"არცერთ ბრენდს არასდროს გაუბედავს მსგავსი სითამამე" - რას წერს Vogue Runway-ის გლობალური დირექტორი დემნა გვასალიას შესახებ - Marao

"არცერთ ბრენდს არასდროს გაუბედავს მსგავსი სითამამე" - რას წერს Vogue Runway-ის გლობალური დირექტორი დემნა გვასალიას შესახებ

2026-05-18 11:13:35+04:00

Gucci-ის 2027 წლის კრუიზული კოლექცია ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ნიუ-იორკში, ტაიმზ-სკვერზე წარადგინა. ქენდის სვეინპოლი, ალექს კონსანი, ტომ ბრედი, ანოკ იაი, სინდი კროუფორდი - ეს ვარსკვლავური ქასტის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია - დემნამ  შოუსთვის არაერთი ცნობილი მოდელი თუ ინფლუენსერი შეარჩია.

  • ვენსან კასელისა და ნარა ბაპტისტას გამოჩენა ნამდვილ სენსაციად იქცა - კანის 79-ე კინოფესტივალის ყველაზე შთამბეჭდავი წყვილი

Gucci-ის 2027 წლის კრუიზული კოლექციის ჩვენების შესახებ Vogue Runway-ის გლობალური დირექტორი, ნიკოლ ფელპსი წერს: 

demna-gvasalia

ნიკოლ ფელპსი დემნა გვასალიას შესახებ

Gucci-ში მოსვლის დღიდან, დემნამ „ყველაფერი ან არაფერი“ (go big or go home) პოლიტიკა გაატარა:

  • გასულ სექტემბერში ჩვენების ნაცვლად წარმოდგენილი ფილმი „ვეფხვი“ (The Tiger), რომლის რეჟისორებიც სპაიკ ჯონზი და ჰალინა რეინი იყვნენ;
  • თებერვლის გიგანტური დეკორაცია, რომელსაც გვერდს უმშვენებდა Uffizi-ის გალერეის 3D-სკანირებული ქანდაკებები;
  • ახლა კი - მისი პირველი კრუიზ-ჩვენება, რომელიც მოეწყო პირდაპირ „ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს“, ამერიკული კონსუმერიზმის გულში - Times Square-ზე.

ციფრული მოსაწვევები, ჩვენების მისამართით, ინბოქსებში მხოლოდ ჩვენების დღეს,  ნაშუადღევს გამოჩნდა. წარმოიდგინეთ უსაფრთხოების ნებართვები, მოლაპარაკებები ყველა სხვადასხვა მხარესთან - არცერთ ბრენდს არასდროს გაუბედავს მსგავსი სითამამე.

საღამოს 8:30 საათზე, ჩვენების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, სკვერის თავზე აღმართულმა დაახლოებით 50-მა ეკრანმა ვიდეომასალის ჩვენება დაიწყო. ნიშანზე, ასობით ტელეფონის ეკრანი განათდა - გამოჩნდა მზის ჩასვლის, თოვლიანი მწვერვალების, მოჭენავე ცხენებისა და, როგორც ჩანდა, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ბაღების სცენები. მათ შორის ჩასმული იყო Gucci-ს როგორც რეალური, ისე გამოგონილი პროდუქტების რეკლამები: Gucci Acqua , Gucci Viaggio და Gucci Life-იც კი. „მომწონს ერთგვარი აბსურდულობა, სამყაროს მშვენიერი ხედვის გამაღიზიანებელი შეწყვეტა ისეთი რამის რეკლამირებით, რისი გაყიდვაც არ გჭირდება“, - თქვა დემნამ. „ეს ნაწილი ჩემთვის საინტერესო იყო“.

  • "სულით ხორცამდე ვამაყობ იმით, რომ ერთმა სოხუმელმა ბიჭმა - ბევრ ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე გამარჯვებულმა, შეინარჩუნა ის ნამდვილი სითბო" - ამბავი დემნა გვასალიაზე

თუმცა, გაყიდვა ნამდვილადაა იმ კოლექციის მთავარი მიზანი, რომელიც მან წარმოადგინა. GucciCore, როგორც თავად უწოდებს, არის ყოველდღიური ბაზისური სამოსის გარდერობი - ისეთი ნივთების, რომლებიც, მისი დაკვირვებით, უცნაურად გაქრა Gucci-დან დიზაინერების ცვლის პროცესში. მაგრამ შეუძლია თუ არა ადამიანს, ვისთვისაც ირონია, გათვითცნობიერებულობა და უპატივცემულობა (სითამამე) მეორე ბუნებაა, რეალურად შექმნას კლასიკური ტანსაცმელი?

