მგელთან მოხეტიალე - დასასრული - Marao

მგელთან მოხეტიალე - დასასრული

2022-12-03 11:48:19+04:00


წინა თავი

როგორც იქნა, გავითავისულე თავი, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და სილა გავაწანი.

_ ცხოვრებაში არ გამეკარო ახლოს, გესმის? არ გაბედო ჩემი კოცნა! _ ზიზღნარევი ხმით ამოვთქვი და ტუჩები ხელის ზურგით მოვიწმინდე.

_ როგორ გამაცინე! წუხელ ღამით, გათიშული რომ ვეგდე, სიზმარი ვნახე. ვიღაც თავზე დამტიროდა, მეძახდა, მეუბნებოდა, მიყვარხარო. მაგრამ იცი, რა მგონია? ეს სულაც არ იყო სიზმარი. ვფიქრობ, ეს სინამდვილეში მოხდა…

ამის მოსმენა არ მსურდა. სიტუაცია თანდათან აუტანელი ხდებოდა. შევბრუნდი და ოთახიდან გავვარდი. ზურგს უკან კარგა ხანს მესმოდა მისი დამცინავი სიცილი…

8 8 8

«მორჩა, საკმარისია! ამას აღარ ვაპატიებ! ეგღა მაკლია, თავი დავამცირებინო! სასწრაფოდ ავირბინე მეორე სართულზე და ოთახში შესულმა კარი გასაღებით ჩავკეტე. ფეხს არ გავადგამ აქედან, სანამ გზები არ გაიხსნება ან საშველად არ მოვა ვინმე! არ მაინტერესებს, მაგ უტიფარს რა რეაქცია ექნება! ჩემთვის სულერთია! რამდენიმე საათი როგორმე უჭმელობასაც მოვითმენ, ქვეყანა არ დაიქცევა!»_ ვბობოქრობდი ფიქრებში.

ამასობაში გავიდა ერთი საათი, ორი… დრო ნელა გადიოდა. მოუთმენლობისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. დაძინება ვცადე, არ გამომივიდა. რომელიღაც ჩემთვის უცნობი ინგლისელი მწერლის მოთხრობების წაკითხვა მოვინდომე, წიგნი იქვე იდო, თაროზე, მაგრამ იმდენად უინტერესო მეჩვენა, გული ვერ დავუდე.

მოშუადღევდა. შიმშილმა შემაწუხა, მაგრამ დაბლა ჩასვლა არც მიფიქრია. მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა.

_ ეი, ჭამა არ გინდა? _ ალთაი იყო.

პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალე. რამდენჯერმე სცადა ჩემთან დალაპარაკება და როცა არაფერი გამოუვიდა, თავი დამანება.

ცოტა ხნის შემდეგ ჩამთვლიმა, მაგრამ მალევე გამომეღვიძა. ვერა და ვერ დავწყნარდი. ისევ აფორიაქებული ვიყავი. ყოველ საათში ერთხელ ფანჯარაში ვიჭყიტებოდი, იქნებ ვინმეს მოვკრა თვალი-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. ბიბის მაინც გავხსენდებოდი. ეს ქალაქის ტელეფონიც რომ გაითიშა? ალბათ გრიგალმა დააზიანა კაბელი. არც შუქი მოდის.

შუადღე გადავიდა. შიმშილისგან კუჭი ამეწვა.

ალთაი კვლავ მომადგა:

_ მომისმინე! ვახშამი მზადაა. ნუ სულელობ. რა გინდა, შიმშილით ამოგხდეს სული? პირობას გაძლევ, ახლოს არ გაგეკარები. ერთ სიტყვასაც არ გეტყვი. ცალკე დავჯდები ჩემთვის, კუთხეში, გასაგებია?

მაინც არ გავეცი ხმა.

_ კატლეტები შევწვი, შემეშინდა, არ გაფუჭებულიყო. შუქი ჯერაც არ მოსულა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავასაღოთ, რაც საყინულეშია. ნუ ბავშვობ, ჩამოდი და ჭამე.

_ არ მინდა, დიდი მადლობა! _ გავძახე გაბუტული ხმით.

