საღამოს ვაკო მართლაც ჩავიდა სოფელში გიორგის მოსანახულებლად და ღამითაც დარჩა. იას ისე ექცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ქალი გაფაციცებით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას, ყოველ გამოხედვას, მაგრამ წყენა და სიბრაზე მის ქცევაში ვერ დაიჭირა. შესაბამისად, თბილისში გაქცევაც გადაიფიქრა და გულდამშვიდებული დაბრუნდა წყალტუბოში.
მეორე დილით სადილი გაამზადა, რათა გიორგისთვის წაეღო. ვაკომ დაურეკა, დღეს ბევრად უკეთ არის და ჭამის ხასითზეც მოვიდაო. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და სანამ მობრძანდითო, დაიძახებდა, კარი მეზობელმა ნინომ შემოაღო.
- მობრძანდით, ქალბატონო ნინო!
- შვილო, ატმის ჯემი მოგიტანეთ შენ და ვახტანგს, ჩემი მოდუღებულია. უყვარს მაგ ბიჭს ეს ჯემი, ყოველთვის უხარია, როცა მომაქვს. შენც დააგემოვნე, მე მგონი, მოგეწონება. - ქალს ხელში ნახევარლიტრიანი ქილა ეჭირა.
- ვაიმე, რატომ შეწუხდით, ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა, - იამ ქალს ქილა გამოართვა და თაროზე შემოდო, - დაბრძანდით, ყავას ხომ დალევთ?
ნინომ გაუღიმა და სკამზე დაჯდა.
- არა, დედი, არ შეწუხდე. წეღან მაღალი წნევა მქონდა და წამალი დავლიე. ცოტა ხანს ჩამოვჯდები და წავალ.
- მაშინ ხილს გაგატანთ. გუშინ საღამოს გამოვიარე ბაზარში და იმდენია, ჩვენ მაინც ვერ მოვერევით.
- აი, მაგაზე კი არ გეტყვი უარს, ტკბილი მიყვარს.
- ძალიან კარგი, თუ ასეა, კანფეტებსაც გაგატანთ. ეს წნევას არ ავნებს.
- გაიხარე, გენაცვალე, როგორი ოქროს გული გაქვს, ჩემი ვახტანგის არ იყოს. ისე, ამ საღამოს კრებაა ჩვენთან და ხომ არ წამოხვიდოდი?
- რა კრებაა? - მოუბრუნდა ია.
- ყოველი თვის ბოლო სამშაბათს იმართება საქალაქო კომიტეტის შეკრება. ვაკოცაა მაგ კომიტეტის წევრი.
- გასაგებია, მაგრამ მე რა შუაში ვარ? წყალტუბოში სრულიად უცხო ადამიანი ვარ, არავინ მიცნობს და არავის ვიცნობ. ალბათ, არც შემიშვებენ.
- რას ამბობ, დედი, როგორ არ შეგიშვებენ! ნებისმიერს შეუძლია დასწრება და საკუთარი იდეებისა და წინადადებების წამოყენება.
- თქვენ მიდიხართ?
- აბა რა, აუცილებლად, მაგას გამოვაკლდები?
- კარგი, თუ ვაკო წინააღმდეგი არ იქნება, მეც გამოვყვები და იქ შეგხვდებით, - მხოლოდ იმიტომ დაეთანხმა ია, რომ ქალისთვის ესიამოვნებინა, თორემ რა უნდოდა წყალტუბოს კომიტეტის სხდომაზე?
ქალებმა კარგა ხანს ისაუბრეს, მერე კი ნინო წამოხტა, სულ დამავიწყდა, ბავშვთან სკოლაში ვარ დაბარებულიო და ხილით სავსე ჯამი და კანფეტები თან გაიყოლა. ია კი გიორგისთან წასასვლელად გაემზადა.
საღამოს, როცა ვაკო შინ დაბრუნდა, იას ვახშამი უკვე მზად ჰქონდა. ისე იყო გამოპრანჭული, ვაკოს თვალები შუბლზე აუვიდა. გაოცებულმა ახედ-დახედა ქალს და ჰკითხა:
- ია, საით შენი მგზავრობა?
- ნინომ მითხრა, კომიტეტის კრებაა და ვაკოს აუცილებლად გამოჰყევიო, - თქვა ქალმა და გაწითლდა. ბოლო დროს ტყუილების თქმა უწევდა და სინდისი ქენჯნიდა. თვითონაც არ იცოდა, ბოლო წუთს რატომ გადაწყვიტა კრებაზე წასვლა, რა ესაქმებოდა, მაგრამ ისე უნდოდა ვაკოს გვერდით ყოფილიყო, კრებაზე კი არა, ჯოჯოხეთშიც გაჰყვებოდა.
