯდა ნია. ვალი ხომ გადაუხადა და გადაუხადა, მაგრამ ამის გარდა, სხვა რამეშიც უამრავი თანხა დაახარჯა. ხომ უნდა აინაზღაუროს რაღაცით? ჰოდა, აინაზღაურებს კიდეც.
როგორ შეცდა, როგორ! ნიამ მისი ოცნებები დაამსხვრია! ის თურმე არაფრით განსხვავდება იმ მერკანტილური ქალებისგან, მის გარშემო რომ დაძრწიან მშიერი ძაღლებივით! დრომ აჩვენა, რომ ასეა. ამის გაფიქრებაზე გულში ჩხვლეტა იგრძნო. როგორ უნდოდა, გაბრაზებულიყო მასზე, შეზიზღებოდა ეს პატარა, მატყურა არსება, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა...
ნიას მიმართ გიგი სულ სხვა რამეს განიცდიდა. სწორედ ამას გამოჰყავდა წონასწორობიდან. ცდილობდა, სახიფათო აზრები გონებიდან ამოეგდო. არა, ეს გოგონა მას მხოლოდ გასართობად სჭირდება. მორჩა და გათავდა!
***
საღამომ მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. ირაკლი სამხარაძე გიგის მეგობარი იყო, ბიზნესმენი, კარგი თამადა და არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი. ეხერხებოდა სტუმრების მოლხენა. სუფრასთან რჩეული საზოგადოება შეკრებილიყო - საქმიანი ადამიანები, თბილისური ელიტა! ძვირფასი სამკაულებით დახუნძლული ქალები და მათი სქელჯიბიანი ქმრები - ნიას გულს ურევდა ეს სანახაობა. არადა, ყველა ისე თბილად ექცეოდა... რაც მართალია, მართალია, გოგონა ბრწყინავდა თავისი სილამაზით, ღიმილით, გამოხედვით... და საოცარი ის გახლდათ, რომ არავის აღიზიანებდა ეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო გიგის მეუღლე. მისგან მხოლოდ თბილი ღიმილი იყო საჭირო, თავდაჭერილი საუბარი და ცოტა დალევა, მეტი არაფერი. ადრე ახვლედიანი სიამაყით იღერებდა ყელს, როცა ნიასთან ერთად ასეთ საზოგადოებაში გამოჩნდებოდა. დღეს კი... დღეს რაღაც ისე ვერ იყო, როგორც ადრე...
ნიამ შეამჩნია, რომ გიგი ამ საღამოს იმაზე მეტს სვამდა, ვიდრე სხვა დროს, თან ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდა - წითელ ღვინოს, თეთრს, კონიაკს, შამპანურს... გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც გოგონას ეს. ეგონა, რომ სასმელი მამაკაცს განტვირთვაში დაეხმარებოდა, დაძაბულობას მოუხსნიდა და უფრო გაუადვილდებოდა მასთან დალაპარაკება...
სტუმრები გვიან ღამით დაიშალნენ. გიგიმ სასტუმროში წაიყვანა ნია.
- შენ ადი მაღლა, მე ცოტას გავივლი, - სუსხიანი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა და პასუხს არ დალოდებია, ისე გაუჩინარდა.
ნიამ ამოიოხრა და კიბეს დაღლილი ნაბიჯებით აუყვა...
გიგი ზუსტად ერთი საათის მერე დაბრუნდა. კიმონოში გამოწობილი გოგონა აივანზე გასულიყო და ღამის სიბნელეს ნაღვლიანად გაჰყურებდა.
ნიამ გაიგონა, როგორ გაიღო და დაიხურა ოთახის კარი. ცოტა ხანიც და მამაკაცი ვისკით სავსე ჭიქით ხელში გამოჩნდა. იგი აივნის კედელს მიეყრდნო და დიდხანს, ძალიან დიდხანს უსიტყვოდ შეჰყურებდა. ნია არ შერხეულა.
- დროა, დავწვეთ, - თქვა მამაკაცმა.
ქალმა ნერწყვი გადააგორა.
- გიგი... უნდა დაგელაპარაკო. თავადაც იცი, რომ ეს აუცილებელია.
- მართლა? შეიძლება გკითხო, რაზე? - მის ხმაში დაღლილობა იგრძნობოდა.
- ფულზე, - მოკლედ მოჭრა ნიამ. მისთვის მტკივნეული იყო ამ სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა, უნდა წამოეწყო ეს არასასიამოვნო საუბარი, - ვიცი, რომ გაგულისებული ხარ ჩემზე, თუმცა ამის მიზეზი ნამდვილად არ გაქვს.