_ სოსისიც მოვხარშე. ახალი პური არ გვაქვს, მაგრამ არა უშავს, ძველი უფრო სასარგებლოა. გეყოფა დამალობანას თამაში, გესმის?

მართლა ძალიან მშიოდა, ის ძალიან, რომ აზრი არ ჰქონდა უარის თქმას. ჩემი სიამაყე სადღაც გაქრა. დანებების ნიშნად ნელა გავაღე კარი.

_ აი, ახლა ჭკვიანი გოგო ხარ! _ გამიღიმა და გატრიალდა.

მგონი, ცხოვრებაში არ მიჭამია ასე გემრიელად. ეს ვახშამი ყველა იმ ვახშამსა და სადილზე უკეთესი იყო, რომელიც კი ოდესმე გამისინჯავს, იმის მიუხედავადაც კი, რომ ალთაის მომზადებული იყო. მას ხომ საერთოდ არ ეხერხებოდა კერძების მომზადება, როგორ მშიებია. შიმშილი საუკეთესო სოუსი გამოდგა კატლეტთანაც და სოსისთანაც.

_ აღიარე, რომ პატარა ბავშვივით მოიქეცი, _ ჩემს დატუქსვას შეუდგა, _ ეს გაბუტვა რაღაა?

_ მქონდა მიზეზი! _ დავიღრინე, _ შენ ისეთი ის ხარ… _ შესაფერისი სიტყვა ვერ გამოვნახე.

_ ვიცი, _ შემეშველა მამაკაცი, _ მე ნაძირალა ვარ… «ისეთი» ნაძირალა.

_ შენ რომელი ქალი გაგიძლებს… ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს.

_ ო! ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, _ აგდებული ტონით მომიგო, _ თუკი ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენ, რომ ვიპოვე ზუსტად ისეთი, როგორიც მინდა, შევიცვლები, ასეთ რამეებს აღარ ჩავიდენ და სამაგალითო ქმარიც ვიქნები.

_ რაღაც ძალიან მეეჭვება, _ დამცინავად ჩავიფხუკუნე.

_ არადა, სიმართლეს ვამბობ, _ მხრები აიჩეჩა.

რა აფერისტია! არადა, ხომ ვიცი, რომ მარინა უყვარს. მასთან კვლავ დაალაგა ურთიერთობა. შეგნებულად მომექცა დილით ასე, ჩემი გამწარება უნდოდა! ერთობა, რა! მართლა სულელი ვარ, რამ შემაყვარა? სულელზე უარესიც ვარ, ხმამაღლა რამ მათქმევინა, მიყვარხარ-მეთქი? ყველაფერი გაუგონია! თავიდანვე უნდა მცოდნოდა, რომ მასზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა, ასეთები არ არიან სანდონი, ახია ჩემზე!

_ განა მარინაზე არ უნდა მკითხო? მე მგონი, გაინტერესებს, _ მკითხა უეცრად.

_ ჩემთვის სულერთია, საერთოდ არ მაინტერესებს, _ გულგრილად მივუგე.

_ მართლა? _ გაოცებული შეირხა.

_ მართლა! _ ჯიბრიანად მივუგე და წამოვდექი, _ ახლა კი უნდა დაგტოვო, ვახშმისთვის დიდი მადლობა. ძალიან მეგემრიელა.

_ იცი? _ თავი ცივად დამიკრა, _ შენ ძალიან ლამაზი ხარ, ამიტომ თავისუფლად შეიძლება ადამიანმა «მამაკაცური სუფრის სასიამოვნო დანამატი» გიწოდოს.

_ შენი კომპლიმენტები მარინასთვის შემოინახე! _ ამრეზით მივახალე.

ისეთი სისწრაფით წამოხტა, რომ სკამი ააყირავა. შემკრთალმა გავხედე. ორი ნაბიჯით ჩემთან გაჩნდა, მაჯებში ჩამაფრინდა და წამომახტუნა. ნაცრისფერი თვალები მრისხანებისგან უელავდა.

_ მომისმინე, ქალბატონო ლიკა!.. კარგად მომისმინე!..

