ახალგაზრდა ქართველ მწერალ ელის დოჯსონს მკითხველი ორი წიგნით - „რაფლეზია“ და „საიდუმლო ქალაქი Z” იცნობს. „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში ელისის მესამე რომანი - „ამ მთისა და იმ ბარისა“ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. რომანი ხევსურულ მოტივებზეა დაწერილი.
ელის, სულ ახლახან გამოიცა შენი მესამე წიგნი „ამ მთისა და იმ ბარისა“. მოკლედ გვიამბე, რის შესახებაა და რა იყო შენი ინსპირაცია?
- ინსპირაცია ის იყო, რომ ყოველთვის მინდოდა დამეწერა მთაზე. ოღონდ მემუშავა მთაში, თუშეთში ან ხევსურეთში, მაგრამ არ გამოვიდა. ის კი არა, ხევსურეთი ჯერაც არ მინახავს თვალით. რატომღაც მუდამ მეგონა, რომ როდესაც ცხოვრებაში რთული პერიოდი დამიდგებოდა, ალბათ, მთაში გაქცევით ვუშველიდი თავს. რადგან არა და არ დადგა ეს დრო, ავდექი და მოვიგონე ეს რომანი.
რამდენად რთული და საინტერესო იყო ამ რომანზე მუშაობა? და ზოგადად, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა შენთვის ძველი ხევსურული წეს-ჩვეულებების გაცნობა?
- რთული არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არა. აი, რედაქტორებისთვის - კი. რაც შეეხება წეს-ჩვეულებებს, ასე თუ ისე ნაცნობი იყო ეგ ყველაფერი ჩემთვის, უბრალოდ გადავამოწმე სანდო წყაროებთან, რომ არ შევმცდარიყავი რამეში.
შენი სამივე წიგნი განსხვავებულ ჟანრშია დაწერილი. რომელი ჟანრია უფრო ახლოს შენთან და კიდევ თუ აპირებ სხვა ჟანრში რაიმე ახლის დაწერას?
- უფრო ახლოს ფენტეზის ჟანრია ჩემთან. თავს აქ ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ეს წიგნიც გარკვეულწილად მისტიკურია, რეალობა და არარეალური სამყაროს ზღვარზე ხდება ყველაფერი. ამიტომ ამ წიგნზე მუშაობით თავადაც ვისიამოვნე.
როგორც ვიცი, შენი პირველი წიგნი ინდოეთში გამოიცა და ითარგმნა. მოგვიყევი, როგორ მოხდა ეს?
- ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე იყო გატანილი „რაფლეზია“, რომელიც "პალიტრა L"-მა ინგლისურადაც თარგმნა. მოეწონა ერთ-ერთი გამომცემლობის აგენტს და ასე მოხვდა ფრანგული ისტორია ინდოეთში. დიდი ეჭვი მაქვს, ერთხელ „რაფლეზიას“ ბოლივუდურ ვერსიასაც ვიხილავ.
რას გვეტყვი პირველ ქართულ ინტერაქციულ წიგნზე - „ფენიქსი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღე რამდენიმე ავტორთან ერთად?
- ოო, ეს იყო ძალიან კარგი დრო. ერთგვარი ლიტერატურული თავგადასავალი. გამოწვევა. თავიდან დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, მერე დავიწყე წერა. ვწუწუნებდი, კოლეგები მამხნევებდნენ. აი, ბოლო წიგნების წერა უფრო გამიტკბა. მკითხველს ძალიან მაგარი თავგადასავალი ელის. ცოტა მშურს, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც არ იცის, რა ელის წინ და რა ემოციებს მოუტანს მათ „ფენიქსი“.
ახალს წერ რამეს? რას უნდა ელოდოს შენი მკითხველი?
- ახლა მოთხრობების კრებულზე ვმუშაობ, ქართული ლეგენდების და თქმულებების საფუძველზე ვწერ სხვადასხვა კუთხის ამბებს, იქაური მითების გამოყენებით.
ძალიან მომწონს წიგნის სახელწოდება „ამ მთისა და იმ ბარისა“. რამდენად რთულია ზოგადად სათაურის მოფიქრება?
- უჰ, ძალიან! სულ სხვა სათაური მქონდა და "ფეისბუქზე" დავწერე, არ ვიცი, რა დავარქვა ამ ახალ წიგნს, მთა და ტერიტორია რომ დავარქვა, ნეტა თუ შეიძლება-მეთქი? - მერე მკითხეს, რაზეა ამბავიო. მეთქი, ზოგი მთაზეა, ზოგიც ბარზე. ვიღაცამ დამიწერა, ჰოდა, დაარქვი - ზოგი მთისა, ზოგი ბარისაო, და უცებ.... მოვიდა სათაური. უი, კარგი გამახსენდა, ამ ბიჭს იდეის მოწოდებისთვის წიგნს შევპირდი და უნდა ვაჩუქო.
იხილეთ: ფრაგმენტები წიგნიდან - "რაფლეზია"
"დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z" ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ
მისტიკა, ნიშნები და ორი ქართველი მწერლის უჩვეულო სამყარო