19 მაისს ფრიკის მუზეუმში მანჰეტენზე, ნიუ-იორკში Louis Vuitton-ის 2027 წლის საკრუიზო კოლექცის ჩვენება მოეწყო. ჩვენებაზე ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გავრლიანიც ვიხილეთ. მატილდას ეცვა ორბორტიანი პიჯაკი, ფართო, ატლასის ლაპე ლებით, რომლებიც სამოსს ელეგანტურობას მატებდა. პიჯაკს ჰქონდა გამოკვეთილი მხრები და ოქროსფერი ღილები. პიჯაკს ავსებდა შესაბამისი წითელი ფერის, მუხლამდე სიგრძის შორტები, რომლებიც მთლიანობაში ქმნიდნენ თანამედროვე, "კოსტუმის" მსგავს ეფექტს, მაგრამ უფრო თავისუფალი და სპორტული ელემენტებით.
ეს ლუქი არის "ნიუ-იორკული ცხოვრების გამოძახილი", რომელიც აერთიანებს ხელნაკეთ ოსტატობას, პოპ-არტის ელემენტებს და სპორტულ "ქუჩის" სტილს.

როდესაც ნიკოლა ჟესკიერმა 2019 წელს „ლუი ვიტონის“ საკრუიზო კოლექცია ნიუ-იორკში წარადგინა, ეს ნამდვილი მოგზაურობა იყო - ეს გადაწყვეტილება სიმბოლურია, რადგან თავად კოლექციის იდეაც ხომ ზამთრის მოგრაურობას უკავშირდებოდა.
აი, 2027 წლის ჩვენებისთვის კი ბრენდის ქალის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა - რომელიც მოდის ჩვენებებისთვის ისტორიული და გამორჩეული ადგილების შერჩევითაა ცნობილი - უფრო მყუდრო, ვიწრო და წმინდად ქალაქური გარემო მოისურვა. ასე აღმოჩნდნენ სტუმრები სამშაბათ საღამოს მანჰეტენზე, „ფრიკის კოლექციის“ მუზეუმში. ეს დიდებული, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის სასახლე დიზაინერის ოცნების სიებში დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ადგილს და ამჯერად მიზანს მიაღწიa. ამაში მას, სავარაუდოდ, „ვიტონისა“ და მუზეუმის ახალი, სამწლიანი პარტნიორობაც დაეხმარა, რომლის ფარგლებშიც ბრენდი ყოველთვიურ უფასო საღამოებსა და მომავალ გამოფენებს აფინანსებს. მართალია, მოდის ჩვენებები მუზეუმის შადრევნიან ეზოში ადრეც გამართულა, მაგრამ საგამოფენო დარბაზებში სტუმრების შეშვების უფლება ბრენდს პირველად მისცეს.

ჟესკიერის ამ ჩვენებას შეიძლება არ ჰქონია თაიმს-სკვერის ისეთი გრანდიოზული მასშტაბები, როგორიც გასულ შაბათს დემნას „გუჩის“ შოუს, ან რამდენიმე დღის წინ ჯონათან ანდერსონის ხმაურიან საღამოს ლოს-ანჯელესში, თუმცა ამ მყუდრო და მშვიდმა გარემომ თავისი გაიტანა და დამსწრეები სრულიად მონუსხა. და სანამ კედლებიდან უისტლერის, რემბრანდტის, რენუარისა და ვან დეიკის ტილოების გმირები, ხოლო დარბაზიდან ბრენდის ვარსკვლავური ელჩები - ენ ჰეთეუეი, ზენდაია, ემილი ბლანტი, ჯენიფერ კონელი, ქეით ბლანშეტი და ფელიქსი - გარემოს აკვირდებოდნენ, ჟესკიერმა კლასიკურ სივრცეში თანამედროვეობის ნამდვილი აფეთქება მოაწყო: კოლექციის მთავარ შთაგონებად პოპ-არტის ლეგენდის, კით ჰარინგის შემოქმედება აქცია.