გიგიმ ვისკი მოსვა, თან თვალი არ მოუშორებია გოგონასთვის.
- სულაც არ ვარ გაგულისებული! - გულგრილობაც შეინიშნებოდა მის ტონში.
ნიამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
- ძალიან გთხოვ, ასე ნუ მელაპარაკები. საქმე ისე არ არის, შენ რომ გგონია, - თქვა და იგრძნო, როგორ დაენამა თვალები ცრემლით.
როგორ არ უნდოდა ახლა ეტირა, არაფრით არ უნდოდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა...
მამაკაცი იმავე პოზაში დარჩა, შიგადაშიგ ვისკის თუ მოსვამდა მხოლოდ.
- ცრემლები არ გინდა, რა! - აგდებით წარმოთქვა ბოლოს, - მაგ ცრემლებმა ერთხელ უკვე გამაპამპულეს და საკმარისია! მეტჯერ ვეღარ გამასულელებ. ასე რომ, ეგ ილეთი სხვისთვის შეინახე, გამოგადგება! შევთანხმდით? - მის ხმაში არც გაღიზიანება იგრძნობოდა, არც რისხვა, მხოლოდ გულგრილობა გამოსჭვიოდა, - ამიტომაც შეიშრე ეგ ცრემლი და ჩაწექი ლოგინში!
- გიგი... გთხოვ...
- მორჩი ტირადას. ეს არაფერს მოგცემს. ჩვენ კარგად ვართ ერთად. არაფერი შეიცვლება იმით, რომ მე შენი ვალის შესახებ გავიგე და არც იმით, ის ფული ჩემი გადასახდელი რომ შეიქნა. ამის გამო შენ მიტოვებას არ ვაპირებ. ჩემთვის ეს თანხა კაპიკის ტოლფასია, შენც ხომ იცი. შეგიძლია აღარ იფიქრო ამაზე! და საერთოდ, ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს თემა, სალაპარაკოდაც არ ღირს.
ნიამ დაეჭვებით გახედა, დილანდელი საუბრის შემდეგ მისი სიტყვები ძნელი დასაჯერებელი იყო. არა, ამ კაცმა ვერ შეძლო, მის სულს ჩაწვდომოდა. მან უკვე განსაზღვრა, რა ურთიერთობაც უნდა ჰქონოდა მასთან და ტყუილი იმედია, რომ გადაწყვეტილებას ოდესმე შეცვლის. აზრი არა აქვს არაფრის ახსნას, სულერთია, მაინც ვერ დააჯერებს თავის სიმართლეში, უფრო მეტიც, აღარც კი მოუსმენს.
რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ადგომა და წასვლაა, ყველაფერზე უარის თქმა, მაგრამ საიდან მოიპოვოს ნიამ ძალა, რომ საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა გიგისთან? თუმცა, მეორე გზაც არსებობს - დარჩეს და გაუძლოს ამ გამოცდას. იქნებ მართლა ჯობია, დახურონ ეს თემა და აღარასდროს ილაპარაკონ მომხდარზე? გავიდეს ცოტა დრო. გიგის სიბრაზე გადაუვლის, დამშვიდდება. იქნებ მალევე გადაავიწყდეს ყველაფერი და ძველებურად გაგრძელდეს მათი რომანი? მერე უფრო მოეცემა საშუალება, იმართლოს თავი და მშვიდ სიტუაციაში უთხრას თავისი სათქმელი.
- შედი და წყალი გადაივლე, სანამ დაწვები! - ზიზღი და ბრძანება ერთდროულად გაჟღერდა მამაკაცის ხმაში.
- ეს წუთია, აბაზანიდან გამოვედი, - მხრებში მოიკუნტა ქალი.
- მერე რა, კიდევ გადაივლე!
ნიამ გაოცებით შეხედა. სადღა იყო ის ძველი გიგი, სიყვარულით ანთებული თვალებით რომ შესცქეროდა ხოლმე დაწოლის წინ, მისი სხეულის ყველა ნაწილს ვნებააშლილი ხარბად რომ შეათვალიერებდა...
