თამამი, დახვეწილი და აბსოლუტურად ჰიპნოტური - მატილდა გვარლიანი თანამედროვე მოდის ინდუსტრიის იმ იშვიათ ნიჭთა შორისაა, რომლებმაც მოახერხეს და ქართული სილამაზის სტანდარტი მსოფლიოს უმთავრეს პოდიუმებზე ახალ სიმაღლეზე აიყვანეს. თავისი გამორჩეული, სკულპტურული ნაკვთებითა და ბუნებრივი ქარიზმით, მან არა მხოლოდ დაიპყრო წამყვანი მოდის სახლების გულები, არამედ გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Vogue-ის გარეკანი დაამშვენა.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ გოგონას, რომელიც თბილისის ქუჩებიდან პირდაპირ პარიზის, მილანისა და ნიუ-იორკის მაღალი მოდის ეპიცენტრში აღმოჩნდა, სადაც ის უკვე აღარ არის მხოლოდ „ახალი სახე“, არამედ ნამდვილი სიმბოლო იმისა, თუ როგორ ცვლის აღმოსავლეთ ევროპული ესთეტიკა გლობალურ მოდის რუკას.

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.
როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი უამრავ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს.
"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.
15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.
2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.
მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიცაა გუჩი, შანელი და სხვა, ასევე ყოველ წელს იღებს მონაწილეობას მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებზე.
დღეს მატილდა გვარლიანი არა მხოლოდ წარმატებული მოდელი, არამედ იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია მიზანდასახულობასა და დაუღალავ შრომას პატარა საქართველოდან მსოფლიო მოდის ცენტრში აღმოჩენა - მატილდა სულ ცოტა ხნის წინ კორეული VOGUE-ის გარეკანზე ვიხილეთ, გამოჩნდა Chanel Beauty-ისა Ralph Lauren-ის კამპანიაში, W Magazine-ის ფურცლებზე, გახდა Dolce&Gabbana-ს სახე და Models.com-ის გამოკითხვაში Street Style კატეგორიის გამარჯვებული, წარადგინა JACQUEMUS-ის ახალი კოლექცია... - სია გრძელია, მატილდას წარმატებას კი ყოველთვის მოუთმენლად ველით! ამ წარმატებების პარალელურად, მატილდა ყოველდღიური ცხოვრების დეტალებსაც გვიზიარებს - აი, მისი ბოლოდროინდელი 10 ფოტო და 10 ამბავი - გადაღებებიდან, კულისებიდან, არდადეგებიდან, მოგზაურობიდან, ბავშვობიდან...