ჩვენების წინ მიცემულ ინტერვიუში ჟესკიერს ბაზრის სირთულეებზე არ უსაუბრია; ის უფრო მეტი გატაცებით ყვებოდა ხელნაკეთ შემოქმედებაზე, საატელიეო მუშაობასა და იმ რთულ ტექნიკაზე, რომელიც სამოსის შექმნისას გამოიყენეს. თუმცა, მისი 13-წლიანი მუშაობის სტაჟიც მოწმობს, რომ მის დიზაინს უდიდესი კომერციული წარმატება აქვს, თუნდაც ეს სხვა ბრენდებივით თვალში საცემი არ იყოს. თავად დიზაინერიც აღიარებს: რამდენადაც შემოქმედებითია მისი საქმე, იმდენადვე მოითხოვს პრაგმატულ მიდგომას, რადგან საბოლოო პროდუქტი აუცილებლად უნდა გაიყიდოს.
რა იქცევა ამ სეზონის მთავარ ჰიტად? ბევრი რამ, პირველ რიგში კი - ჩანთები. კოლექციაში ვნახავთ როგორც ბრენდის კლასიკური მოდელების ახალ ვერსიებს, ისე ნიუ-იორკული ყოფიდან ნასესხებ სახალისო ელემენტებს - მაგალითად, ჩინური საჭმლის მბზინავ კონტეინერს ან გრამფირფიტის ფორმის ჩანთას. ზოგიერთი აქსესუარი პირდაპირ კით ჰარინგის ხელწერას იმეორებდა, მაგალითად, ვაშლისფერი მწვანე ჩანთა, რომლის კიდეებზეც გრაფიკული კონტური იყო შემოვლებული. დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ფეხსაცმელებსაც, რომლებიც ტყავის წვრილი ზოლებისგანაა აწყობილი და რაღაც საშუალოა მოკრივის ფეხსაცმელსა და ფანტასტიკური ფილმების გმირების სამოსს შორის. და, რა თქმა უნდა, ტყავის ნაწარმი, რაც ისედაც „ლუი ვიტონის“ მთავარი სავიზიტო ბარათია.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახე და მათი შეხამება ექსცენტრულად გამოიყურებოდა (ყოველდღიურობაში ხომ იშვიათად შეხვდებით ქალს აღმოსავლური ქუდით ან უფორმო, ფართოფრთიანი ტყავის ქვედაბოლოთი), ეს 55-მოდელიანი ხაზი ჟესკიერის ერთ-ერთ ყველაზე მყარ და გააზრებულ ნამუშევრად ჩაითვლება. მისივე თქმით, მან წარმოიდგინა მდიდარი უბნის ქალი, რომელიც ხელოვანთა თავშეყრის ადგილებში მიდის და პირიქით. ჩვენება გაიხსნა ჯინსის შარვლისა და წითელი ნაქსოვი ზედის მარტივი შეხამებით, რაც დიზაინერისთვის ამერიკული თავისუფალი სტილის ნამდვილი სიმბოლოა. შემდეგ კოლექცია უფრო გართულდა: ვიხილეთ ტყავის ქურთუკები, რომლებიც ჰარინგის ნახატების მსგავსად სხვადასხვა ნაჭრებისგან იყო აწყობილი, ატლასის სპორტული შორტები, განიერი ზედები სწორ ქვედაბოლოებთან, ელეგანტური კაბა-პალტოები და ჰაეროვანი ნაქსოვები, რომლებსაც მხატვრის ცნობილი გრაფიტების მსგავსი ტყავის კანტები მიჰყვებოდა. ფერებიც პოპ-არტის სულისკვეთებით იყო შერჩეული: მკვეთრი მანგოსფერი, მკაფიო იასამნისფერი და ზღვის ღრმა ლურჯი.

ჩვენების ფინალმა ისევ „ფრიკის“ მუზეუმის ისტორიულ ატმოსფეროში დაგვაბრუნა. პოდიუმზე გამოჩნდა მაქმანებიანი და განიერფრთიანი ზედები, რომლებიც თითქოს მეცხრამეტე საუკუნის ძველი ფოტოებიდან გადმოვიდნენ, თუმცა ამჯერად ისინი თანამედროვე, მრავალჯიბიანი თავისუფალი სტილის შარვლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.
საბოლოოდ, ჩვენებამ ჟესკიერის კლასიკური ხელწერა აჩვენა: ეს იყო მასალისა და ოსტატობის ღრმა ანალიზი ფართო კულტურულ კონტექსტში. თუ ამ სამოსს ცალკეულ დეტალებად დავშლით, დავინახავთ ნივთებს, რომლებიც მოდის კოლექციონერების უმთავრეს სამიზნედ იქცევა.
საინტერესოა, სად წაიყვანს ის მოდის მოყვარულებს შემდეგ სეზონზე?