შევეცადე, თავი დამეღწია მისგან, მაგრამ ვერ მოვახერხე. მარწუხებივით მიჭერდა თითებს და თავისკენ მიზიდავდა. თავი მკერდზე მივადე და, ჩემდა გასაკვირად, საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. მყუდროდ ვიგრძენი თავი.

სწორედ ამ მომენტში კარი გაიღო. მოულოდნელობისგან ორივენი შევკრთით. შეცბუნებულმა გავიხედე შემოსასვლელისკენ და თვალებს არ დავუჯერე.

_ რეზი! ისსს… _ ენა დამება, _ აქ საიდან გაჩნდი? რომელი გზით მოხვედი?

მან მაშინვე იყნოსა სიტუაცია და შემფასებლური მზერა გვესროლა.

_ რა ხდება აქ? _ ისეთი დაიღრიალა, გული გადამიქანდა.

_ შენ ალბათ ის ბიჭი ხარ, _ ალთაის ჩემთვის ხელი არ შეუშვია, _ ლიკა ხშირად გახსენებდა. მე ალთაი ვარ, _ მშვიდად შეხედა ჩემს საქმროს.

_ შენ ვინღა ხარ? აქ რა გინდა? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

_ მე აქ ვცხოვრობ. მე და ლიკა ვცხოვრობთ აქ, არ იცოდი? ლიკას არ უთქვამს?

_ ალთაი! რას ამბობ? _ შევიცხადე, _ როგორ ბედავ ამის თქმას?

რეზიმ თვალები დაახამხამა, ხელები მომუშტა და ბოროტად მიაჩერდა მეტოქეს.

_ სიმყუდროვეა აქ! _ ორაზროვნად გამოუვიდა, _ ჩემი ეჭვები გამართლდა, არა?

ალთაის ჯერ კიდევ ჰქონდა ჩემთვის მკლავი გადახვეული. მხოლოდ ახლა გავიაზრე ეს და სასწრაფოდ გავითავისუფლე თავი.

_ კი, მყუდრო ადგილია, _ კმაყოფილი სიცილით დაუდასტურა მან რეზის.

_ აი, თურმე რატომ გინდოდა ზაფხულის აქ გატარება, _ ისეთი მზერა მესროლა რეზიმ, გამაცივა, _ რატომ გინდოდა მარტო ყოფილიყავი. ყველაფერი წინასწარ დაგეგმე, არა? ეს როგორ გააკეთე? რატომ ჩაიდინე ასეთი რამე?

_ ძალიან გთხოვ, _ ხელის აწევით შევაჩერე, _ ერთი წუთით მომისმინე, გემუდარები. ყველაფერს აგიხსნი. საქმე ისე არ არის, შენ რომ გგონია!

_ იქნებ სწორედ ისეა, როგორც მას ჰგონია? _ ჩაერია საუბარში ალთაი, _ ის ბრწყინვალე გოგონაა, რეზი! მოდი, მივცეთ უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი, კარგი? _ ამ სიტყვებით სცადა, კვლავ მოეხვია ჩემთვის ხელი, მაგრამ არ დავანებე. მისი საქციელი უფრო და უფრო მაცოფებდა. სპეციალურად იქცეოდა ასე, რეზის გულის მოსაკლავად და არა იმიტომ, რომ მე ვუყვარდი.

_ რეზი, მართლა როგორ მოაღწიე აქამდე?_ სიტუაციის განმუხტვას შევეცადე, _ გზები ხომ დატბორილია?

_ არათუ დატბორილი, ჩახერგილიცაა, _ მიპასუხა, _ ხეებია წაქცეული. წუხელ ტელევიზორში აჩვენეს, რაც ხდებოდა ფოთში და შემეშინდა, რამე არ დაუშავდეს-მეთქი. ბათუმშიც მაგარი გრიგალი იყო. გადავწყვიტე, მენახე. სანამდეც შეიძლებოდა, ვიარე მანქანით, მერე ფეხით გამოვუყევი სანაპიროს.

_ ძალიანაც ცუდი, _ გააგრძელა ალთაიმ, _ ზუსტად იმ დროს მოხვედი, როცა აქ ძალიან საინტერესო ამბავი ხდებოდა.

რეზიმ მხრები შეათამაშა.

_ კიდევ ერთხელ იტყვი მსგავს რამეს და იცოდე, სიფათს მოგინგრევ!

