წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
გავრცელდა კადრები იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით.
ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი
ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელიაც ფეხბურთელი იყო. ხვიჩას მამა აზერბაიჯანში დაიბადა და ამ ქვეყნის ნაკრებში 3 შეხვედრაც ჩაატარა.

ბადრიმ კარიერის უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანულ კლუბ „შამქირში“ გაატარა, სადაც 1998 წლიდან 2005 წლამდე თამაშობდა. ამ გუნდის მაისურით 110 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 51 გოლის გატანაც შეძლო. კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელი გახდა.
“ჯერ ჩემი მეუღლე იყო ფეხბურთელი, როცა თბილისში თამაშობდა, სულ სტადიონზე ვიყავი პატარასთან ერთად, მერე აზერბაიჯანში, ორი ბავშვით. სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, მეუღლე-შვილები. მომიწია ასე. ცხოვრების ნახევარი თითქმის სტადიონზე მაქვს გატარებული”, – აღნიშნავდა ხვიჩას დედა მაკა კვარაცხელია.
ხვიჩას უმცროსი ძმა, თორნიკე ჰყავს. მან ფეხბურთის თამაში 2016 წელს ავაზას საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, სადაც მისი ნიჭიერება უყურადღებოდ არ დარჩენილა და მალევე "დინამო თბილისის" აკადემიაში გადაიყვანეს.