ალექსანდრა თოიძე 12 წელი ემსახურებოდა ქართულ კინოხელოვნებას. მას ეკრანის მშვენება უწოდეს, 22 წლის მანძილზე მაყურებელმა შეიყვარა მის მიერ განხორციელებული მრავალი სახე.
გადაღებულია ფილმებში: “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”, “ჭრიჭინა”, “ქეთო და კოტე”, და ა.შ. საქართველოს სახალხო არტისტი – ალექსანდრა თოიძე, ქართული დრამის თვალსაჩინო წარმომადგენელია. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მან მრავალ სცენურ სახეს შეასხა ხორცი. თუმცა, მას ხელოვნების სარბიელზე მოღვაწეობა თეატრიდან არ დაუწყია...
ალექსანდრა თოიძე
თავიდან ალექსანდრა თოიძე მოულოდნელად მოხვდა ეკრანზე. რეჟისორმა ჟელიაბუჟსკიმ დიდხანს ეძება და ვერ იპოვა დინა ძაძუს როლის შემსრულებელი. მისმა მოადგილემ ნიკოლოზ შენგელაიამ დაათვალიერებინა მიხეილ ჭიაურელის ინდივიდუალურ ატელიეში მოწყობილი გამოფენა, უჩვენა მხატვარი ირაკლი თოიძის ერთ-ერთი ნამუშევარი - 17 წლის ალექსანდრა თოიძის პორტრეტი და ურჩია, მიეწვია მთავარი როლის შემსრულებლად...
ფილმი, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა, უაღრესად საინტერესო თემას აშუქებდა. რეალისტურად ასახავდა სოციალური უთანასწორობით გამოწვეულ ადამიანურ ტრაგედიას სვანეთის ცხოვრებიდან.

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად... სხვადასხვა ქვეყანაში აჩვენეს და ალექსანდრა თოიძე ჰოლივუდში, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე სათამაშოდ მიიწვიეს... ალექსანდრე თოიძემ ჰოლივუდში წასვლა ფეხმძიმობის გამო ვერ შეძლო...
მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის მენეჯერი, ხელოვნებათმცოდნე (ალექსანდრა თოიძის შვილიშვილის მეუღლე) ქეთი ბენდელიანი:- ალექსანდრა თოიძე ილიკო სუხიშვილთან ერთად ცეკვავდა. ისინი ერთად უნდა წასულიყვნენ ინგლისში. ვინაიდან ალექსანდრა ძალიან პატარა -17 წლის გათხოვდა, იგი საზღვარგარეთ მეუღლემ – ვოვა მაჭავარიანმა არ გაუშვა... ილიკო სუხიშვილის და ალექსანდრა თოიძის წყვილი დაიშალა და ილიკოს პარტნიორი ნინო რამიშვილი გახდა. შემდეგ ფილმში „ქეთო და კოტე“ ერთად ცეკვავენ ილიკო სუხიშვილი და ალექსანდრა თოიძე ცეკვა „ქართულს“. ალექსანდრას უზარმაზარი შესაძლებლობები ჰქონდა საზღვარგარეთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, წასვლას ვერ ახერხებდა.

- როგორც ოჯახის წევრი, როგორ იხსენებთ დღეს ალექსანდრა თოიძეს?
- ალექსანდრას გამორჩეულად კარგი თვისება ჰქონდა: ადამიანებში ყოველთვის კარგს ეძებდა! თვითონ ხომ ასეთი ლამაზი იყო და არასოდეს არ ჰქონდა სხვის მიმართ შურის ან კრიტიკული დამოკიდებულების გრძნობა. ძალიან უყვარდა ლამაზი ქალები. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ - თამარა ციციშვილი, ნორა ბაგრატიონი, ჩუტა ერისთავი... მის გვერდით ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი იყო, რომლებიც ტკბებოდნენ არა მარტო მისი სილამაზით, არამედ მისი საინტერესო საუბრით. განათლება, სხარტი აზროვნება და დიდი იუმორი ჰქონდა. ამასთან უბრალოება ყოველგვარი ზედმეტი პოზებისა და გაპრანჭვების გარეშე, მაგრამ ერთგვერი სიდარბაისლე და შარმი.
წაიკითხეთ ამბავი სრულად