დაძაბულობამ თანდათან იმატა. გოგონა ხვდებოდა, როგორი ქალის როლის თამაშიც მოუწევდა ამ წუთიდან, თუკი ამაზე დათანხმდებოდა. რა თქმა უნდა, აქამდეც მორჩილად ასრულებდა გიგის ნებისმიერ ახირებას თუ სურვილს, მაგრამ არა ასე მოთხოვნით ნათქვამს. მეძავი ხომ არ არის, ასე რომ მიმართავს? რა უფლებით? იმიტომ, რომ ფული გადაუხადა? თვითონ არ თქვა, ეს თანხა ჩემთვის არაფერიაო? მართალიც არის, მისნაირი მდიდარი კაცისთვის სამი ათასი ევრო რა ფულია? ამის გამო ასეთი ამბავი უნდა აუტეხოს? სამი ათასს დღეში ხარჯავს ხოლმე თავისი სიამოვნებისთვის... არა, ნია ვერ აიტანს მისგან ასეთ რამეს. ურჩევნია, ამწუთას დაამთავროს ყველაფერი, ვიდრე ცხოვრება ჯოჯოხეთად იქციოს და ისე მოექცნენ, როგორც ქუჩის ქალს.
- უკვე გადავივლე-მეთქი, რა ახირებაა?! შეწყვიტე ეს მასკარადი! - მკაცრად თქვა და კოპები შეკრა.
- აქ ბრძანებებს მე ვიძლევი, პატარავ. ამის სრული უფლება მოვიპოვე რამდენიმე საათის წინ. ამიტომ გააკეთე, რასაც გეუბნები!
- არა! - ჯიუტად წამოიძახა ნიამ.
გიგის ველური ცხოველივით აენთო თვალები, თითქოს მსხვერპლი შეამჩნია და თავდასხმას უპირებსო.
- ცდები, ლამაზო. ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მოვისურვებ. ამწუთას კი მსურს, წყალი გადაივლო და ლოგინში ჩაწვე.
ნიამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- მე "არა" უკვე ვთქვი, გიგი, - ძალიან ხმადაბლა, მაგრამ ხაზგასმით წარმოთქვა.
- შენი პასუხი მხოლოდ "ჰოს" უნდა მოიცავდეს, პატარა ქალო. ეს ერთადერთი სიტყვაა, რომლის მოსმენაც შენგან მსურს. თავად გამოუტანე შენს თავს ეს განაჩენი.
- რატომ მამცირებ ასე, რა დავაშავე? სამი ათასის გულისთვის ღირს კი?
- არ ღირს? სამი ათასის გულისთვის შენ მეტი იკადრე, ვიდრე მე ვკადრულობ ახლა.
- ცდები, წარმოდგენაც არ გაქვს, რაზე ლაპარაკობ! - ნიას ძარღვები დაებერა ყელზე, ხმა გაუწვრილდა.
- შენ ასე გგონია? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ახლა ჩემი ვალი გმართებს? - გამჭოლი მზერა ესროლა გიგიმ და ცივად გაიღიმა.
- ის, რომ ვიღაცის ვალი მმართებს, არ ნიშნავს, თითქოს დამნაშავე ვიყო. სულაც არ მინდოდა, გაგეგო ეს ამბავი. არც ის მიფიქრია, ოდესმე მომეყოლა და ფული შენთვის გადამეხდევინებინა. ჩემი ბრალი არ არის, ასე რომ მოხდა. შენთვის არასდროს ერთი თეთრიც არ მითხოვია, ეს არ დაგავიწყდეს! ასეთი ურთიერთობა არ მინდა!
- კარგი, არ გინდა, ნუ გინდა! - გიგიმ თვალები მოწკურა, - მაშინ წადი, ახლავე! წადი და ეცადე, სხვა მდიდარი საყვარელი იშოვო. ჩემ გვერდით ყოფნის პერიოდში ასეთი ბევრი გაიცანი, ყველას მოსწონხარ... ასე რომ, არ გაგიჭირდება... ერთი ღიმილიც საკმარისია მათი გულის მოსანადირებლად. ან მაკასთან დაბრუნდი, ერთად უკეთ იმუშავებთ!
მისი ყოველი სიტყვა ეკალივით ესობოდა ნიას გულში. შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. სასომიხდილმა თვალები დახუჭა, რათა დამშვიდებულიყო და წონასწორობა არ დაეკარგა.
ერთხანს არც ერთს ხმა არ ამოუღია. მერე ოდნავ შეირხა, თვალები გაახილა და ჯიქურ მიაჩერდა ახვლედიანს.
