მოცეკვავე თეა დარჩიამ ცოტა ხნის წინ საკუთარი ანსამბლის, "თედასი სტუდიას" მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა და მათ შემოქმედებითი თუ პიროვნული გამოცდილება გაუზიარა.
- რას გრძნობდით, როდესაც პირველად ანსამბლთან ერთად იცეკვეთ?
- თავიდან ფეხებამდე დაბუჟებული ვიყავი. ვერ ავხსნი ამ გრძნობას. პეპლებიც იყო, განცდაც, უძილო ღამეები, ნერვიულობა, ბედნიერება - ყველაფერი ერთად. უმძაფრესი გრძნობები არეული იყო ერთმანეთში.
ყველაზე - დასამახსოვრებელი კომპლიმენტი?
- თუ კონცერტის შემდეგ მეტყოდნენ, რა ლამაზი იყავიო, ადგილზე ვკვდებოდი, რადგან მიმაჩნია, რომ როდესაც მაყურებელი მხოლოდ ამას გეუბნება, ეს მოცეკვავისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. ეს ნიშნავს, რომ მან სხვა ვერაფერი დაინახა და მხოლოდ ეს მითხრა.
მოცეკვავისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ლამაზი იყოს. გრძნობისა და პლასტიკის გარეშე შეუძლებელია სათქმელის გადმოცემა. მოცეკვავე არის ის, ვინც ყოველი უჯრედით, ყოველი მოლეკულით, ყოველი ნერვითა და ნერვული დაბოლოებით სათქმელს უსიტყვოდ ამბობს; ამას კი ნებისმიერი წარმოშობისა თუ ენის ადამიანი მარტივად აღიქვამს. სწორედ ეს არის ცეკვა, როდესაც ლაპარაკი ზედმეტია და არავის არაფრის სიტყვებით განმარტება არ სჭირდება.

- როგორ არჩევთ მუსიკას ჩვენი ცეკვებისთვის? რადგან ყოველთვის ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ თქვენ სხვანაირად გრძნობთ მუსიკას, რადგან პირველად რომ ჩართავთ, ვერასდროს ვერ ვუკავშირებ, როგორ შეიძლება ვიცეკვოთ ამ მუსიკაზე.
- ფანტასტიკური კომპლიმენტი მივიღე, ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს მომისმენია. ექვსი წლის მანძილზე ვსწავლობდი მუსიკას; მუსიკალური განათლება მაქვს, ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე ვუკრავდი. ეს ის ბაზაა, რომელიც მოცეკვავეს ჰაერივით სჭირდება. როდესაც მუსიკალური სმენა და განათლება გაქვს, აქცენტებს სულ სხვაგვარად აკეთებ.
ამიტომ, გოგოებო, გირჩევთ, ყველამ მიიღოთ მუსიკალური განათლება; ეს აუცილებელია, თუ გაქვთ პრეტენზია, რომ მაღალი კლასის მოცეკვავე გახდეთ. მხოლოდ სოლფეჯიოზე არ ვსაუბრობ; უბრალოდ, უსმინეთ კლასიკურ მუსიკასა და ჯაზს, ისწავლეთ მათ შორის განსხვავების დანახვა და აქცენტების აღქმა. ტიკ-ტოკის მუსიკების ნაცვლად, ხშირად უსმინეთ ხარისხიან მუსიკას, ეს დაგეხმარებათ, რომ პროფესიულად კიდევ უფრო გაიზარდოთ.
- რომელი გამოსვლა იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და რატომ?
- ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ანსამბლის 50 წლის იუბილეზე ფილარმონიაში გამართული დიდი კონცერტი. იმ დღეს, ნინო რამიშვილის შემდეგ, პირველად მე ვიცეკვე ჯეირანი. ძალიან ვინერვიულე და განვიცადე. ქალბატონი ნინო მაშინ ცოცხალი იყო; იგი გენერალურ რეპეტიციას დაესწრო და ჩემი შესრულება ნახა.
ნინო რამიშვილი, თუ კარგად ვიქცეოდი, თეიას მეძახდა, ხოლო თუ ცუდად - დარჩიას. ამჯერად თეია დამიძახა. აკანკალებული მივედი მასთან და მითხრა: "კარგი გოგო ხარ, ხელები გაქვს გასასწორებელი". ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი იყო.
მთელი კონცერტის განმავლობაში მხოლოდ მაშინ გავშეშდი, როდესაც „ჯეირანი“ გამოაცხადეს. მთელი სხეულით ვთრთოდი, ანსამბლის წევრები პირჯვარს მწერდნენ. თვალებში დამიბნელდა, ხმა ამიკანკალდა და ყურებში საკუთარი კბილების კაწკაწიც კი მესმოდა. როგორ ვიცეკვე, არ მახსოვს; მხოლოდ ის დამამახსოვრდა, რომ დასრულების შემდეგ აბსოლუტური სიჩუმე ჩამოვარდა, რასაც მოულოდნელად ისეთი ოვაციები მოჰყვა, რომ შვებით ამოვისუნთქე. ჩემთვის მთავარი იყო, ის ლეგენდარული ნაცეკვი არ გამეფუჭებინა.