- მერედა, იქ შენ რა უნდა აკეთო? მოგეწყინება. არაფერია იმ კრებაზე შენთვის საინტერესო.
იამ იწყინა.
- რატომ გგონია? მაინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ამ პატარა ქალაქში, თანაც, მარტო ხომ არ ვიქნები? შენც მოდიხარ და ნინოც. თუ ჩემთან ერთად წამოსვლა გიტყდება, მარტო წადი, მე კი ნინოს გავუვლი და ერთად წამოვალთ.
- რა სისულელეა! - უკმაყოფილება ვერ დაფარა ვაკომ და ვახშმობას უგემურად შეუდგა.
- რა ვიცი, იქნებ გეჩქარება ან ვინმე გყავს წასაყვანი, - ჩაუნისკარტა.
- არსადაც არ მეჩქარება და არც არავინ მიმყავს. თუ ასე ძალიან გინდა, წამოდი და ნინოც გავიყოლოთ, - გაღიზიანებული ტონით მიუგო ვაკომ და ჩანგალზე წამოცმული ხორცის ნაჭერი პირისკენ გააქანა…
კლუბის პატარა დარბაზში წყალტუბოელებს მოეყარათ თავი. როგორც კი ია დარბაზში შევიდა, სკამების მეორე რიგში რიტა და კარლო დაინახა. მათ ხელი დაუქნია და ნინოსთან ერთად უკანა რიგში დაჯდა.
კომიტეტის წევრები სცენაზე, მაგიდას შემოსხდომოდნენ.
- მე სცენაზე გავალ, მომიწევს ალბათ სიტყვით გამოსვლა, - წასჩურჩულა ვაკომ.
- კარგი, - თავი დაუქნია იამ და დარბაზს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა.
- კარგი ქენი, რომ წამოხვედი, ოქრო გოგო ხარ! - წასჩურჩულა ნინომ და ხელზე ხელი მოუჭირა.
ზუსტად შვიდ საათზე ქალაქის მერმა კრება გახსნილად გამოაცხადა. ასეთ პუნქტუალობას ია არ ელოდა. ყოველთვის ყველგან ყველაფერი დაგვიანებით იწყებოდა, რაც თავი ახსოვდა.
მერი ტანდაბალი, შეუხედავი კაცი იყო, მაგრამ როგორც კი ლაპარაკი დაიწყო, დარბაზი გაისუსა.
კომიტეტის წევრები მოხსენებით გამოვიდნენ. როცა ვაკოს რიგი დადგა, წამოდგა, ტრიბუნასთან მივიდა, დამსწრეთ მოახსენა მთელი თვის ანგარიში და ისიც, რის გააკეთებას აპირებდნენ მომდევნო თვეში.
მოულოდნელად პირველი რიგიდან შუა ხანს გადაცილებული ქალი წამოდგა:
- ბატონო ვახტანგ, თქვენთან შეკითხვა მაქვს.
- ბრძანეთ, ქალბატონო ლილი.
"ნუთუ ამ ქალაქში ეს კაცი ყველას სახელებით იცნობს? - გაიფიქრა იამ, - თუ ამ კრებაზე ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი დადის?"
- თქვენ ცნობილი პიროვნება ბრძანდებით. კარგი სახელი გაქვთ, ყველასთვის მისაბაძი ადამიანი ხართ. ახლა მაინტერესებს და გთხოვთ, მიპასუხოთ, რამდენ ხანს დარჩება ეს ქალი თქვენს სახლში? - ქალმა უცებ თავი მოაბრუნა და საჩვენებელი თითი იასკენ გამოიშვირა.
დარბაზი აჩოჩქოლდა. მერმა სახაზავი დაჰკრა მაგიდას, რომ ყველანი გაეჩუმებინა.
იას სუნთქვა გაუჩერდა. ყველაფერს ელოდა, მაგრამ ასეთ რამეს? ასი წელიწადი! რა იყო ეს? ვის რა დაუშავა? ან ვისი საქმეა, ვისთან და რამდენ ხანს დარჩება ია?
რიტა და კარლოც აწრიალდნენ.