_ მართლა? _ ცივად იკითხა ალთაიმ.

გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ რეზი ალთაის მივარდა და სახეში სთხლიშა.

_ გეყოფათ! რას შვრებით! _ კივილი ავტეხე, მაგრამ ჩემი აღარავის ესმოდა. კარგა ხანს ისმოდა გინების და მუშტის დარტყის ხმები. შიშისგან თვალები დავხუჭე. ხმების მიხედვით თუ ვიმსჯელებდი, რეზის კარგი დღე არ უნდა დადგომოდა. როცა მოულოდნელად სიჩუმე ჩამოვარდა, თვალები გავახილე. რეზი მუხლებზე დამდგარიყო და თავს ისე აქნევდა, თითქოს აზრზე მოსვლას ცდილობსო. ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ალთაის ძლიერი მუშტი პირდაპირ ცხვირში მოხვედროდა.

თავზარდაცემული რეზის მივვარდი.

_ იტკინე რამე? როგორ ხარ? _ მისი თავი მკერდზე მივიხუტე და ამეტირა.

მესმოდა მისი. მესმოდა, რას გრძნობდა, რატომ აღმართა უცხო მამაკაცზე ხელი. ვიცოდი, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი.

_ ლიკა, შენ ის გიყვარს? _ მომთხოვნი ტონით მომმართა ალთაიმ, _ სიმართლე მითხარი, ეს კაცი გიყვარს?

მისი შეკითხვა არად ჩავაგდე. ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მას არ ვუყვარდი. ამ კაცის სერიოზულად აღქმა შეუძლებელი იყო. იმდენად გაბოროტებული ჩანდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ რეზი ჩემ წინააღმდეგ განეწყო. ბოროტი, ბოღმა! რამდენჯერ მაკოცა, რამდენჯერ მომეფერა და ერთხელ არ უთქვამს, მიყვარხარო! მას მხოლოდ სასიამოვნო გასართობად მივაჩნდი.

რეზი წამოვაყენე, ძლივს იდგა ფეხზე. ალთაის იქ ყოფნა ძალიან მაღიზიანებდა.

_ იქნებ წასულიყავი? _ მშვიდად მივმართე.

ხელი თმაზე გადაისვა. სახეზე მასაც ეტყობოდა დარტყმის კვალი, კანი გახეთქოდა და ღაწვიდან სისხლი ჟონავდა. მის ლამაზ თვალებში სიცივე ჩამდგარიყო.

უსიტყვოდ მესროლა გამჭოლი მზერა და გავიდა.

ყავა მოვადუღე, მაგრამ რეზიმ არ დალია. მოშორებით სკამზე ჩამოჯდა და დაჟინებით მომაჩერდა. ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა.

_ არ დალევ? _ შეცვლილი ხმით ვკითხე.

_ ყავა არ მინდა, რაღაც-რაღაცებში მინდა გარკვევა, სხვა არაფერი.

_ ჰო, შენ გაქვს ამის უფლება, მაგრამ აღარ ვიცი, საიდან დავიწყო, _ ღრმად ამოვიოხრე და გავაგრძელე, _ ტყუილის თქმას არ ვაპირებ. აქ წამოსვლა თინიკომ მირჩია. ძალიან მომეწონა აქაურობა, მაგრამ ბარგი ამოლაგებულიც არ მქონდა, რომ ეს კაცი გამოჩნდა და აღმოჩნდა, რომ მასაც აქ უნდა ეცხოვრა. არ ვიცი, როგორ მოუვიდა თინას ან რა შეეშალა, მაგრამ ფაქტია, რომ მასაც შესთავაზა აქ დასვენება. ის ხომ მისი ნათესავია. მერე ვიჩხუბეთ. მე არ მინდოდა ამ სახლის დატოვება. არც მას. დიდხანს ვიჯიუტეთ ორივემ. მერე გადავწყვიტეთ, მას კოტეჯში ეცხოვრა, მე კი აქ და სამზარეულო ორად გაგვეყო. ხანდახან დღეები ისე გადიოდა, მას საერთოდ ვერ ვხედავდი. მაგრამ გუშინ საშინელი გრიგალი ამოვარდა და კოტეჯს მეხი დაეცა. კედელი ჩამოინგრა და ის დაშავდა. ძლივს გამოვათრიე იქიდან. დღეს გამომიცხადა, მეც ამ სახლში უნდა ვიცხოვროო. ეს ძალიან არ მომეწონა. მთელი დღე ჩემს ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და სულ რამდენიმე წუთია, რაც გამოვედი. სულ ესაა, თუ დამიჯერებ, თუ არადა, როგორც გული გიკარნახებს, ისე მოიქეცი.

