ჟურნალ „სარკესთან“ „ალილოს“ წევრი გია დავითიანი თავის განვლილ ცხოვრებას აჯამებს:
„65 წელი ისეთი ასაკია, როდესაც ბევრი რამე გაქვს გამოვლილი, ბევრი რამ იცი, ცხოვრებისეული გამოცდილებაც დაგროვილი გაქვს. გიხარია, როდესაც ამდენ ხალხს უყვარხარ და პატივს გცემს. ჩემს დაბადების დღეზე ბევრი სიურპრიზი და სიხარული მივიღე. პირველ რიგში, ჩემმა მეუღლემ ისეთი ტორტი დამახვედრა, რომ მისი ვიზუალით გაოცებული დავრჩი. ტორტზე იყო მიკროფონიც, საქსოფონიც. სიურპრიზი იყო ჩემთვის ისიც, რომ დაბადების დღეზე ვარსკვლავი გამიხსნეს. ბროწეულაში კიდევ ერთი სურვილი ავიხდინე და პატარა სცენა გავაკეთე. სწორედ ამ სცენაზე გამიხსნეს ვარსკვლავი.
რა თქმა უნდა, წლებს თავისი გულისწყვეტაც მოაქვს… ცხოვრებაში სიყვარულსა და ბედნიერებასთან ერთად, სიმწარეც ბევრი მაქვს ნანახი. ამიტომ განსაკუთრებით ვუფრთხილდები ყველა ურთიერთობას, რომელიც მაბედნიერებს.
ბევრს ნიშნავს, რომ დღეს ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანი არსებობს. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ შევხვდი და გავიცანი ეკატერინე არჩვაძე. სწორედ ის იყო თავიდან ბოლომდე ჩართული ჩემი საიუბილეო საღამოს ორგანიზებაში. ყველა დეტალი საოცრად ჰქონდა გათვლილი, მუსიკალური პროგრამაც შესანიშნავად ჰქონდა აწყობილი. როდესაც ასეთი მზრუნველი მეუღლე გყავს გვერდით, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას. ასევე ჩართულები იყვნენ ჩვენი შვილებიც.
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 65 წლის ასაკში თუ ასეთი ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება მექნებოდა. ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის ყოველთვის!..“ - თქვა მან.
მუსიკოს გია დავითიანისა და ექიმ ეკა არჩვაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მათ ოჯახი 2021 წელს შექმნეს და ერთად ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა მათ სიყვარულს თავდაპირველად ხმაურიც მოჰყვა. ეკა არჩვაძე დაქორწინებული იყო ექიმ და მსახიობ ოთარ ტატიშვილზე. მათ ორი ვაჟი ჰყავთ. დაშორების შემდეგ ოჯახი ოთარმაც შექმნა და ეკამაც იპოვა სიყვარული, რომლის შესახებაც მან ჟურნალ "სარკესთან" ვრცლად ისაუბრა:
"ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი პერიოდია. ყველაფერი სტაბილურად მიდის. ძალიან მაბედნიერებენ შვილიშვილები. რა თქმა უნდა, გიას ყურადღება არ აკლდება, მაგრამ შვილიშვილებთან ძალიან დიდ დროს ვატარებ და ეს მსიამოვნებს. ჩემს ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს.
აუცილებელია, ყველა ადამიანს გვერდით ჰყავდეს, პირველ რიგში, მეგობარი და საყვარელი ადამიანი. მეუღლე ჯერ მეგობარი უნდა იყო. როცა იცი, რომ შენზე ვიღაც ზრუნავს, ეს დიდი ბედნიერებაა. სიყვარული როცა მოდის, ფრთები გესხმება. ძალიან ვუფრთხილდები ამ გრძნობას, რა გრძნობითაც ოჯახი შევქმენი. დღემდე ვანებივრებთ ერთმანეთს სიურპრიზებით. ერთმანეთის სიყვარული გვაქვს ყოველი წუთით და წამით. სულ ერთმანეთის გვერდით ვართ.
ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ასაკში უფრო საჭიროა სიყვარული. როგორც აღვნიშნე, ძალიან ვუფრთხილდები ამ გრძნობას. რა თქმა უნდა, შვილებმა დიდი დრო წაიღეს. შეიძლება ჩემს პროფესიაში უფრო მეტი გამეკეთებინა, მაგრამ არ ვნანობ, რადგან ეს ჩემი არჩევანი იყო. მშობლებიც გვერდში მედგნენ, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. შვილების ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის გამო კარიერაში რაღაცები გამოვტოვე, რაღაც შანსები არ გამოვიყენე, მაგრამ ერთი წუთით არ ვნანობ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილები მყავს. ყველა დედას უნდა, მისი შვილის გვერდით იდგეს ღირსეული ადამიანი. ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩემს შვილებს ვინმე ისეთი შეუყვარდებოდათ, რომელიც ჩვენი ოჯახისთვის შეუფერებელი იქნებოდა. ამიტომ არავითარი პრეტენზია არ მქონია, არაფერში ჩავრეულვარ. ორივემ ლამაზი ოჯახი შექმნა. შვილიშვილზეც აღვნიშნე, რომ პირველი გოგო მინდოდა და ამიტომ, როდესაც პირველი რძალი შემოვიდა ოჯახში, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ყველა დედას უნდა ჰყავდეს გოგო შვილიც. არც ერთ ეტაპზე არ მქონია დედობრივი ეგოიზმი. ყოველთვის მინდოდა, ბედნიერები ყოფილიყვნენ. სანამ გიას გავყვებოდი ცოლად, უფროს შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობდი. ბევრს დაუსვამს კითხვა, რა ჯობია, ცალკე იცხოვროს წყვილმა თუ დიდ ოჯახთან ერთადო. ეს საკითხი დღემდე ჩემთვის ამოუხსნელია. თუმცა რამდენიმე წელი თავიდან კარგია, როცა დიდი ოჯახი ერთად ცხოვრობს, რომ ოჯახის ტრადიცია გაითავისონ.
ჩვენი აზრები, შეხედულებები, ტრადიციები უმეტესად დაემთხვა ერთმანეთს, სტუმარი ორივეს გვიყვარს და ჩვენი ოჯახის კარი ყოველთვის ღიაა. გიას ისეთი ხასიათი აქვს, რაც უნდა უთხრა, ყველაფერზე თანხმდება. ძალიან უყვარს ბროწეულაში ყოფნა. რა თქმა უნდა, იქ ზაფხულში დიდ დროს ვატარებთ, ვიდრე ზამთარში. ერთი კვირა თუ გავა და ბროწეულაში არ წავედით, გიას იქაურობა ენატრება. ძალიან გვიყვარს მოგზაურობა. არა მარტო საზღვარგარეთ, საქართველოს ფარგლებშიც ბევრს დავდივარ.
ბუნებით ვარ ისეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი, ბედნიერი და ლაღი ვყოფილიყავი. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც კიდევ უფრო მაბედნიერებს და ბედნიერ წუთებს მჩუქნის. შეუდარებელი გრძნობაა. როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც სულ შენზე ფიქრობს. 25 წელია მსგავსი შეგრძნება არ მქონია...