- ყურადღება არ მიაქციო, შვილო, ამ ქალს ყოველთვის ასეთი გამოხტომები აქვს. გოგო ჰყავს ჩაბერებული და ვახტანგს უმიზნებს. ამიტომაცაა ასე გაკაპასებული. - იას დამშვიდება სცადა ნინომ.
ვაკოს სახე გაუქვავდა. როგორც ჩანს, ამგვარ შეკითხვას არც ის ელოდა.
- არა მგონია, ქალბატონო ლილი, წყალტუბოელებისთვის ჩემი სტუმარი მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს.
- მე ასე არ ვფიქრობ, - დაიწყო კამათი ლილიმ, - თქვენ თანამდებობის პირი ხართ, ზნეობას იცავთ და ასეთი საქციელი არ შეგფერით. სხვას როგორ უნდა დაარიგოთ ჭკუა, როცა მთელი ქალაქი უკვე თქვენზე ლაპარაკობს?
იას გული ისე უცემდა, ლამის ამოვარდნოდა. ნეტავ, არ მოვსულიყავი, ეს ამბავი ხომ არ მოხდებოდა და არც ვაკოს ჩავაგდებდი უხერხულ სიტუაციაშიო, დანანებით ფიქრობდა.
ია მოულოდნელად წამოდგა, თავი ჩაღუნა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა დარბაზიდან.
ვესტიბიულში ნინო წამოეწია.
- ია, მოიცა, შვილო, რას გარბიხარ მაგ ტუტუცი ქალის გამო? მაგის ამბავი მთელმა ქალაქმა იცის, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. დიდი წუნკალი ვინმეა, უსაქმური, ენაჭარტალა, ყველგან ცხვირს ყოფს. აუხსნიან ყველაფერს, ნუ ნერვიულობ. ვახტანგი დაელაპარაკება.
- დეიდა ნინო, სულაც არ მინდა, ჩემ გამო ვაკომ თავი იმართლოს. ახლავე ჩავალაგებ ჩემს ბარგს და სასტუმროში გადავალ, ხვალ კი თბილისში დავბრუნდები. - იას თვალები ცრემლით ავსებოდა.
- აბა, რას ამბობ, გენაცვალოს ჩემი თავი, არა მგონია, ეს საქციელი ვინმემ მოგიწონოს, მით უფრო, ვახტანგმა.
- ასე მისთვისაც უკეთესი იქნება და ჩემთვისაც. ვიცი, რასაც ვაკეთებ. მაპატიეთ, ქალბატონო ნინო!..
ნანობდა, როგორ ნანობდა, აქ რომ წამოვიდა. რატომ ფეხი არ მოტყდა? რამ მოიყვანა აქ? დაეჯერებინა ვაკოსთვის, ამ დღეში ხომ არ ჩავარდებოდა? ახია მასზე!..
ია მთელი სისწრაფით ალაგებდა ჩემოდანში თავის ნივთებს, როცა ვაკო დაბრუნდა.
- რატომ გამოიქეცი? ვერ დამელოდე? - მამაკაცი საავდროდ გამზადებულ ღრუბელს ჰგავდა და ხმაშიც გაღიზიანება ეტყობოდა.
- იმიტომ, რომ შენთვის ასე აჯობებდა. მე სასტუმროში გადავდივარ, ამაღამ იქ დავრჩები, ხვალ კი თბილისში გავემგზავრები. ღამით მეშინია ამხელა გზის მანქანით გავლა, თორემ ერთ წამსაც არ გავჩერდებოდი.
- არსადაც არ გაგიშვებ! რას უსმენ მაგ არანორმალურს? შენი გაქცევა იცი, რას ნიშნავს?
- რას? - მოულოდნელად იამ ჩალაგება შეწყვიტა და განრისხებული სახით ვაკოსკენ შემობრუნდა.
მამაკაცი დაიბნა. თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებსო, თვალები დააცეცა, მერე კი არეულად ჩაილაპარაკა:
- ჩვენ ხომ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია.
- მართალი ხარ, მაგრამ სხვებმა რა იციან? გინდა, რომ შენზე მთელმა ქალაქმა იჭორაოს? იქნებ ამის გამო სამსახურიც დაკარგო. მე ფეხებზე მკიდია, ჩემზე რას იტყვიან, დღეს ვარ აქ და ხვალ აღარ ვიქნები, მაგრამ შენ? ჩემ გამო რეპუტაცია რატომ უნდა შეგელახოს?