- მე შენ არ მოგცემ იმის უფლებას, შენთან გატარებული არაჩვეულებრივი დღეები ჩამიშხამო. ეს იყო საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე მქონია ცხოვრებაში. ჩემს ვალებზე არაფერს გეუბნებოდი იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო. ვიცოდი, რომ ეს რომანი დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ამიტომაც არ ჩაგაყენე საქმის კურსში. თავიდანვე ვიცოდი ეს და სხვა, უფრო მეტის მოლოდინი არც მქონია. თუ მართლა გგონია, რომ ეს თვეები შენი სქელი საფულის გამო გავატარე შენ გვერდით, მწარედ ცდები. შენი ფული არაფერში მჭირდება. თუმცა, შენი ნებაა, რას იფიქრებ, - ასე თავდაჯერებით ნიას არასდროს ულაპარაკია.
მოახერხა კი მისი დარწმუნება? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, რადგან მამაკაცის გამოხედვა უემოციოდ რჩებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა.
- კარგია, - თქვა ბოლოს გიგიმ, - უბრალოდ, ჩინებულია. ძალიან დამაჯერებლად ილაპარაკე.
ნიას მისმა ტონმა გული მოუკლა. არა, ვერაფერიც ვერ გაიგო. ტყუილად ილაქლაქა ამდენი, გიგიმ ერთი სიტყვაც არ დაიჯერა მისი.
- მაგრამ შენ თავიდანვე ძალიან დამაჯერებლად იქცეოდი, ძალზე ოსტატურად თამაშობდი შენს როლს. არასდროს არაფერს მთხოვდი. ყველანაირად ცდილობდი დაგერწმუნებინე, რომ არ ჰგავდი სხვა ქალებს, ფულის ტომარაზე მონადირე ძუკნებს. მაგრამ ერთი მითხარი, რას იზამდი, დევიძე შენ რომ მოგდგომოდა აქ ფულის დასაბრუნებლად? რა სულისშემძვრელ ისტორიას შეთხზავდი თავის დასაძვრენად? ან კი როგორ აპირებდი ამხელა თანხის გადახდას შენი გროშებით? რამდენი წელი უნდა გეგროვებინა ფული, რომ ვალი გაგესტუმრებინა? ან კი, როგორ მოგივიდა ამხელა თანხის სესხება თავში აზრად შენი ასორმოცდაათლარიანი ხელფასით? იქნებ შენმა ყოფილმა საყვარელმა მიგაჩვია ხელგაშლილ ცხოვრებას და გემო გაუგე? ასეთი რამეების გამო ხომ არ მიგატოვა? მასაც ახდევინებდი ვალებს? ასე იყო, არა? მითხარი, რატომ დამუნჯდი!.. იმიტომ, რომ სათქმელი არ გაქვს. ჰოდა, ახლა კეთილი ინებე და გააკეთე ის, რასაც ვითხოვ. მე შენში ფული მაქვს გადახდილი, სხვათა შორის.
მამაკაცის შეუბრალებელმა გამოხედვამ ნიას ბოლო იმედიც გამოაცალა ხელიდან. მას უკვე აღარ შეეძლო მეტის მოთმენა, ამიტომ გატრიალდა და პირდაპირ გარდერობს მიადგა. გიგი ცნობისმოყვარედ ადევნებდა თვალს. გოგონამ კარი გამოაღო და სწრაფად რაღაცის ძებნას შეუდგა. უცებ გაჩერდა, იპოვა, რასაც ეძებდა... წითელი ფეხსაცმელი ქვედა თაროზე იდო...
- საინტერესოა, რას აკეთებ? - გიგიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ.
- მივდივარ!
- რა-ა? რას აკეთებ?
- მივდივარ, გიგი და მხოლოდ ამ ფეხსაცმელს წავიღებ, შენი სხვა არაფერი მინდა! - მტკიცედ გაისმა მისი ხმა.
- არსადაც არ წახვალ! - იყვირა ახვლედიანმა, ქალს მიეჭრა და მაჯაში ჩაავლო ხელი.
ნიამ ზიზღით მოხედა და დემონსტრაციული ჟესტით გაითავისუფლა მაჯა.
- ხელი არ მახლო! გესმის, არ მომეკარო, იცოდე! - კბილებში გამოსცრა, ფეხსაცმელს ხელი დაავლო და კარისკენ დაიძრა.
- ჩემს ვალს რას უშვრები მერე? - დაცინვით მიაძახა მამაკაცმა.
- ნელ-ნელა გამოგიგზავნი. ყოველთვიურად, ჩემი ხელფასიდან გადმოგირიცხავ პირად ანგარიშზე. მინდოდა, შენთვის მეთხოვა სამსახური აქ, სასტუმროში ან კაზინოში, მაგრამ ახლა... - ნიას წინადადება შუაზე გაუწყდა, კიდევ ერთი სიტყვა და აღრიალდებოდა.
