"თინას სახით, ისეთი სილამაზე დადიოდა ქალაქში, ბიჭები კი არა, გოგოები დასდევდნენ” - ვინ იყო ევგენი მიქელაძის ქალიშვილი ტრაგიკული ბედით - Marao

"თინას სახით, ისეთი სილამაზე დადიოდა ქალაქში, ბიჭები კი არა, გოგოები დასდევდნენ” - ვინ იყო ევგენი მიქელაძის ქალიშვილი ტრაგიკული ბედით

2026-05-04 16:49:32+04:00

„ლამაზი დაქალები მყავდა, ჩემზე ათასჯერ ლამაზები, მაგალითად, ჯუნა გერსამია, თინა მიქელაძე. თინას სახით, ისეთი სილამაზე დადიოდა ქალაქში, ბიჭები კი არა, გოგოები დასდევდნენ” - ასე იხსენებდა ევგენი მიქელაძის ქალიშვილს, თინა მიქელაძეს მსახიობი ლალი ბადურაშვილი.

  • პატარძალი ატლასის ჩუსტებით და აკაკი ხორავასთან ნაცეკვი ვალსი - ლალი ბადურაშვილის ცხოვრების გარიჟრაჟი

TINA-MIKELADZE

ევგენი მიქელაძის ოჯახი 

ქართველ მწერალთა, ხელოვნების და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალზე ამოტვიფრულია დირიჟორის, ევგენი მიქელაძის სახელი. 1994 წელს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ევგენი მიქელაძის სახელი მიენიჭა.

ევგენი მიქელაძის ქალიშვილი, თინათინ მიქელაძე „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ ეს ფაქტი არ მოსწონდა - არ მოსწონდა, რომ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი მისი მამის სახელს ატარებდა - თვლიდა, რომ ეს ევგენი მიქელაძისადმი ჩადენილი სისასტიკის საპირწონე ვერ იქნება.

ერთ დღეს ქუჩაში საქართველოს სსრ ცკ-ს პირველი მდივნის, მამია ორახელაშვილის ულამაზესი ქალიშვილი, ქეთუსია ორახელაშვილი ლავრენტი ბერიამ დაინახა და მასთან გამოლაპარაკება სცადა. ამ დროს ქეთუსიას დედა, მარიამი მიუახლოვდა და შენიშვნა მისცა, როგორ ბედავ ამ მდაბიოსთან საუბარსო. 

ლავრენტი ბერია ადგილს უხმოდ გაეცალა. 

გავიდა დრო და 19 წლის მშვენიერი ქეთუსია ორახელაშვილი ევგენი მიქელაძეს შეხვდა. მათ იქორწინეს და ორი შვილი, თინათინი და ვახტანგი შეეძინათ. ევგენი მიქელაძის გავლენა და სახელი სულ უფრო იზრდებოდა - 1930 წელს მიქელაძე პირველად დადგა თბილისის ოპერის თეატრის სადირიჟორო პულტთან და მართავდა ზეპირად, პარტიტურის გარეშე ბიზეს „კარმენის“ ღია რეპეტიციას. მომდევნო წელს დაინიშნა დასის დირიჟორად, ორი წლის შემდეგ - თეატრის მთავარ დირიჟორად. 

მისი ყოველი ახალი ნამუშევარი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. 

  • დონიცეტის „დონ პასკუალე“, 
  • როსინის „ოტელო“, 
  • ვერდის „აიდა“, 
  • სენ-სანსის „სამსონი და დალილა“, 
  • მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, 
  • გუნოს „ფაუსტი“, 
  • ბოროდინის „თავადი იგორი“, 
  • ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, 
  • პუჩინის „ტოსკა“, 
  • ვერდის „ტრუბადური“,
  •  რიმსკი-კორსაკოვის „მეფის პატარძალი“, 
  • არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

ეს ყველაფერი მიქელაძის საქმიანობის შედეგია სულ რაღაც ექვს წელიწადში. 1936 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პირველი ქართული ბალეტი - ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“, ხოლო ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში 1937 წელს მიქელაძემ დადგა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“.

ლავრენტი ბერიას უყვარდა ოპერა და თითქმის არასდროს ტოვებდა წარმოდგენებს - მაგრამ არ უყვარდა ევგენი მიქელაძე, ამის მიზეზს კი ახსნა აღარ სჭრიდება. ბერიას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ქეთუსია ორახელაშვილს მამასთანაც, კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის ყოფილ პირველ მდივანთან, ლავრენტი ბერიასთან, რომელმაც ის ამ პოსტზე შეცვალა.