მამაკაცი ქალს მიუახლოვდა და მხარზე შეეხო.
- სამსახურზე მნიშვნელოვანიც არსებობს… მაგალითად, მეგობრობა.
იამ მისი ხელი გაღიზიანებულმა მოიშორა და ისევ ჩემოდანს მიუბრუნდა.
- ია…
- არ გინდა, ვაკო, ასე აჯობებს, ვიცი და ნუ შეეცდები ჩემ შეჩერებას.
ია ჩემოდნისკენ დაიხარა და მოულოდნელად მამაკაცის ძლიერი მკლავების შეხება იგრძნო. ვაკომ თავისკენ შემოატრიალა ქალი და ახლოს მოიზიდა. წამიც და ია მის მკლავებში აღმოჩნდა. ქალმა გაძალიანება სცადა, მაგრამ ვაკოს ისე ჰყავდა ჩაბღუჯული, მისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო. ბოლოს ბრძოლა შეწყვიტა და მამაკაცს თვალებში ჩახედა. ვაკომ თავი მისკენ დახარა და ტუჩებში ეძგერა. ასე ვნებიანად ჯერ არ უკოცნია. ია ისე გაითიშა, ფეხქვეშ ლამის მიწა გამოეცალა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და კვლავ შეეცადა ვაკოს მკლავებიდან გათავისუფლებას.
- ვაკო, არ გინდა, ძალიან გთხოვ. გამიშვი აქედან, ნუ დამაკავებ. მეყოფა, რაც ვიტანჯე. მე კაცებს კარგა ხანია, აღარ ვენდობი. მას შემდეგ, რაც მოხდა…
მამაკაცმა მის ალერსს თავი დაანება და მკლავები ოდნავ მოადუნა.
- მაგით რისი თქმა გინდა? - მამაკაცს გული შეეკუმშა, როცა იას შეხედა. მას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ეს-ესაა, უახლოესი ადამიანი დაკარგაო.
მისმა სევდიანმა თვალებმა გული მოუკლა.
- არა, არაფერი, - იამ მისი მკლავები მოიცილა და საწოლზე ჩამოჯდა.
- მითხარი, ხომ იცი, რომ არ მოგეშვები, - ვაკოც გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი სათუთად გადახვია.
- არ მინდოდა, შენ ეს ამბავი გაგეგო, - წაიჩურჩულა იამ და თვალები ცრემლებმა დაუბინდა.
- რა ამბავი?
- ვილის საყვარელი ჰყავდა თურმე, აღმოჩნდა, რომ მატყუებდა.
- ვილი და საყვარელი? დარწმუნებული ხარ? საიდან გაიგე? რაღაც ვერ ვიჯერებ.
- იმ გოგოს წერილები წავიკითხე კომპიუტერში. მერე ჯიბეშიც ვუპოვე ერთი ბარათი. უფრო სწორად, ფეხსაცმლის ყუთში.
- ვინ არის, რას წარმოადგენს?
- ვილის თანაშემწე იყო.
- სასწაული! ვილი და საყვარელი! - ვაკომ ღრმად ამოისუნთქა და თავი მაღლა ისე ასწია, თითქოს ნიავს მიუშვირაო.
- გინდა გითხრა, რა ვიგრძენი? დამცირება და შეურაცხყოფა. მაგარი სულელი ვყოფილვარ. თურმე ჩემგან არ უნდოდა, შვილი ჰყოლოდა, იმასთან კი…
- მერე? ეჭვი არასდროს გაგჩენია? - ვაკოსთვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს ამბავი, რომ ცდილობდა, სიტუაციაში ბოლომდე გარკვეულიყო.
- არა, და ახლა ჩემს გულუბრყვილობაზე ბრაზი მომდის. როგორ მჯეროდა მისი ყოველი სიტყვის, რომ სამსახურში ძალიან იღლებოდა და ამიტომ ჩემთან დაწოლის თავი არ ჰქონდა, რომ გაწვალდა ამდენის სპეცოპერაციითა და მივლინებებით. მე კი არაფერი ვიცოდი, არც ის, რომ საბანკო ანგარიშიდან თავისი დანაზოგი თითქმის მთლიანად მოხსნა, რომ იმ გოგოსთან ერთად რესტორნებსა და კურორტებზე ევლო. მე კი მეუბნებოდა, მივლინებაში მივდივარო.