ამასთან, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, რომელიც უფრო და უფრო უძლიერდებოდა.
ის იყო, კარის სახელური ჩამოსწია, რომ მიხვდა, თავს ვეღარ შეიკავებდა. ფეხსაცმელი იქვე, სავარძელზე მიაგდო, პირზე ხელი აიფარა და სააბაზანოში შევარდა...
აი, რა დღეში ჩააგდო ამ კაცის სიყვარულმა... მისმა შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა ისეთი ზიზღი მოჰგვარა, გულიც კი აერია... სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო... ერთი კი არა, ნახევარი ნაბიჯიც არ ყოფილა თურმე...
ცოტათი რომ დამშვიდდა, პირზე წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა... მის წინ სრულიად სხვა, ერთიანად გაფითრებული ქალი იდგა, რომელსაც თვალის უპეები საშინლად ჩაშავებოდა. ღმერთო, რას დაემსგავსა ერთი დღის განმავლობაში!
გიგიმ ჯერ დააკაკუნა კარზე, მერე გაუბედავად შემოაღო.
- რა გემართება? ცუდად ხარ? - შეცბუნებული მიაჩერდა ქალს.
- შენმა სიტყვებმა მომწამლა, - ზიზღით უპასუხა ნიამ, გვერდი ცივად აუარა და გავიდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა თუ არა, თავბრუ დაეხვა და მუხლებში ძალა გამოეცალა. ის იყო, უნდა წაქცეულიყო, რომ მამაკაცის ძლიერმა მკლავებმა მოასწრო მისი დაჭერა. შეშფოთებულმა გიგიმ მიტკალივით გათეთრებული ქალი დივანზე მიაწვინა.
- წყალს მოგიტან, მერე კი ექიმს გამოვიძახებ, - თქვა მამაკაცმა და თვალებით ჭიქას დაუწყო ძებნა.
- არ მინდა, მალე გამივლის, რაღაცამ მომწამლა სუფრაზე... ალბათ პომიდორმა.
- შეიძლება, მაგრამ ექიმს მაინც გამოვიძახებ, არ ადგე! - გიგიმ თავისი არ დაიშალა და ოთახიდან გავარდა.
***
ექიმი მალევე მოვიდა. გიგი აივანზე გავიდა და კარი მიიხურა, რათა ისინი მარტო დაეტოვებინა.
- აბა, მომიყევით, რა გჭირთ? - თბილად გაუღიმა ჭაღარა მამაკაცმა.
ნიამ უთხრა, რაც მოხდა. ხანდაზმულმა მამაკაცმა მდუმარედ მოისმინა მისი მონაყოლი, მერე წარბები აზიდა და გოგონას სათვალის ზემოდან გადმოხედა.
- მითხარით, ქალური ციკლი ბოლოს როდის გქონდათ? ანუ... ხომ არ გადაგიცდათ?
ამის გაგონებაზე ნიას ნერწყვი კინაღამ სასულეში გადასცდა...
***
გიგი რკინის მოაჯირს მთელი ძალით ჩასჭიდებოდა და ღამის სიბნელეს შუბლშეჭმუხნილი გასცქეროდა. თავის თავს ეწინააღმდეგებოდა, რათა ნიაზე არ ეფიქრა. ის არ ღირდა ამად. არა, უნდა აღიაროს, რომ ამ ქალისგან გენიალური მსახიობი დადგებოდა. ბრწყინვალე სვლა გააკეთა, რას ერჩი! ჯერ თავი მოისაწყლა, მერე სააბაზანოში შევარდა, ვითომ ცუდად გახდა. იფიქრა, ამ ჟესტით გიგის თანაგრძნობას მოვიპოვებო. შესანიშნავი სვლაა! საუკეთესო მიზეზი, რომ აქ დარჩეს. მაგრამ გიგი ამას არ დაუშვებს, ნია ზიზღის მეტს არაფერს იმსახურებს მისგან.
ამასობაში ექიმი პაციენტის გასინჯვას მორჩა და გიგისთან გავიდა აივანზე, რათა დალაპარაკებოდა.
- აბა? როგორ არის საქმე? - იკითხა ახვლედიანმა.
- ჯერჯერობით ბევრი არაფერი სჭირდება, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი გამოვუწერე მხოლოდ. ხვალ დილით კიდევ ერთხელ მოვალ და ხელმეორედ გავსინჯავ. ვფიქრობ, ექოსკოპია აუცილებლად დასჭირდება. საბოლოო პასუხი ხვალ მექნება, ბატონო გიგი. სანერვიულო არაფერია, დაწყნარდით, - გაიღიმა ჭაღარა მამაკაცმა, გიგის ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობა.