  • "საერთოდ, თუ რამე მოენატრება ჩემს სულს, ეს უთუოდ ქართულია" - მოგონებად ქცეული სილამაზე და დაუვიწყარი ხათუნა კოტრიკაძე

დადგა 1937 წელი - რეპრესიები. თავდაპირველად დააპატიმრეს მამია ორახელაშვილი, შემდეგ კი მისი მეუღლე მარიამი, რომელიც წამებით მოკლეს. მოგვანებით, 1937 წლის 4 ნოემბერს, „ლატავრას“ გენერალური რეპეტიცის შემდეგ ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს. 

„ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დადგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის  სამხატვრო გეგმის ჩაშლაში“, - წერია უშიშროების საგამოძიებო საქმეში. 

ქეთევან ორახელაშვილის მშობლებსა და მეუღლეს ნკვდ-ს „ტროიკამ“ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, თავად ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, შრომა-გასწორების ბანაკში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ქეთევან ორახელაშვილისა და ევგენი მიქელაძის შვილების, 3 წლის თინასა და წლინახევრის ვახტანგის აღზრდა მამიდამ, თამარ მიქელაძემ იტვირთა. 1951 წელს, როცა ისინი სრულწლოვანები გახდნენ, თინათინი და ვახტანგიც გადაასახლეს  ყაზახეთში, ყარაგანდის ოლქში. ქეთუსია ორახელაშვილი სამშობლოში მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ, 1955 წელს დაბრუნდა.  

  • მამის თხოვნით არჩეული კარიერა, ბრძოლა ცენზურასთან და მნიშვნელოვანი სიტყვა კინოში - ნანა ჯანელიძე

“1939 წელს მე ვარ ხუთი წლის. მე ვწერ განცხადებას, სად არის მამაჩემი... იმასაც ვერ ბედავდნენ, რომ მამიდაჩემს თავისი სახელით დაეწერა ეს განცხადება და მე მპასუხობენ, რომ მამათქვენი არის ხალხის მტერი, რომ არის გადასახლებული და რომ... ცოცხალია”, - იხსენებდა თინათინ მიქელაძე „რადიო თავისუფლებასთან“.

თბილისში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, ქეთევანზე შეყვარებულმა და მისი უარით გაბრაზებულმა ბერიამ ევგენი მიქელაძეს ჯერ თვალები დასთხარა და როცა დირიჟორმა იდეალური სმენის წყალობით ნაბიჯის ხმაზე იცნო, ყურის ბარაბნები დაუხვრიტაო. თენგიზ აბულაძის “მონანიების” ერთ-ერთი ინსპირაცია ეს ამბავი იყო.

VGENI-MIKELADZE

„მე არ მიგრძვნია, რომ ხალხის მტრის შვილი ვარ. ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი და არასდროს მახსოვს ეს. ერთადერთი, როცა ჩვენები დაიჭირეს, რაც გვქონდა, კაბები, ჭურჭელი - დატოვეს იმ ოჯახში, რომელმაც ხუთ დღეში მიიღო ის ბინა. იქ ეკატერინე სოხაძე შესახლდა, მომღერალი, იცვამდა დედაჩემის კაბებს. მე სამი წლის ვიყავი, მაგრამ დედაჩემის კაბებს ხომ ვცნობდი - გავეკიდებოდი ხოლმე თურმე ამ ქალს და შემრჩებოდა ეს უცხო ქალი და ისტერიკა მემართებოდა“, - ამბობდა თინათინ მიქელაძე ინტერვიუში. 

თინათინ მიქელაძის ცხოვრების, კარიერისა თუ სხვა დეტალების შესახებ ნაკლებადაა ცნობილი. მისი ძმის, ვახტანგ მიქელაძის შემოქმედებას კი მაყურებელი კარგად იცნობს - ის რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი იყო, ჰქონდა „უმაღლესი კატეგორიის რეჟისორის“ წოდება, გადაღებული აქვს ფილმები: „კარპატული ეტიუდი“ (1964), „რესტავრატორები“ (1968) , „ქართული ცეკვები“, „ბამი“(1975), „წინ კომუნისტები არიან“ (1978), „ევგენი მიქელაძე“ (1979) და სხვ. ბოლო წლებში მუშაობდა კინოკომპანია Sintez-Integra-სთან. ვახტანგ მიქელაძე  2025 წლის 7 მარტს გარდაიცვალა მოსკოვში, სადაც ცხოვრების ბოლო 40 წელი გაატარა. 

VAXTANG-MIKELADZE