ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში „ვირუსულად“ გავრცელდა ულამაზესი გოგონას ვიდეოები, რომლის გარეგნობამაც მთელი საქართველო აღაფრთოვანა. გოგონა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო, მოდელი მარიამ სამხარაძე აღმოჩნდა, რომლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ისე მოხდა, რომ ამ ჩვენებაზე ყველას ყურადღების ცენტრში ვიყავი. უამრავი კომპლიმენტი მივიღე, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა, ნატალია გოროზიამ, ჩემი ვიდეოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა და იქაც დიდი მოწონება დავიმსახურე. ასევე, ლანა ცინცაძემ, ქორწილების ორგანიზატორმა და წამყვანმა, გაავრცელა ჩემი ვიდეო. ამ კადრებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ამის გამო ახლაც ისეთ ემოციებში ვარ, რომ სიტყვებით ახსნა მიჭირს.
– რა ჩვენება იყო?
– ეს იყო საქორწინო გამოფენა. დაახლოებით, ორი თვის წინ მილანში ვიყავი, სადაც მილანის მოდის დღეების ფარგლებში, „ლიმას ანგელოზების“ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. მაშინ გავიგე, რომ „საქორწინო გამოფენის“ ქასთინგი ტარდებოდა. სამწუხაროდ, დროში ვერ ვემთხვეოდი, რომ ქასთინგზე გავსულიყავი, რადგან გვიან მიწევდა საქართველოში ჩამოსვლა.
ჩემი საუკეთესო ვიზაჟისტი და იმავდროულად, უკვე ჩემი მეგობარი გახლავთ ქალბატონო თინიკო მსხვილიძე, რომელიც ძალიან მიყვარს და მისი უზომოდ მადლიერი ვარ. მას ჩემზე დიდი ამაგი აქვს. გზას მიკვალავს სამოდელო სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო გამოფენის ქასთინგზე მისვლა ვერ მოვახერხე, მან დაურეკა ჩვენების ორგანიზატორს და ჩემ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასე აღმოვჩნდი ამ ჩვენებაზე. თინიკო რომ არა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ჩვენების ორგანიზატორი სოფია გურეშიძე გახლდათ. საკმაოდ დიდი და პოპულარული ჩვენება გამოვიდა.
– ეს ჩვენება ბევრს ქორწილი და შენ კი დედოფალი ეგონე.
– დიახ, ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე ამასთან დაკავშირებით. მილოცავდნენ გაბედნიერებას. ყველას ვწერდი, რომ ეს ჩვენება იყო და უკვირდათ...
– ყველას აინტერესებდა, ვინ არის ეს გოგო, ქართველიაო? მოდი, მოვყვეთ შენს შესახებ...
– მალე 22 წლის ვხდები. წარმოშობით გურიიდან ვარ. ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომიდან. ნამდვილად ქართველი ვარ, თუმცა ბებია მყავს უცხოელი, რუსია და ალბათ, ამიტომ მაქვს ასეთი ვიზუალი. კომენტარებში ჩხუბი მიდიოდა, ქართველია თუ სლავიო და რეალურად ასეთია ჩემი ფესვები.
– ბევრი უსვამდა ხაზს შენს მსგავსებას მსახიობ ანჯელინა ჯოლისთან. ალბათ, აქამდეც არაერთხელ მოგისმენია ეს შედარება.
– დიახ, აქამდეც უთქვამთ, რომ ანჯელინა ჯოლის ვგავარ, მაგრამ ასე აქტიურად – არა. ახლა უამრავი კომენტარი შემხვდა ამასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს, თავდაჯერებული ადამიანი ვარ, მაგრამ ანჯელინა ჯოლი იმდენად საოცარი ქალია, მის დონემდე როგორ უნდა მივაღწიო, არ ვიცი. ძალიან მიყვარს. მიკვირს, მაგრამ რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი შეფასებებისა და შედარებების მოსმენა საკუთარ თავზე. ასევე, ერთ-ერთ ცნობილ თურქ მსახიობს, ჰილალ ალთინბილექსა და ადრიანა ლიმასაც მამსგავსებენ.