ახვლედიანმა კარამდე მიაცილა ექიმი.
არა, თვითონაც უნდა გავიდეს სუფთა ჰაერზე, ამ გოგოს შეხედვა აღარ შეუძლია! როგორი თვალთმაქცი ყოფილა თურმე! ნუთუ ექიმსაც აურია თავგზა? შავბნელი ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. სასტუმროს უკანა მხრიდან მოუარა და ბაღში გავიდა. ირგვლივ ყვავილების დამათრობელი სურნელი ტრიალებდა. ისეთი რა უნდა სჭირდეს, რომ დიაგნოზი ვერ დასვა? ექოსკოპია რა შუაშია? რამე ქალური აწუხებს ვითომ? ანთება? გაციება? თუ ფარსია ეს ყველაფერი, გამოგონილი იმისთვის, რომ გიგის თავი შეაცოდოს? არავითარ შემთხვევაში! ამჯერად იგი არაფერს დათმობს. ეყოფა, რაშიც მოტყუვდა. ეს ერთი ღამეც და ხვალ, როგორც კი ექიმი თავის საქმეს მორჩება, აუკრავს გუდა-ნაბადს და თავის ბინაში გაამგზავრებს. ასეთი მატყუარა დროებით გასართობადაც კი არ უნდა. ეზიზღება უკვე!
ფიქრებში ჩაძირული კარგა ხანს იჯდა ხის მერხზე. თბილი ჰაერი საამოდ ელამუნებოდა სახეზე...
გვიან, ძალიან გვიან, მძიმედ წამოდგა და სასტუმროში შებრუნდა. ჭირის დღესავით ეზარებოდა ოთახში შესვლა და ნიას დანახვა, მაგრამ იმის იმედი ჰქონდა, რომ გოგონა ჩაძინებული დახვდებოდა.
კარი გააღო, ირგვლივ მიმოიხედა და ადგილზე გაქვავდა... აქ რაღაც შეცვლილიყო... უცებ ვერ მიხვდა, რა... რამდენიმე წუთი დასჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად... უკვე გასაგები იყო, რაც შეიცვალა...
ნია აღარსად ჩანდა...
***
ავტობუსით მგზავრობა უსასრულოდ მოეჩვენა ნიას. ხუმრობა ხომ არ იყო, მთელი ექვსი საათი მოუნდა გურიამდე ჩასვლას. დაღალა ერთ ადგილზე ჯდომამ, ზურგი ეტკინა. ამასთან, ძალიან სუსტად გრძნობდა თავს, პერიოდულად გულის რევის შეგრძნება აწუხებდა. მთელი გზა მისთვის სერიოზული პრობლემა გახდა. გაჭირვებით ახერხებდა თავის შეკავებას, რომ ღებინება არ დაწყებოდა.
სხვა გულისტკივილიც ჰქონდა... წამოვიდა თბილისიდან... ალბათ, სამუდამოდ... კიდევ კარგი, ბინა გააქირავა და მცირედი შემოსავალი მაინც ექნება ყოველთვიურად. მდგმურს ექვსი თვის თანხა წინასწარ გამოართვა, რომ ყოველთვე არ ერბინა თბილისსა და ოზურგეთს შორის. ექვსი თვის შემდეგ კი, ღმერთმა იცის, რა მოხდება. ეცდება, ჩავიდეს თბილისში, ან სულაც გადმოარიცხინებს მდგმურს ფულს თავის ანგარიშზე. ასე უფრო ადვილი იქნება მისთვის.
