"მამაჩემმა გამომიცხადა, ერთი ბალერინაც საკმარისია ოჯახშიო" - ნინო ანანიაშვილის ქალიშვილის ინტერვიუ ოჯახსა და არჩეულ გზაზე - Marao

"მამაჩემმა გამომიცხადა, ერთი ბალერინაც საკმარისია ოჯახშიო" - ნინო ანანიაშვილის ქალიშვილის ინტერვიუ ოჯახსა და არჩეულ გზაზე

2026-06-06 14:45:12+04:00

ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ეკა ხოფერიას გადაცემას ქალიშვილთან, ელენე ვაშაძესთან ერთად სტუმრობდა. დედა-შვილმა ურთიერთობაზე, ოჯახსა და პროფესიაზე ისაუბრა. ნინო ანანიაშვილმა გაიხსენა მამის სიტყვები, რომლებიც მისი ცხოვრების კრედოდ იქცა - გული არ ბერდება, გული ჩერდებაო. სწორედ ამიტომაა, რომ ნინო ყველა ასაკში ერთნაირი შემართებით, ენერგიითა და მონდომებით აკეთებს საყვარელ საქმეს და, ამასთან, არაჩვეულებრივად გამოიყურება. 

ნინო ანანიაშვილს ერთი შვილი, ელენე ვაშაძე ჰყავს. ელენემ ეკა ხოფერიასთან ინტერვიუში ბავშვობის წლები გაიხსენა, თქვა, რომ ბალერინობა სურდა, თუმცა შემდეგ სხვა გადაწყვეტილება მიიღო: 

  • "მამა მეუბნებოდა - შვილო, გული არ ბერდება, გული ჩერდებაო" - ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ ოჯახზე, წლების მატებასა და განვლილ გზაზე

"დედა ძალიან მენდობა. ბავშვობიდან სულ ჩართული ვარ მის საქმეებში, სულ მაინტერესებს შიდა სამზარეულო, ყველა დასის წევრის სახელი ვიცი, რას ცეკვავენ, როგორ ცეკვავენ. რაღაც ტექსტებს ვუწერ, ან თვითონ თუ წერს, ჩემს ხედვას ყოველთვის ვუზიარებ. 

ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი ბალერინა და ამას ოჯახშიც ვამბობდი, მაგრამ მამაჩემმა გამომიცხადა, ერთი ბალერინაც საკმარისია ოჯახშიო. რაღაცნაირად ეს ოცნება დამრჩა ჩემში და შეიძლება აქედანაც არის გამოწვეული, რომ ძალიან ვარ ჩართული ამ საქმეში, თან დიდად ფიგურაც არ მიწყობდა ხელს. 

  • TOP 10 ქართველი ბალერინა: ყველა დროის გამორჩეული სახეები

9 წელი ვისწავლე მანანა დოიჯაშვილის მუსიკალურ სემინარიაში. არ მეგონა, თუ მომინდებოდა და რაღაც მომენტში დავუკრავდი ჩემით," - ამბობს ელენე. 

nino-ananiashvili

ნინო ანანიაშვილი - ოჯახი და კარიერა

ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი უკვე წლებია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონაა. ცნობილია ასევე მისი მეუღლე, პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძეც. 

ნინო ბალეტით 10 წლის ასაკში დაინტერესდა და  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. მისი კარიერა არაერთ დიდ თუ მცირე წარმატებას ითვლის. 1997 წელს ნინო ანანიაშვილს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება. 1999 წლის დეკემბერში ნ. ანანიაშვილს გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი“. 2002 წელს ნინო ანანიაშვილი დასახელდა ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად, რომელიც ბალეტში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ჯილდოს წარმოადგენს. ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში გადაუხადეს საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე.

  • ლეგენდარული იტალიელი მსახიობი საქართველოშია - რა კადრებს აქვეყნებს ნინო ანანიაშვილი

ნინო ანანიაშვილი დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეზეა დაქორწინებული. ვაშაძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში. 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“. 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს. 

გრიგოლ ვაშაძეს ჰყავს ორი შვილი, ნოდარი და ელენე. ელენე ნინოსა და გრიგოლის საერთო შვილია.