იას გული აუჩუყდა და ცრემლები წასკდა. ვაკო გამშრალი იდგა და არ იცოდა, რა ექნა. ის ღამე გაახსენდა, როცა ვილი გაიქცა და ბიჭები მის მიერ გატაცებულ მანქანასთან მიატოვა. ნუთუ უკვე მაშინ იყო ნათელი, მისგან როგორი კაციც დადგებოდა?
- კარგი, დამშვიდდი, შენ ხომ არ ხარ დამნაშავე, რა გატირებს?
- მე ვარ დამნაშავე, თუ ვარ. ყველაფერი ჩემი ბრალია.
- რა არის შენი ბრალი, ნუ გამაგიჟე!
- რა და… ჩემი ბრალია, რომ მიღალატა. ალბათ, მე ვერ ვივარგე. მხოლოდ გარეგნობა საკმარისი არ ყოფილა. ქალს სხვა რამეც სჭირდება, როგორც ჩანს, ისეთი რამ, რაც კაცის კალთაზე გამობმაში დაეხმარება. როგორც სხვები ახერხებენ ამას. არ ვიცი, დღემდე ვერ ვხვდები, რა ვერ გავაკეთე ისე? მითხარი, რაშია ჩემი შეცდომა?
ვაკომ თავი ვეღარ შეიკავა, ია ჩაიხუტა და თმაზე მიეფერა.
- მიდი, იტირე, იტირე და გულზე მოგეშვება, - აჩურჩულდა მამაკაცი.
ქალის ცრემლებმა მამაკაცს პერანგი დაუსველა, მაგრამ იგი იას არ მოსცილებია, ეფერებოდა და არწმუნებდა, შენ არაფერში ხარ დამნაშავეო.
როგორც იქნა, ია ცოტათი დაწყნარდა და ვაკოს თვალებში შეხედა.
- მაპატიე, არ მინდოდა ჩემი პრობლემები შენთვის თავს მომეხვია.
ვაკომ ქალი ფრთხილად დასვა დივანზე, თვითონაც გვერდით მიუჯდა და ჰკითხა:
- ვინმეს მოუყევი ამის შესახებ?
- არა!
- არც მის მშობლებს?
- არა, რას ამბობ! არავისთვის მომიყოლია, არ მინდოდა, ვინმეს შევცოდებოდი ან ეფიქრათ, რომ ოჯახის შენარჩუნება ვერ მოვახერხე.
- ია…
- ჰო, ასეა. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა? გგონია, ვერ ვხვდები, რომ ამით თავს ვიტყუებ? ყველამ ყველფერი იცოდა. ამაში, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, მაგრამ ჯიუტად ვდუმვარ. არც ვიცი, რატომ. შეიძლება მის მშობლებს და სხვებსაც ჰგონიათ, რომ მე დღემდე არაფერი ვიცი. დაე, ასე ეგონოთ. თუ თვითონ არაფერი წამოსცდებათ, არც მე ვიტყვი არაფერს. თუ, რა თქმა უნდა, საჭიროებამ არ მოითხოვა.
- საჭიროებაში რას გულისხმობ? - ვაკომ გამომცდელი მზერა მიაპყრო.
- რა ვიცი… - წამოწითლდა ია, - ყველაფერი ხდება. - დაამატა და განზე გაიხედა, თან ისე მწარედ ამოიოხრა, რომ მამაკაცს გული მოეწურა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ქალს მკლავები მოხვია.
- ნეტავ თავის დროზე მცოდნოდა, იქნებ რამე მომეფიქრებინა… მიკვირს, რატომ ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ იმდენად ვენდობოდი, რომ… რას წარმოვიდგენდი… განა რა დიდხანს ვცხოვრობდით ერთად… არა, ვაკო, გამიშვი, აჯობებს, თბილისში წავიდე, ასე არ შემიძლია!
- იაკო, როგორ გგონია, რაც მიამბე იმის შემდეგ მე შენ სადმე გაგიშვებ?
- მთელი წელია, ვიტანჯები და ვერა და ვერ შევძელი დავიწყება.
- ვერც დაივიწყებ, მაგრამ როგორმე უნდა შეეგუო ამ ამბავს. სხვანაირად ცხოვრება გაგიჭირდება. ჩემზე კი ნუ იდარდებ - იმ ქალბატონსაც და ყველას ავუხსენი, რომ ჩვენ მეგობრები ვართ და შენთან მეგობრობა ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე საზოგადოების აზრი.
ია ოდნავ უკან გადაიხარა და მამაკაცს შეხედა.