როგორ სტკივა გული... ნუთუ ოდესმე გაუვლის ეს ტკივილი? ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო... გაივლის ხანი და ეს იარაც მოუშუშდება, ალბათ. გული სწყდება, რომ იქაურობის მიტოვება მოუწია, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. არ ღირს დანანება, საქმისთვის ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. სკოლაში ამ მდგომარეობაში ვერ გამოცხადდებოდა, ჭორების მოსმენის თავი არ ჰქონდა. დიდხანს მეტი არაფერი ექნებოდათ სალაპარაკო. გარდა ამისა, გიგის სიახლოვეს გაჩერება მისთვის მხოლოდ წამება იქნებოდა და სხვა არაფერი. სამწუხაროდ, იმ კაცს თავი ვერ შეაყვარა. მერე რა, რომ ძალიან მცირე იყო ამის შანსი. ხომ იყო? ზოგს როგორ უმართლებს ცხოვრებაში... რა მოხდებოდა, ნიასაც გამართლებოდა? ნეტავ, თავიდანვე მოეყოლა მისთვის ყველაფერი. გიგი აუცილებლად გაუგებდა და დაეხმარებოდა კიდეც. თავისი წინდაუხედაობით გააფუჭა ურთიერთობა. არ შეყვარებოდა მაინც, ნაკლებად იდარდებდა მომხდარზე, ამდენს მაინც არ ინერვიულებდა. ლამისაა, გული გაუსკდეს, ადამიანს აღარ ჰგავს, მერამდენე დღეა... რა უმწეოა, ვერასდროს ახერხებდა თავის დაცვას... ახლა - მით უმეტეს... ვერ შეძლო, დაერწმუნებინა საყვარელი მამაკაცი, რომ თავისი პრობლემების გადაჭრას მისი ფულით არ აპირებდა, რომ მსგავსი რამ გულში არასდროს გაუვლია... მაგრამ ვინ დაგიჯერა? არც კი მოუსმინა წესიერად... სწორად მოიქცა ნია, გიგისგან გაქცევა ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო.
მექანიკურად დაიდო ხელისგული მუცელზე და მიეფერა... თვალები ცრემლით აევსო... რა ცუდ დროს მოხდა ყველაფერი, ცოტა მაინც დაცლოდა, იქნებ სხვა თვალით შეეხედა ამ ყველაფრისთვის ახვლედიანს. ახლა არაფრის თქმას აზრი არ ჰქონდა, უარესად გამწარდებოდა. ვინ იცის, იქნებ ისიც ეფიქრა, რომ ნია შეგნებულად უწყობდა სიურპრიზს...
რაც მოხდა, მოხდა... ამიერიდან გიგი მასზე ვერასდროს ვერაფერს გაიგებს, სამუდამოდ გაქრება მისი ცხოვრებიდან. თუ რამე შეიცვალა და ცოტაოდენი ფულის დაგროვება შეძლო, ვალს აუცილებლად დაუბრუნებს, ეტაპობრივად მაინც. ცოცხალი თავით არ შეირჩენს მის ფულს, არა!
***
მეორე დილით გიგიმ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და ექიმს დაურეკა, ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ და თქვენი მოსვლა საჭირო არ არისო. საუბრის კილოზე შეატყო ახვლედიანმა, პატივცემული ლევანი უკმაყოფილო რომ დარჩა, თუმცა ვერაფრით ახსნა, რატომ. იქნებ იფიქრა, რომ მას არ ენდო და სხვა ექიმთან არჩია ქალის წაყვანა? არა უშავს, როცა ნახავს, უფრო დაწვრილებით აუხსნის საქმის ვითარებას და შემოირიგებს.
გიგის თავიდან ეგონა, რომ ნია რამდენიმე დღის შემდეგ აუცილებლად გამოჩნდებოდა. არც ერთი ხელი ტანსაცმელი არ წაუღია, არც მისი სახლიდან და არც სასტუმროდან. მხოლოდ წითელი ფეხსაცმელი აკლდა მის ნივთებს. ნეტავ, სად წავიდა? სად გაქრა? ჰყავს კი მეგობრები თბილისში? იქნებ მაკასთან გადაბარგდა? იქნებ, სულაც, თავის ბინაშია და ტყუილად ჰგონია, რომ გაქრა? მისი ცხოვრება ახვლედიანისთვის ყოველთვის ბურუსით იყო მოცული, დღემდე არაფერი იცოდა გოგონას შესახებ. არც ახლა იცის ბევრი რამ. ის, რაც ბოლოს გაიგო, ზღვაში წვეთია, იმის იქით კიდევ რა საიდუმლო იმალება, ეშმაკმა უწყის... ასეთი ქალებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ცოტა