ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი ვრცელ მიმართვას ავრცელებს. ნინი საუბრობს სოციალურ ქსელში მის მიმართ დაწერილი დისკრედიტაციული კომენტარების შესახებ და, როგორც თავად განმარტავს, ეს პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებების გამო მოხდა:

"გამარჯობა, მე ვარ ნინი შერმადინი, უკვე 14 წელია, რაც ამერიკაში იმიგრაციაში ვცხოვრობ. მეც რიგითი ემიგრანტი ვარ, მეც გამიჭირდა აქ თავის დამკვიდრება.
მინდა მადლობა გადავუხადო ამ ქვეყანას, რომელმაც მიმიღო და მომცა ექსტრაორდინარული ტალანტით დაჯილდოებული ადამიანებისთვის განკუთვნილი მწვანე ბარათი - დღეს უკვე ვარ ამერიკის მოქალაქე. ეს ქვეყანა არის ჩემთვის მეორე სამშობლო, რომელმაც გამზარდა, მიმიღო, ძალიან ბევრი კარი გამიღო, მასწავლა, ბევრი უნარი აღმომაჩენინა საკუთარ თავში. ბევრი სასწაული მოხდა ჩემს თავს, ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებისგანაც ბევრი ვისწავლე. დღეს უკვე 3 შტატში მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია. 80 ბავშვზე მეტია ჩემთან და ყველამ იცის ქართული ენა, ქართული სიმღერა, ქართული ჰიმნი, მათგან რამდენიმე უცხოელია.
ვესაუბრები ქართულად, ვცდილობ, ვასწავლო ქართული სიმღერები, უცხოელებს მინდა ვაჩვენო, რომელი ქვეყნიდან ვარ, შევაყვარო ჩვენი კულტურა. ამას მთელი გულით ვაკეთებ, რადგან მე ყველაზე მეტად ჩემი სამშობლო მიყვარს და მენატრება.
ყველა დღე, რაც ემიგრაციაში მაქვს გატარებული, ღმერთის წინაშე ვამბობ, ვფიქრობ ჩემს სამშობლოზე, როგორ დავეხმარო, როგორ მოვეფერო.
ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს. ამ დროიდან მომყვებიან მე ჩემი უძვირფასესი მეგობრები. მაშინ არ იყო არც შური, არც ბოღმა, არც პოლიტიკა იდგა ჩვენ შორის. მე დავიტოვე ეს გრძნობა, რომ ისინი ისევ ისე სუფთა გულით მიყვარდეს, მიუხედავად იმისა, ემთხვევა ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები თუ - არა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კომენტარები, რომ მე ამერიკაში ვარ არალეგალურად, რომ უნდა გამაგდონ ქვეყნიდან. ერთ-ერთმა ქალმა ნიუ ჯერსის პოლიციაც „დათაგა“, გააგდეთ ამერიკის „ჰეითერი“ აქედანო. რა ეპითეტებით მამკობენ, ამაზე საუბარს არ დავიწყებ - ორთოდოქსი, ქოცი, უნამუსო... - არ ვიცი, რატომ. იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს წარმატება ვუსურვე კონცერტის ორგანიზებაში, არ გავლანძღე, არ დავაბულინგე. სრული უფლება გაქვთ, არ მოგწონდეთ, არ მომისმინოთ, ჩემს შეხედულებებს არ ეთანხმებოდეთ.
რამდენჯერაც ვთქვი, ემიგრანტებს ხმის უფლება როგორ უნდა ჩამოართვათ-მეთქი, ან სახედალეწილი ბავშვები, უკანონო პატიმრები, ამდენი ფემიციდი, ამდენი კრიმინალი გავაპროტესტე, იმდენჯერ ნაცი დამიძახეს. იმ მთავრობასაც ვაპროტესტებდი და დღესაც ხმამაღლა ვამბობ, რაც არ მომწონს, არ შემიძლია გაჩუმება.
ყველას მინდა გითხრათ, რომ ჩემი პროფესია არ უკავშირდება არავის - არ ვყოფილვარ პარტიული მომღერალი, არც შუბლის ძარღვი გამიწყვეტია, სინდისი არ მაწუხებს. მინდა ყველა მიყვარდეს, ყველას ვუყვარდე, ყველაში კარგი დავინახო. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის თან დამაქვს ჩემი ქვეყნის სიყვარული", - ამბობს ნინი შერმადინი ვრცელ მიმართვაში.