- მართლა ასე უთხარი?
- რა თქმა უნდა. ის კი არა, როცა სათქმელი დავამთავრე, ტაშიც კი დამიკრეს. მაგრამ იმ ქალმა ისე გამაბრაზა, რომ მარიმ რაც დამაბარა საავადმყოფოს შესახებ, იმის თქმა კი დამავიწყდა.
- რა დაგაბარა?
- გუშინ იმიტომ მივედი მასთან, რომ თვითონ კრებაზე ვერ მოვიდოდა და შევთანხმდით, სამედიცინო კუთხით რა მელაპარაკა, კლინიკაში რა პრობლემებია. რაღაცები მითხრა, დამაბარა, ესა და ეს თქვიო, შენ კი გაბრაზდი, არა, იქ რომ დამინახე? რაღაც უაზრო ლაპარაკი წამოიწყე, - ვაკომ რბილად გაიღიმა, - მაშინვე შეგატყვე სახეზე, ისე აკვესებდი თვალებს. არა, მაინც რა იფიქრე, არ დამიმალო. ახლა მაინც მითხარი, იეჭვიანე?
ია კარგა ხანს დუმდა.
- იცი, რა მაინტერესებს? - შეფიქრიანებული ხმით დაიწყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, -რასაც ახლა მარის შესახებ მეუბნები, მართალია თუ გიყვართ ერთმანეთი და თქვენს გრძნობებს იმიტომ მალავთ, რომ მას ქმარი ჰყავს?
ვაკო, ცოტა არ იყოს, გაღიზიანდა.
- რამდენჯერ გითხარი, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ და სხვა გრძნობა ერთმანეთთან არ გვაკავშირებს.
- დღეს კრებაზე ჩვენ შესახებაც ყველას გამოუცხადე, რომ ჩვენც მეგობრები ვართ, მაგრამ მგონი, ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე მეგობრობა. თუ ვცდები?
ვაკო გაშრა. ამ არგუმენტმა ენა ჩააგდებინა.
- მომისმინე, ია, მე და შენ… მართალი გითხრა, ყოველთვის მიყვარდი, მაგრამ ვილის გამო თავს ვიკავებდი და არაფერს გაგრძნობინებდი. ახლაც ამ მიზეზით ვიქცევი ასე. შენ ბევრი რამისგან უნდა გათავისუფლდე და მე მგონი, ვიცი, ეს როგორც უნდა გავაკეთო.
- ვერ გავიგე, მაგით რისი თქმა გინდა, რას გულისხმობ?
- რას იტყვი, ორი დღით მოწამეთაში წასვლა რომ შემოგთავაზო? იქ ჩემი მეგობარი მღვდელია, მამა თორნიკე. ძალიან საინტერესო ადამიანია, ახალგაზრდობაში წლების განმავლობაში ციხეში იჯდა, პოლიტიკურზე, ქურდი და ეგეთი ვინმე არ გეგონოს. მერე აიძულეს, საქართველოდან წასულიყო, ფაქტობრივად, რეპრესია მოუწყვეს. მერე დაბრუნდა და ეკლესიას მიაშურა. მიხვდა, რომ სხვანაირად საქართველოში ფეხზე არავინ დააყენებდა, გაანადგურებდნენ. ჩვენი სტუმრობა ძალიან გაუხარდება. იქ ისეთი სილამაზეა, არსად რომ არ გინახავს. დამიჯერე. თუ გინდა, კარავი წავიღოთ და ცალკე, ტყეში გავშალოთ. მე მგონი, ბუნებაში ყოფნა ორივეს გვარგებს.
- მერედა, ჩემთან ტყეში მარტო დარჩენის არ გეშინია? - მაცდურად აუციმციმდა იას თვალები.
- შენთან ერთად არსად არ მეშინია. თუ რამეა და, მოსახდენი მოხდეს. ჯობია ტყეში, ვიდრე აქ. იქ რომანტიკა მეტია. - ვაკომაც ეშმაკური პასუხი გასცა.
- სამსახურიდან გაგიშვებენ? შეძლებ? წარამარა გირეკავენ და…
ვაკოს გაეცინა.
- როცა რაღაც ძალიან გინდა, მაშინ შეიძლება. ხვალ სამსახურის საქმეებს მოვაგვარებ და ხუთშაბათს დილით ადრე გავემგზავროთ.
ვაკოს იასთვის კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მოეხვია ქალს და შუბლზე აკოცა.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>