ხნით ალბათ ჩრდილში დარჩება, ყველას გადაავიწყებს თავს, მათ შორის, გიგისაც, მერე კი... მერე უეჭველად გამოჩნდება და ისეთი ხმაურიანი იქნება მისი გამოჩენა, ყველა პირს დააღებს. ამაში ღრმად არის გიგი დარწმუნებული. არ გაუკვირდება, თვეების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, ბოლო მოდაზე გამოპრანჭული, თითებზე ბრილიანტებასხმული რომ გამოცხადდეს კაზინოში ახალ ფულიან საყვარელთან ერთად. ასეც იქნება, ჭკუა დაუშლის, გონება თუ სილამაზე? არც ერთი აკლია, არც მეორე და არც მესამე. ალბათ ადრეც გაუკეთებია მსგავსი რამ, გიგი არ იქნება პირველი, ვინც გააცურა, თორემ ასე ოსტატურად ვერ ითამაშებდა იდეალური ქალის როლს. მაგრამ... რატომ ეგონა, რომ ქალწული ჩაბარდა? ნუთუ შეცდა? და თუ არ შეცდა, მაშინ რა აკავშირებდა იმ პირველთან, ვისთან ერთადაც ნია თბილისში ცხოვრობდა და თურქეთში გრიალებდა? მამაკაცმა სიმწრისგან კბილები გააკრაჭუნა. უცებ წარმოიდგინა, როგორ შემოვიდოდა ზღაპრულად ლამაზი ნია კაზინოს გაბრდღვიალებულ დარბაზში, ამაყად თავაწეული, როგორ მიუახლოვდებოდა გიგის ტანის მედიდური რხევით და როგორ დაუგდებდა მაგიდაზე ფულის დასტას, მერე კი ირონიული ღიმილით დააყოლებდა, ვალს გიბრუნებო... არა, ეს შეუძლებელია! ახვლედიანი ამას არ დაუშვებს, გულიც გაუსკდება იმწუთას... არადა, გასაკვირი არც არაფერია ამაში, ნიამ თუ მოინდომა, არ გაუჭირდება მდიდარი მზრუნველის პოვნა, რომელი კაცი იტყვის ამისთანა სრულყოფილებაზე უარს?
არადა, როგორ წყდება გული! რა კარგად მიდიოდა ყველაფერი! როგორ შეეწყო ამ პატარა გოგოს, როგორ მიეჩვია! წამითაც ვერ ძლებდა უმისოდ! მაგრამ რომ მოატყუა? თან ასე მწარედ? ნეტავ სად არის ახლა და რაზე ფიქრობს? იქნებ ჰგონია, რომ გიგი ეჭვიანობით იტანჯება? ამის გაფიქრებაზე ცინიკურად ჩაიცინა. დაიჯეროს, არ ნანობს თავის საქციელს? არ ფიქრობს, რომ ძალიან ღრმად შეტოპა და შეურაცხყოფილი დატოვა ასეთი გავლენიანი მამაკაცი? როგორია, როცა თბილისში გაიგებენ, რა გაუკეთა ამ მატყუარა გოგომ? როგორ თვალსა და ხელს შუა გააცურა? როგორ აუხსნას მეგობრებს, როგორ შეხედოს თვალებში? კიდევ კარგი, გაუშვა და თავისთან არ დატოვა. კარგი დარტყმა კი მიაყენა ბოლოს, ოსტატურად აიძულა, თავად წასულიყო. არადა, მის მოთხოვნებს რომ დამორჩილებოდა, ვერც ვერაფერს ეტყოდა, იძულებული გახდებოდა, დაეტოვებინა...
ეეეჰ!.. ვის მოტყუებას ცდილობ, ახვლედიანო? დაუგდე ყური შენს შინაგან ხმას და მიხვდები, რომ ტყუილად ანუგეშებ საკუთარ თავს. მაშინ რატომ ათენებ ღამეებს თეთრად, რა განერვიულებს? აბა, ერთი წამით მოუსმინე შენს სხეულს, ასე რომ ენატრება ნიას სითბო და ვნებიანი ჩახუტება? უკვე მერამდენე თვეა, იგი ყველა ქალზე ძვირფასი და სასურველი გახდა შენთვის! წამითაც ვერ ძლებ მის გარეშე და, როგორც უნდა ეცადო, ვერასდროს დაივიწყებ მას! ეს არის სიმართლე!
გამწარებულმა გიგიმ ხელები მომუშტა და კბილი კბილს დააჭირა. როგორმე უნდა მოახერხოს და თავიდან ამოიგდოს მასზე ფიქრი, თორემ ასე შეიძლება გააფრინოს კიდეც და საგიჟეთში ამოყოს თავი. უნდა დაიჯეროს, რომ ნაზი, სიფრიფანა და სიყვარულით სავსე ნია მხოლოდ მის ფანტაზიებში არსებობდა, რეალობაში კი იგი ყველაზე ვერაგი, მატყუარა და ქარაფშუტა გოგო აღმოჩნდა. არ ღირს ტკბილ მოგონებებში ჩაძირვა, ეს კიდევ უფრო დაუმძიმებს ხასიათს.