ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ქეთი ჩხეიძე ტელეეკრანებსა და თეატრის სცენაზე ხშირად ჩანს და მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მის მიერ შექმნილი პერსონაჟი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". ენერგიული, ხმაურიანი, ემოციური ნუნუკა ბევრისთვის დღემდე საყვარელი გმირია. ქეთი ჩხეიძეს არაერთი საინტერესო როლი აქვს განსახიერებული თეატრის სცენაზეც, მათ შორის: გრეტა - ნილ საიმონი ”ქალები”, მელანო - დავით კლდიაშვილი "სამანიშვილის დედინაცვალი", გულთამზე - პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი", მელი - ძიუ-იუნი "დიადი მცირეში" და სხვ.

მსახიობი ქეთი ჩხეიძე ჟურნალ „ სარკესთან “ საუბრობს თავისი ყოფილი მეუღლის შესახებ, რომელთან ერთადაც 18 წელი გაატარა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ქეთი ჩხეიძის ინტერვიუ მეუღლესა და ოჯახზე
- მე და ერეკლე დაახლოებით ერთი სოციალური ფენის წარმომადგენლები ვიყავით, ერთი წრის, ერთი კატეგორიის ოჯახის წევრები, ამიტომ ყველაფერი შეთანხმებით იყო. ჩვენს მშობლებს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ. მერე დავოჯახდით, ორი შვილი შეგვეძინა, ნიკოლოზ და ელენე ღლონტები.
- რამდენი წელი იყავით ერთად?
- 18 წელი. ერეკლე კარგი მამა იყო და არის, ყოველთვის ზრუნავდა შვილებზე.
- პირველი თქვენ წახვედით?
- არავინ არ წავიდა და წამოვიდა. უბრალოდ, დავიშალეთ, სხვადასხვა სახლში გადავედით საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მძიმე იყო განშორება, მაგრამ დავძლიე. პირველად რთულია, მერე კი ეჩვევი. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