კოლექციის წინასწარ ჩვენებაზე ყველაფერი საკიდებზე ისე იყო განლაგებული, როგორც Gucci-ს მაღაზიაში იქნებოდა - თითქოს იმის დასამტკიცებლად, რომ დიახ, მას ეს ნამდვილად შეუძლია. პიჯაკების სილუეტები მერყეობდა ტანზე გამოყვანილიდან ზომიერ ოვერსაიზამდე (oversize), მათ შორის იყო შესანიშნავი წითელი მოკლე პალტო მძიმე შალისგან - ზუსტად ისეთისგან, როგორსაც ბუკინგემის სასახლის მეფის გვარდია იყენებს. ქვედაბოლოების ასორტიმენტი მოიცავდა როგორც მოკლე, ტრაპეციის ფორმის მოდელებს, ისე კარინ როიტფელდის სტილის, ფანქრისებრ ვიწრო და წვივამდე სიგრძის, პლისირებულ ვარიანტებს. ხოლო მკაცრად გამოყვანილ კოსტიუმს, ზუსტად მორგებული გაშვებული შარვლით, ჰქონდა ის, რაც დემნამ აღწერა, როგორც „იდეალური Gucci-ს მორგება“.

ეს უფრო სრულყოფილი ხედვა ჩანდა, ვიდრე ის, რაც მან თებერვლის დიდ ჩვენებაზე წარმოადგინა თავისი მკაცრი, ტანზე გამოკვეთილი სილუეტებით. მან ამას უწოდა „ალბათ ყველაზე კომერციული კოლექცია, რაც კი ოდესმე გამიკეთებია“. აქა-იქ დეტალები ოდნავ გადატვირთულიც იყო, მაგალითად, პრინტიანი პერანგი-კაბა და გამოკვეთილი ორმაგი „G“ ლოგოიანი ქამარი, რომელიც პარის ჰილტონმა მოირგო. თუმცა, ტანზე გამოყვანილ ტყავის ქურთუკთან და თავისუფალ, პეისლის პრინტიან ღილიან პერანგთან ერთად წარმოდგენილი ფანქარი-ქვედაბოლო ასეთი აქტუალური ტომ ფორდის (Tom Ford) „გუჩიში“ ყოფნის პერიოდის შემდეგ აღარ ყოფილა.

  • ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი მოდის მწვერვალზე: ქართველი მოდელი Dior-ისა და CHANEL-ის ჩვენებებზე

ამ მიმზიდველობის დიდი ნაწილი სტილიზაციისა და ქასთის დამსახურება იყო. რათა შეექმნა რაღაც, რაც ქალაქის სულს ასახავდა, დემნამ თქვა: „მინდოდა კოლექცია მეჩვენებინა ისეთ ადამიანებზე, როგორებსაც შეიძლება ქუჩაში ჩაუარო - ინდივიდებზე, რომლებსაც ტანსაცმლის ტარების საკუთარი სტილი აქვთ“. ეს არის იდეა, რომელსაც ის ჯერ კიდევ Balenciaga-ს პერიოდიდან ატრიალებს; ჯერ კიდევ 2022 წელს, ის ამავე ბრენდით საფონდო ბირჟაზე იმყოფებოდა და იქაც ნიუ-იორკული პერსონაჟების ხასიათს იკვლევდა. მაგრამ რა ქასთი იყო ამჯერად: გალერისტი ჯინ გრინბერგი ტყავის პალტოში, რორი გევისი,მხატვარი, შევრონის სტილის ცხვრის ტყავის ქურქსა და პანეტონეს ფორმის ჩანთით; სინდი კროუფორდი ბუმბულებით გაწყობილ საღამოს კაბაში; და, დიახ, ტომ ბრედი, რომელიც თავის საუკეთესო „ტერმინატორის“ იმიჯს მორგებოდა თავიდან ფეხებამდე შავ ტყავში. აპთაუნი, დაუნთაუნი, გარეუბნები - მთელი ეს მრავალფეროვნება უსასრულოდ მეორდებოდა მათ გარშემომყოფ ეკრანებზე, გოთემისთვის დამახასიათებელი მასშტაბის სარკეების დარბაზში. ეს მხოლოდ ნიუ-იორკშია შესაძლებელი, ბავშვებო!“