_ მაშინ ამიხსენი, როგორ მოხდა, რომ მის მკლავებში ჩახუტებულს შემოგისწარი? _ აყვირდა რეზი, _ ეს ამიხსენი!

ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. ყელში ცრემლები გამეჩხირა.

_ ეს თავისთავად მოხდა, რეზი, _ თავის მართლებას მოვყევი, _ მან ერთი-ორჯერ სცადა ჩემთან ფლირტი და ახლაც ამას ცდილობდა. მისი ქცევა კი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მას სხვა უყვარს. როგორც ვიცი, მარინა ჰქვია…

რეზი ნერვული მოძრაობით წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ზურგი შემაქცია. ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს. მთელმა ამ თავგადასავალმა სიქა გამაცალა. აი, როგორ დამთავრდა ჩემი ზაფხულის იდილია.

_ ამდენი ხანი გაატარე მის გვერდით. საინტერესოა, რას ფიქრობდი? მე საერთოდ არ გაგახსენდი? არ გაწუხებდა, ამას რომ გავიგებდი, როგორი რეაქცია მექნებოდა? ან შენები რას იტყოდნენ, ან სხვები? გინდა, მთელმა ბათუმმა ჩემზე ილაპარაკოს?

_ ეს ასე არ არის, შენ ბრალს მდებ ისეთ რამეში, რაც არ მომხდარა! _ რაც შეიძლებოდა, ვიცავდი თავს.

_ ახლავე ჩაალაგე ბარგი და წამოდი! შენს მშობლებს მოუყევი ყველაფერი და დანარჩენი მერე გადავწყვიტოთ. მე ვიცი, რასაც იმსახურებ და მიიღებ კიდევაც.

გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. არა იმიტომ, რომ მისი მუქარის მეშინოდა ან ჩემი მშობლების გაკიცხვის. ალთაისთან ერთად არასასურველ დროს რომ წამომადგა თავზე, ეს მიკლავდა გულს. სალაპარაკო მივეცი. დღეიდან მისი ყბიდან ვერ ამოვიდოდი.

ამ დროს ბესიმ ყეფა ატეხა და გარეთ გავარდა. ძაღლს უკან მივყევი. ჭიშკართან ბიბი იდგა.

_ აქამდე ვერ მოვახერხე მოსვლა, _ ხელი ჩამომართვა მამაკაცმა, _ როგორ გადაურჩით წუხანდელ ღამეს? _ ბიბის რეზინის ჩექმა ეცვა, რომელიც ყელამდე სველი იყო. როგორც ჩანს, ფეხით გამოტოპა ტბორები.

_ აბა რა გითხრა, თუ ამას გადარჩენა ჰქვია… აი, კოტეჯი ჩამოინგრა, მეხი დაეცა.

_ აუჰ! დღესვე შევატყობინებ თინიკოს. ცუდი ამბავია ეგ. არა მგონია, ხელახლა ააშენოს, ისედაც არ იყენებს აქაურობას.

_ ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, _ ხელები გავშალე და მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ სტუმარი ეზოში არ შემოვიპატიჟე, _ ხომ არ შემოხვიდოდი? ბათუმიდან ჩამომაკითხა მეგობარმა და ერთად დავლიოთ ყავა.

_ არა, დიდი მადლობა, ლიკა. უბრალოდ, შემოვიარე, რამე ხომ არ გჭირდებოდათ და თან ეს წერილი მოგიტანეთ, თინიკომ გამოგიგზავნათ. მისი დაქალი ჩამოვიდა ამ დილით და იმას გამოატანა.

