თანამედროვე მონარქიებში იშვიათად გვხვდება ისეთი შთამბეჭდავი ისტორია, როგორიც დანიის დედოფალ მერის ეკუთვნის. მისი ცხოვრება ხშირად თანამედროვე ზღაპართანაა შედარებული.

მერი ელიზაბეთ დონალდსონი 1972 წლის 5 თებერვალს ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაში, ქალაქ ჰობარტში დაიბადა. იგი გაიზარდა ინტელექტუალურ ოჯახში. მამა, ჯონ დონალდსონი, მათემატიკის პროფესორი იყო, ხოლო დედა, ჰენრიეტა კლარკი, განათლებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწეოდა. ოჯახში ოთხი შვილი იზრდებოდა და მერი ყველაზე უმცროსი იყო. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დისციპლინით, დამოუკიდებლობითა და ცნობისმოყვარეობით.
მისი ბავშვობა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა 25 წლის ასაკში დედის გარდაცვალებამ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ეს პერიოდი რთული აღმოჩნდა, თუმცა სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამოაყალიბა მისი ემოციური სიძლიერე და თანაგრძნობის უნარი, რაც მოგვიანებით მის საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აისახა.
განათლების მიღება მერისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. მან სწავლა ტასმანიის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც კომერციასა და სამართალს სწავლობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კარიერა ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში დაიწყო. მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში. მისი პროფესიული გზა დაკავშირებული იყო როგორც ავსტრალიასთან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან - გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა და მუშაობდა მელბურნში, სიდნეიში და მოგვიანებით ევროპაშიც კი გადავიდა.

მისი ცხოვრება სრულიად ჩვეულებრივად ვითარდებოდა, სანამ 2000 წელს სიდნეის ოლიმპიური თამაშების დროს არ შეხვდა დანიის მემკვიდრე პრინც ფრედერიკს. მათი გაცნობა მეგობრების წრეში მოხდა და თავდაპირველად არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ მერი არ ეკუთვნოდა არც არისტოკრატიულ და არც სამეფო წრეს, მათმა ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღო.
მათთვის გამოწვევას წარმოადგენდა არა მხოლოდ გეოგრაფიული დაშორება, არამედ საზოგადოების და მედიის ყურადღებაც. ურთიერთობის საწყის ეტაპზე ისინი მალავდნენ ურთიერთობას. საბოლოოდ, მერი დანიაში გადავიდა, სადაც დაიწყო ახალ ცხოვრებასთან ადაპტაცია - ისწავლა დანიური ენა, გაეცნო ქვეყნის კულტურას და სამეფო პროტოკოლს.
2004 წლის 14 მაისს მერი და ფრედერიკი კოპენჰაგენის ტაძარში დაქორწინდნენ. ეს ქორწილი არა მხოლოდ დანიაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც დიდი ინტერესის საგანი გახდა. ქორწინების შემდეგ მერი გახდა დანიის გვირგვინოსანი პრინცესა და ოფიციალურად ჩაერთო სამეფო მოვალეობებში.
სამეფო ოჯახში შესვლა მისთვის ახალი პასუხისმგებლობების დასაწყისი იყო. მერი სწრაფად შეეგუა ახალ როლს და საზოგადოებაში მალევე მოიპოვა პატივისცემა. იგი აქტიურად მონაწილეობდა როგორც ოფიციალურ ღონისძიებებში, ასევე სოციალური პროექტების განხორციელებაში.
2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა დანიის მონარქიაში - დედოფალმა მარგრეტე II-მ ტახტი დატოვა, რის შემდეგაც ფრედერიკი გახდა მეფე, ხოლო მერი - დანიის დედოფალი. ამ ეტაპზე მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა და პასუხისმგებლობებიც გაფართოვდა.
მერისა და მეფე ფრედერიკს ოთხი შვილი ჰყავს: პრინცი კრისტიანი, რომელიც ტახტის მემკვიდრეა; პრინცესა იზაბელა; და ტყუპები - პრინცი ვინსენტი და პრინცესა ჟოზეფინი. მიუხედავად სამეფო სტატუსისა, მერი ცდილობს შვილებს მისცეს მაქსიმალურად ნორმალური ბავშვობა და ასწავლოს პასუხისმგებლობა და თავმდაბლობა.

დედოფალი მერი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. მისი ინტერესის სფერო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ქალთა უფლებები, ბავშვთა კეთილდღეობა, განათლება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ოჯახური ძალადობის პრევენცია. მის მიერ დაარსებული ფონდი მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას.
მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ დანიის გარშემო - მერი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და წარმოადგენს ქვეყანას გლობალურ დონეზე. იგი აღიარებულია როგორც ძლიერი, განათლებული და თანამედროვე ლიდერი, რომელიც სამეფო ინსტიტუტს ახალ მნიშვნელობას სძენს.
გარდა საზოგადოებრივი საქმიანობისა, მერი ცნობილია თავისი გამორჩეული სტილითა და ელეგანტურობით. იგი ხშირად მოიხსენიება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტილური სამეფო ფიგურა. მერი არა მხოლოდ დანიის დედოფალია, არამედ თანამედროვე ქალის სიმბოლო.
