აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღეა და ყველა მორწმუნე ცდილობს, მას შესაბამისად მომზადებული შეხვდეს...
ამჯერად ოჯახურ კადრებს მსახიობი ანკა ვასაძე აქვეყნებს:
ანკა ვასაძე დიდი ქართველი მსახიობების, აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის, შთამომავალია. მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი, ცნობილი რეჟისორი, გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე უმცროსი. მათი ოჯახი მალე დაინგრა, მაგრამ მარინე თბილელი მამამთილს, აკაკი ვასაძეს, მუდამ ემადლიერებოდა.
წლების შემდეგ მარინე თბილელი ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე, აკაკი დვალიშვილზე დაქორწინდა და მისგან შეეძინა ბაია დვალიშვილი, რომელიც ასევე მსახიობი გახლავთ. ანკა ვასაძე კი აკაკი ვასაძე უმცროსის შვილიშვილია და ბაია დვალიშვილს ბებოს ეძახის… დიდი ბებია, მარინე თბილელი, კარგად ახსოვს, მაგრამ დიდ აკაკი ვასაძეს არ მოსწრებია.
სულ ვიცოდი , რომ მსახიობი ვიქნებოდი, სცენაზე ვიდგებოდი და სხვადასხვა როლს ვითამაშებდი, ალბათ რაზეც ოცნებობ, რაც ძალიან გინდა რომ აგიხდეს, ის მოდის კიდეც შენთან. მე ახლაც სულ ვოცნებობ და მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ფიქრები რეალობად იქცევა ისევე, როგორც ერთ დროს პატარა ანკას ოცნებები დღეს ხორცშესხმულია.
ჩემი პირველი როლი იყო სპექტაკლში „სამი და“. მესამე კურსზე მარჯანიშვილის თეატრში „ტარტიუფში“, ლევან წულაძემ დამაკავა, მარიანას როლზე. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის. ემოციური იყო. შემდეგ ლევანმა შტატში ამიყვანა. იმდენად ვნერვიულობდი, ისეთი დაძაბული ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი. შემდეგ უკვე მთელ დღეებს იქ ვატარებდი, ახლა სახლივითაა.
ანკა ვასაძე დაქორწინებულია, მას და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ. ანკა ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, თუმცა მეუღლესთან ერთად იშვიათად ჩნდება.
"ძალიან პატარა გავთხოვდი, 18 წლის ასაკში. ჩემი მომავალი მეუღლე, გიორგი თოფურიძე, სკოლაში გავიცანი. ჩემზე უფროსი იყო და ჩვენი ამბავი მაშინ არ დაწყებულა. 17 წლის ვიყავი, ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს და მას მერე ერთად და კარგად ვართ.
19 წლისას შემეძინა ნიკოლოზი და ოჯახისა და შვილის მიმართ პასუხისმგებლობის შეგრძნებამ ძალიან შემცვალა. მანამდე ზარმაცი და მოუხერხებელი ვიყავი. პასუხისმგებლობამ კი გამომწვრთნა და გამაყოჩაღა. უფრო მობილიზებული გავხდი, მანამდე ყველაფრის გადადება მიყვარდა.
გიორგი პროფესიით ეკონომისტია და თავისი ბიზნესი აქვს. იცის, რომ ჩემი პროფესიისთვის დიდი დროა საჭირო, მაგრამ, ტყუილი იქნება, ვთქვა, სიამოვნებს, სულ დაკავებული რომ ვარ და პროტესტი არ აქვს-მეთქი. რასაკვირველია, უნდა, უფრო მეტ დროს ვატარებდე მასთან, მაგრამ იცის, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. იუმორით მეუბნება ხოლმე, არასოდეს ხარ სახლში და ყველაფერი შენზეა მორგებული, დასვენებაც და სხვა რამეცო. ხანდახან ამოუვა ხოლმე ყელში ჩემი არყოფნა და რა არის, რა უბედურებააო, ამბობს.