კონვერტი ჩამოვართვი ბიბის და გავაცილე. კარგა ხანს გავყურებდი, როგორ მიტოპავდა ლამის მუხლამდე წყალში. შემდეგ ზღვას გავხედე. რამდენიმე მეტრის მოშორებით ალთაის სილუეტი დავლანდე. მხოლოდ ამის შემდეგ გავხსენი წერილი და წაკითხვას შევუდექი:

«ჩემო საყვარელო ლიკა! ალბათ უკვე გაიცანი ალთაი. შანსი არ გავუშვი ხელიდან, რომ არ წამეცელქა. იმედია, უკვე მიხვდი, რა ოინიც ჩავიდინე. ალთაი არაჩვეულებრივი ადამიანია. ეშმაკის ფეხი, მაგრამ ერთობ სიმპათიური და ჭკვიანი. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მოუხდებით ერთმანეთს. იდეალური წყვილი იქნებით. ასე რომ, მაპატიე, ამურის ისრების სროლა თუ ავტეხე. რა ვქნა, ისე მინდა, ბედნიერები იყოთ, რომ თავი ვერ შევიკავე.

გკოცნი ბევრს!»

გაოგნებულს წერილი ხელიდან გამივარდა. ხედავ? სპეციალურად გაუკეთებია! მე კიდევ მეგონა, რაღაც შეეშალა-მეთქი. მას უნდოდა, ალთაის სახით ბედნიერება მეპოვა და საბოლოოდ რა გამოვიდა? ასეთი უბედური არასდროს ვყოფილვარ. ცოტა ხნით ადრე რომ მიმეღო ეს წერილი, ალბათ ბევრს ვიცინებდი. ვიცინებდი? ნეტავ, ოდესმე ვიქნები სიცილის ხასიათზე? ალბათ ამ დღის მოგონებები მთელი ცხოვრება ტკივილად გამყვება.

არა და არ დაღამდა. მინდოდა, როგორმე დამეყოლიებინა რეზი, რომ ღამე აქ გაგვეთია და დილით გავდგომოდით გზას. ალთაის ამბავი მაწუხებდა. მართლა პლაჟზე გაათევდა ღამეს? სად უნდა წასულიყო? ამწუთას ყველაზე მეტად ამაზე ვდარდობდი.

ფეხები უკან მრჩებოდა, სანამ შინ შევიდოდი. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ახლა ალბათ რეზისთან ომი მომიწევდა.

_ ვინ იყო? _ ცივი მზერა მესროლა.

_ ვისაც თინიკომ სახლი ჩააბარა, _ მეც ცივად მივუგე და დივანზე დავჯექი.

_ იქნებ ცოტა გეჩქარა? არ მიყვარს შუაღამით სიარული.

_ მე არ მოვდივარ! _ რატომღაც, ჯიბრით ვთქვი და თვალი თვალში გავუყარე.

_ რა თქვი?

_ არ მოვდივარ!

_ და რატომ?

_ იმიტომ, რომ მე აქ სამუშაოდ ჩამოვედი. ზაფხული ჯერ არ დამთავრებულა. ახლა უკვე მარტო ვიქნები და მშვიდად გავაგრძელებ ჩემს საქმეს.

_ მიმიფურთხებია შენი საქმისთვის! ახლავე ადგები და წამოხვალ!

_ არსადაც არ წამოვალ და ბრძანებებს ნუ იძლევი, თუ შეიძლება. კიდევ იმიტომ არ წამოვალ, რომ არ მიყვარხარ და არც ცოლად გამოგყვები. ვწუხვარ, ამას რომ გეუბნები, მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. თურმე არც არასდროს მყვარებიხარ. უბრალოდ, მომწონდი და ეგ იყო.

კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. ჩაფიქრებული მომჩერებოდა. ბოლოს ხმადაბლა მკითხა:

_ ის გიყვარს?

_ ჰო… _ ხმადაბლადვე მივუგე.

კბილი კბილს დააჭირა. მივხვდი, ჩემმა პასუხმა გააცოფა, მაგრამ ყვირილისგან თავი შეიკავა.

