ლეგენდარული ანსამბლი "სუხიშვილები" წლების განმავლობაში ინარჩუნებს ქართულ კულტურაში საკუთარ ადგილს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მსოფლიომ გაიგო ქართული ცეკვის უნიკალურობასა და ენერგიაზე. თუმცა დიდი წარმატება ხშირად იბადება ინდივიდუალური ისტორიებით. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ეკუთვნის თათია უკლებას - მოცეკვავეს, რომლის ცხოვრება სცენის მიღმა ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც სცენაზე.

თათია უკლებას გზა - "სუხიშვილები", სცენა და ცხოვრება
ვისაც უყვარს ქართული ცეკვა და თვალს ადევნებს "სუხიშვილებს", შეუძლებელია, თვალში არ მოხვედროდა თათია უკლებას განსაკუთრებული შარმი, სიძლიერე და ენერგია სცენაზე. თათიას დამახასიათებელი, ინდივიდუალური ვიზუალი მის პროფესიონალიზმს ერთი-ორად უსვამს ხაზს. თათია უკლება სცენაზე ექსპრესიული, ძლიერი და მომხიბვლელია, თუმცა როგორია ის სცენის მიღმა?
თათია იშვიათად საუბრობს პირად ცხოვრებაზე, თუმცა გადაცემაში "შაქრით თუ უშაქროდ" მან საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა.
"რაც მეტ რამეს აკეთებ ცხოვრებაში, უფრო მეტს ასწრებ. მთავარია ეს იყოს ხარისხიანი და მოინდომო, ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამ მიმართულებით ვერ ვმუშაობ, ჯერ პრიორიტეტი ცეკვაა. ამასთან, მყავს ოჯახი, რომელსაც დროს აუცილებლად ვუთმობ.

ჩემი მეუღლეც "სუხიშვილების" მოცეკვავეა. ეს დიდი კომფორტია, რადგან სულ ერთად ვართ და ყველგან ერთად ყოფნა გვიწევს. შვილი, მართალია, ცოდოა, რადგან გასტროლებზე დიდი ხნით რომ მივდივართ, არც დედაა მის გვერდით და არც - მამა.
18 წლის ასაკში გავხდი დედა. სკოლაში ყოველთვის მე მიმყავს და მომყავს. არასდროს მყოლია ძიძა, ვცდილობ, მე გავზარდო და, რა თქმა უნდა, დედაჩემი აქტიურად არის ჩართული. ცეკვაზე სიარულის დიდი სურვილი ჰქონდა და დადის კიდეც, კვირის დღეებში მე ვცეკვავ, შაბათ-კვირასაც მივდივარ, რადგან ბავშვს მივყვები, სულ უნდა, რომ მის ცეკვას ვუყურო და დარბაზშიც შევდივარ ხოლმე.
ოჯახი ჩემთვის უმთავრესია. ოჯახი არის ბედნიერება, სიყვარული, ყველაფერი სწორედ ოჯახიდან მოდის. უცხოეთში რომ ვარ გასტროლებზე წასული, ოჯახი ძალიან მენატრება", - ამბობს თათია გადაცემა "შაქრით თუ უშაქროდ" ეთერში.