მატილდა გვარლიანი საკუთარი ოცნებით ცხოვრობს. მშობლიური ქვეყნის, საქართველოს მთებიდან პარიზის პოდიუმებამდე - მან სულ რაღაც 22 წლის ასაკში უკვე უზარმაზარ წარმატებას მიაღწია და გლობალური კარიერა ააწყო, როგორც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა მოდელმა.

მატილდა გვარლიანმა კარიერაში მწვერვალების დაპყრობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბევრი ჯერ კიდევ ცხოვრებისეული მიზნების ძიებაშია. ბავშვი იყო, როცა ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და შექმნა კარიერა, რომელზეც ოცნებობდა.
12 წლის იყო, როცა პირველი თამამი ნაბიჯი გადადგა: „სააგენტოში შევედი და ვუთხარი: გამარჯობა, მე მოდელობა მინდა“.
Look Models Management-ში მაშინ ურჩიეს, რომ ცოტა მოეცადა და მაშინ დაბრუნებულიყო, როცა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ორი წლის შემდეგ, 14 წლის მატილდა გვარლიანმა კვლავ შეაღო სააგენტოს კარი და რაც მას შემდეგ ხდება, ეს უკვე მოდის ისტორიაა.
მიუხედავად მისი მტკიცე გადაწყვეტილებისა და მკაფიო ხედვისა, მატილდა გვარლიანის გზა ოცნებებისკენ არ ყოფილა სირთულეების გარეშე, განსაკუთრებით საწყის წლებში.
„მარტო მოგზაურობა 15 წლის ასაკში დავიწყე, რაც ძალიან რთული იყო, რადგან ასეთ ნორჩ ასაკში უნდა მესწავლა, როგორ მემოქმედა ზრდასრულივით“, - ამბობდა ის 5ELEVEN-თან ინტერვიუში.

„მიწევდა ზრდასრულივით მოქცევა, ზრდასრულივით მუშაობა და სულ დიდების გარემოცვაში ყოფნა. თუმცა, წარსულს რომ ვუყურებ, არაფერს შევცვლიდი, რადგან ამ გამოცდილებამ ჩამომაყალიბა იმად, ვინც დღეს ვარ“.
მისი ოჯახი კარიერის დასაწყისში მის უმთავრეს საყრდენად იქცა და მას საშუალება მისცა, თავისი ამბიციებისთვის თავდაჯერებულად მიეღწია.
„ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარში მიდგა. მათ ყოველდღე ველაპარაკებოდი, ამიტომ არასდროს მიგრძნია, რომ ძალიან შორს ვიყავი“.
საქართველოში გატარებული ბავშვობის გახსენებისას, მატილდა გვარლიანი იხსენებს ერთ კონკრეტულ მომენტს, რომელმაც მას მოდელობისკენ უბიძგა.
„რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მოდელობა მინდოდა. პოდიუმზე მყოფი ლამაზი ქალები ყოველთვის შთამაგონებდნენ. მახსოვს, ერთხელ დედასთან ერთად ძალიან გვიანობამდე დავრჩი ფეხზე, რომ Victoria's Secret-ის შოუსთვის მეყურებინა; ის მომენტი, როცა ეს ქალები პოდიუმზე გამოდიოდნენ, ჩემთვის განსაკუთრებული იყო. მინდოდა, ზუსტად მათნაირი ვყოფილიყავი“.

მატილდას მონდომებამ შედეგი გამოიღო, რადგან მან დღემდე სამოდელო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება დაიმსახურა - ის არა მხოლოდ მოხვდა Vogue-ის გარეკანზე, არამედ არის პირველი ქართველი, ვინც Victoria's Secret-ის ჩვენებაზე გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოცნებებმა მატილდა გვარლიანი სახლიდან შორს წაიყვანა, მისთვის საქართველოს სიყვარული არ განელებულა:
„ძალიან მნიშვნელოვანი გრძნობაა, როცა შეგიძლია ისაუბრო საქართველოს სახელით და წარმოადგინო ის. მადლობელი ვარ, რომ ამის გაკეთება ჩემი საქმით შემიძლია.
მსურს, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ქართულ მოდას, რადგან ადგილობრივ ინდუსტრიაში იმდენი ნიჭიერი ადამიანია, რომელთა უფრო მეტად გამოჩენასაც ვისურვებდი“.
5ELEVEN-თან ინტერვიუს დროს, ინტერვიუერი ეშლი კონორი აღნიშნავდა, რომ მატილდა გვარლიანი თავმდაბლობით გამოირჩევა,
„საკუთარი მიღწევების განდიდების ნაცვლად, ის დროს უთმობს თავისი კოლეგების დაფასებას - რაც მისი სამუშაო ეთიკის ნამდვილი დასტურია”, - აღნიშნავდა ეშლი კონორი.

ამ თავმდაბლობის პარალელურად, მატილდა გვარლიანი წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობითა და დისციპლინით გამოირჩევა.
„ისევე, როგორც ყველა პროფესიაში, შრომისმოყვარეობა აქაც უდიდესი ნაწილია. ამ საქმეს ბევრი გამოწვევა ახლავს თან და მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, რაც შენს გზაზე დაგაბრკოლებს, ამასთანავე, უნდა იზრუნო საკუთარ თავზე, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. უნდა იყო შეუვალი - არ უნდა შეიცვალო არავის გამო“.
მატილდა გვარლიანის მრავალი მიღწევა მისი ნიჭისა და პროფესიონალიზმის საუკეთესო შედეგია - ეს მხოლოდ პრელუდიაა იმისა, რაც მომავალში გველის და რაც გველის, ესაა მატილდა გვარლიანის ძალიან საინტერესო, წარმატებული, ნაყოფიერი, მრავალფეროვანი კარიერ; კარიერა, რომელსაც ის თავისთავად მოცემულობად არ მიიჩნევს.
„ყოველი ახალი დღის გათენება ჩემთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. მთელი ეს გამოცდილება სიურრეალისტურია - მე ჩემი ოცნებით ვცხოვრობ“.
17 მაისს მატილდა გვარლიანის დაბადების დღეა! წარმატებული ქართველი მოდელი 22 წლის გახდა და მისი ვარსკვლავი ჯერ მხოლოდ ახლა ინთება!