_ ასე დამცირებულად პირველად ვიგრძენი თავი. ყველაფერი ყირამალა დადგა. მთელმა ბათუმმა იცის, რომ მალე ცოლ-ქმარი უნდა გავხდეთ, რომ…

_ მეტი «რომ» აღარ იქნება, რეზი. ყველაფერი დამთავრდა. _ ცივად შევაწყვეტინე მონოლოგი და ავდექი.

_ კარგი, როგორც გინდა, _ არნახული სიმშვიდით წარმოთქვა და ოთახიდან გავიდა.

თითქოს შვება ვიგრძენი. თითქოს უმძიმესი ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან. რამდენი ხანია, მისთვის ამის თქმას ვაპირებდი და ვერ გავბედე. რა კარგია, რომ სათქმელი ითქვა და ყველაფერი ასე უმტკივნეულოდ დამთავრდა. არადა, მეგონა, სცენებს გამიმართავდა. ბედნიერებაა, ეს რომ არ მოხდა.

ნახევარი საათი გაუნძრევლად ვიჯექი. როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ რეზი აღარ მობრუნდებოდა, ბესის დავუძახე და სანაპიროზე გავვარდი იმ იმედით, რომ იქ ალთაის ვნახავდი.

დიდხანს ვიარე. ჯერ მარჯვნივ გავყევი პლაჟს, მერე მარცხნივ, მაგრამ მის კვალს ვერსად მივაგენი. თითქოს აორთქლდა. უკანა გზაზე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა უნდა მეკეთებინა ამხელა სახლში მარტოს და მივხვდი, რომ მარტო დარჩენა არ მინდოდა. ზედმეტად ბევრი მოგონებები მაკავშირებდა აქაურობასთან. ალთაი სამზარეულოში, უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი ჭურჭლით, ალთაი კოტეჟში თავის მიკროსკოპთან და ლეპტოპთან ერთად, ალთაი წყალში და ალთაი პლაჟზე, ალთაი ჩემ გვერდით. სულ ორიოდე საათი გავიდა მის გარეშე და უკვე მომენატრა. მინდოდა, ყავა მოეხარშა, კარტოფილი შეეწვა, შემკამათებოდა, ეჩხუბა… ოღონდ კი ჩემთან ყოფილიყო.

იმ ღამეს ძილი არ გამეკარა. ყოველ გაფაჩუნებაზე ყურები მქონდა დაცქვეტილი. ველოდებოდი, რომ დაბრუნდებოდა. ის კი არ გამოჩენილა…

მზიანი დილა გათენდა. რომ არა დანგრეული კოტეჯი, ვერც იფიქრებდი, აქაურობას შტორმმა რომ გადაურა. ეზოში გასულმა მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ იქ ალთაის მანქანა არ იდგა. არ ვიცი, როდის წავიდა. არ გამიგია. ალბათ მაშინ, სანაპიროზე რომ ვიყავი გასული…

სამი დღე გავიდა ამ ამბიდან. არსაიდან არაფერი ისმოდა. არც ჩემები შემხმიანებიან. როგორც ჩანს, რეზიმ საჭიროდ არ მიიჩნია, ჩემებისთვის მოეყოლა, რაც აქ მოხდა. ძალიანაც კარგი. ჩავალ და მე თვითონ მოვუყვები ყველაფერს.

იმ დილითაც გავედით პლაჟზე მე და ბესი. კარგა ხანს ვიჭყუმპალავე წყალში. უეცრად ჩემკენ მომავალი მამაკაცი დავლანდე. სიარულის მანერით მივხვდი, რომ ალთაი იყო. არ მახსოვს, როგორ ამოვედი წყლიდან და მისკენ გავქანდი. ლამის კისერზე ჩამოვეკიდე.

_ ლიკა, შენ კიდევ აქ ხარ? _ თბილი ღიმილით დამაჯოლდოვა, _ რატომ არ წახვედი?

_ შენ რატომ დაბრუნდი? _ გული ლამის გამიჩერდა პასუხის მოლოდინში.

_ მე… მე მომიწია… მარინასთან ურთიერთობის გაგრძელება ვერ შევძელი. მგონი, ეს ადრეც ვიცოდი, უბრალოდ, ბოლომდე უნდა დავრწმუნებულიყავი ამაში.

_ გინდა თქვა, რომ არ გიყვარს?

