მონაკოს პრინცესა შარლენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონარქია. მისი ცხოვრება დისციპლინით, სპორტული მიღწევებითა და მრავალმხრივი ჰუმანიტარული საქმიანობითაა სავსე.

შარლენი 1978 წლის 25 იანვარს დაიბადა როდეზიაში (დღევანდელი ზიმბაბვე). მისი მამა, მაიკლ კენეტ ვიტსტოკი, გაყიდვების მენეჯერი იყო, ხოლო დედა ლინეტ ჰამბერსტოუნი, პროფესიონალი მყვინთავი და ცურვის მწვრთნელი. სწორედ დედამ შეაყვარა შარლენს წყალი და ჩაუყარა საფუძველი მის მომავალ კარიერას.
შარლენს ორი უმცროსი ძმა ჰყავს: გარეთი, რომელიც მონაკოში ყავის ბიზნესითაა დაკავებული და შონი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ღონისძიებების ორგანიზატორია. 1989 წელს ოჯახი სამხრეთ აფრიკაში გადასახლდა. ბავშვობაში მასზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძაშვილის, რიჩარდის დახრჩობამ, რაც გახდა მისი ცურვისადმი გატაცებისა და წყალზე უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესების მთავარი მიზეზი.სწორედ ეს მოვლენა გახდა მოგვიანებით მისი მთავარი მოტივაცია, დაეარსებინა ფონდი, რომელიც ბავშვებს წყალზე უსაფრთხოებას ასწავლის.
სანამ შარლენი პრინცი ალბერტის მეუღლე გახდებოდა, მან სახელი გაითქვა, როგორც მსოფლიო დონის ათლეტმა.
მისი საცურაო კარიერა 1996 წელს დაიწყო. ვიტსტოკმა 1999 წელს იოჰანესბურგში გამართულ სრულიად აფრიკის თამაშებზე სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის სამხრეთ აფრიკას წარმოადგენდა თანამეგობრობის თამაშებზე 1998 და 2002 წლებში. 2000 წლის ოლიმპიადაზე მისმა გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა. კარიერის განმავლობაში ის ცურვის გაკვეთილებს უტარებდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეტორიის უნივერსიტეტის კლუბში ვარჯიშობდა, მას აკადემიური კურსები არ გაუვლია. 2007 წელს მან დაიბრუნა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონის ტიტული 50-მეტრიან დისტანციაზე გულაღმა ცურვაში. მას სურდა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე გამოსვლა, როგორც კარიერის დასასრული, თუმცა მხრის ტრავმის გამო კვალიფიკაცია ვერ გაიარა.

პრინც ალბერტ II-ისა და შარლენ ვიტსტოკის საბედისწერო შეხვედრა 2000 წელს, მონაკოში გამართულ შეჯიბრებაზე მოხდა. 2011 წლის 1 ივლისს მათი გრანდიოზული ქორწილი შედგა. პრინცესა შარლენმა კათოლიციზმი მიიღო, შეისწავლა ფრანგული ენა და მონეგასკური დიალექტი. 2014 წელს წყვილს ტყუპები, პრინცესა გაბრიელა და პრინცი ჟაკი შეეძინა.


პრინცესა შარლენი ბევრი ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტი და ამბასადორია:
საქართველოში ვიზიტი: 2020 წლის ოქტომბერში პრინცესა შარლენი თბილისს ეწვია. მან მოინახულა ოლიმპიური სოფელი, თბილისის რაგბის კლუბს ავტობუსი აჩუქა და შეხვდა სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის „აი ია“-ს წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.
2024 წელს პრინცესა შარლენმა პარიზის ოლიმპიური ცეცხლი ატარა, რითაც სიმბოლურად დაუბრუნდა თავის სპორტულ ფესვებს. ის დღესაც რჩება მოდის ხატად და ქველმოქმედად, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა უფლებებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.