_ არა, არ მიყვარს, _ გულღიად გაიცინა, _ ახლა კი შენ მითხარი, აქ რატომ ხარ?

_ იმიტომ, რომ… მეც მომიწია, იმიტომ, რომ რეზი არ მიყვარს…

_ ო! _ მის სახეზე ნაცნობმა ირონიულმა ღიმილმა გადაირბინა, _ რა საინტერესო ფრაზებია. მაგრამ იცი, რაშია საქმე? მეც აქ ვრჩები და ვინაიდან და რადგანაც კოტეჯი დაინგრა, შენთან ერთად მომიწევს ცხოვრება ერთ ჭერქვეშ.

_ ეს არ მოხდება, _ შევშინდი, მას აღარ ვენდობოდი.

_ მაშინ გავყოთ სახლი, ცარცით გავავლოთ საზღვარი და გვეცოდინება, რომელი ნაწილი რომლისაა.

შევყოყმანდი.

_ ჰო, მართლა, ორი კარგი ამბავი მაქვს. პირველი _ ჩემი წიგნი უკვე დაიტოვეს დასაბეჭდად გამომცემლობაში და მეორე, შენი ერთი ნახატი გაიყიდა. სწორედ ის, რომელზეც მე ვარ გამოსახული.

სიხარულისგან ენა ჩამივარდა.

_ აბა, რას იტყვი? გავყოთ სახლი?

თავი გავაქნიე.

_ ამ წინადადებაზე უარის თქმა მხოლოდ ერთი შემთხვევაში მოგიწევთ, ქალბატონო ლიკა! _ ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.

_ რა შემთხვევაში? _ დოინჯი შემოვირტყი და ურწმუნოდ მივაჩერდი. მეგონა, რაღაც მწარეს მეტყოდა, როგორც ჩვეოდა.

_ ცოლად უნდა გამომყვე.

მომეჩვენა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მომესმა.

_ რა თქვი? გაიმეორე! _ საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი.

_ ცოლად გამომყევი, იმიტომ, რომ კარგა ხანია, შემიყვარდი. უბრალოდ, არ მინდოდა ამის აღიარება. ახლა კი მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, ჩემი ცოლი გახდე და რაც შეიძლება, მალე!.

სასიამოვნო მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში დიდხანს ნანატრი ეს აღიარება. თვალებში ჩავხედე ჩემი ოცნების მამაკაცს და მივხვდი, რომ არ იტყუებოდა. უეცრად მომეჩვენა, რომ ცა დადაბლდა, ჩამოიწია, ხელები მოგვხვია და გულში ჩაგვიკრა. ტალღების ხმაც მიწვდა ჩემს სმენას, თითქოს ჩემი გულის ბაგაბუგს რიტმს აყოლებდა.

_ აბა? რას აირჩევ? ცარცით შემოხაზულ საზღვარს თუ საქორწინო ბეჭედს?

ბედნიერებით ვიყავი დანამული. გულიანად გამეცინა.

_ თუკი თქვენ ცარცით ეცდებით საზღვრის გავლებას, მისტერ შეყვარებულო, მე თქვენ მოგკლავთ! _ მუშტი მოვუღერე.

_ ეს თანხმობის ორიგინალური ვარიანტია? _ გადაამოწმა ალთაიმ ჩემი პასუხი.

_ ასე გამოდის, _ კეკლუცი ღიმილით მივუგე.

_ ჯანდაბას! _ მსუბუქად შესძახა ალთაიმ და მკლავებში მომიწყვდია…

ტალღებმა ღელვას უმატა, ფეხებს გვისველებდა ორივეს, თუმცა ამას ვერც მე ვგრძნობდი და ვერც ის.

ჩვენი სახლის ფანჯრებზე მზის სხივები ირეკლებოდა, თითქოს შორიდან გვანიშნებდა, რომ შინ დაბრუნების დრო დამდგარიყო…

ბესი მზის სხივებს ყეფით ეთანხმებოდა…

დასასრული

იხილეთ ასევე:

მგელთან მოხეტიალე - თავი 11

მგელთან მოხეტიალე - თავი 10

მგელთან მოხეტიალე - თავი 9