„ანანო უკვე დიდი გოგოა და ბარსელონაში ცხოვრობს, ნიკოლა 17-ის ხდება, იკა – 15-ის...“ – ეკა ხოფერია შვილებზე, დანაშაულის გრძნობასა და ახალ პრიორიტეტებზე საუბრობს - Marao

„ანანო უკვე დიდი გოგოა და ბარსელონაში ცხოვრობს, ნიკოლა 17-ის ხდება, იკა – 15-ის...“ – ეკა ხოფერია შვილებზე, დანაშაულის გრძნობასა და ახალ პრიორიტეტებზე საუბრობს

2026-06-06 16:19:56+04:00

ეკა ხოფერია: „ჩემი ფორმულა მარტივია – როგორიც ვარ ეკრანზე, ზუსტად ისეთივე ვარ ცხოვრებაშიც“

ტელეეკრანი ხშირად ქმნის ილუზიას, რომ ცნობილი სახეები კადრს მიღმა სრულიად სხვა ადამიანებად იქცევიან. თუმცა, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ბევრ რამეს ცვლის და სატელევიზიო იმიჯსა თუ რეალურ ცხოვრებას შორის ზღვარს აქრობს. სწორედ ამ თემებზე, ასევე კარიერისა და ოჯახის ბალანსზე, წარსულის შეცდომებსა და თაობათა სხვაობაზე გულახდილად საუბრობს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა ხოფერია პოდკასტში Beauty Talks. 

xoferia

  • გამოცდილება და პირდაპირი ეთერის სკოლა

„კამერის მიღმაც ზუსტად ისეთივე ვარ, როგორიც ეკრანზე. ხშირად ვხუმრობ კიდეც, რომ ცხოვრებაშიც ზუსტად იმას ვლაპარაკობ, რასაც ღია ეთერში ვიტყოდი და ისეთ თემებზე არ ვსაუბრობ, რასაც პირდაპირ ეთერში არ გავაჟღერებდი,“ - აღნიშნავს ტელეწამყვანი.

  • "მამა მეუბნებოდა - შვილო, გული არ ბერდება, გული ჩერდებაო" - ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ ოჯახზე, წლების მატებასა და განვლილ გზაზე

მისი თქმით, ეს ბუნებრიობა წლების მუშაობის შედეგია. როდესაც ამდენი წლის განმავლობაში მუდმივად პირდაპირ ეთერში ხარ, შეცდომებიც ბუნებრივია, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პროცესი შენი თანამდევი ნაწილი და უბრალოდ ცხოვრების სტილი ხდება.

ტელეწამყვანი იხსენებს, რომ მისი სატელევიზიო იმიჯი ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა. წარსულში მაყურებელი მას უფრო მკაცრ ამპლუაში იცნობდა, რაც იმჟამინდელი ფორმატით იყო განპირობებული: „ადრე უფრო საინფორმაციო ფორმატის შესაბამისი, მკაცრი ვიყავი. ახლა კი, როგორსაც მაყურებელი მხედავს, რეალურ ცხოვრებაშიც ზუსტად ასეთი ვარ.“

ცვლილებები მხოლოდ სატელევიზიო ეკრანს არ შეხებია - თავად ცხოვრებაც შეიცვალა. ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად, ადამიანს სრულიად სხვა ღირებულებები უჩნდება: ხდები უფრო რბილი და ნათლად ხვდები, რა არის ცხოვრებაში მართლაც მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე მთავარი გაკვეთილი კი ტემპის დაგდება და აწმყოს დაფასებაა. როგორც თავად ამბობს, აღარ ჩქარობს და აცნობიერებს, რომ წამში ასი საქმის გაკეთება სულაც არ არის აუცილებელი. „მოკლედ, ჩემს შემთხვევაში ასეთი ფორმულაა: როგორიც ვარ ეკრანზე, მეტ-ნაკლებად ზუსტად ისეთივე ვარ ცხოვრებაშიც.“

  • ოჯახი და ახალი ფორმატი

„ახლა ჩემი მთავარი საქმე მთლიანად ჩემი ოჯახია,“ - ამბობს ეკა ხოფერია. მიუხედავად იმისა, რომ იგი "დიდ ავიაციას" უბრუნდება და დაიწყო თავისი უსაყვარლესი საქმე - ახალი გადაცემა, სადაც პროდიუსერიც თავად არის და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ფორმატი მაინც სპეციალურად მოირგო და გადაცემა ორ კვირაში ერთხელ გავა ეთერში. მიზეზი მარტივია - ტელეწამყვანი გრძნობს, რომ ოჯახის წევრებს ძალიან სჭირდებათ მისი დრო.

„მიუხედავად იმისა, რომ ანანო უკვე დიდი გოგოა და ბარსელონაში ცხოვრობს, რა მომენტშიც არ უნდა დარეკოს, მისთვის აუცილებლად უნდა მეცალოს. ნიკოლა 17-ის ხდება, იკა – 15-ის... ვგრძნობ, რომ მათ ძალიან სჭირდებათ ეს დრო.“  მეუღლეს, მიშა ხუჯაძესაც სჭირდება ყურადღება, ისევე, როგორც ოჯახის ოთხფეხა წევრს - გოლდენ რეტრივერ ოლივერს. მოკლედ, ყურადღება ყველას სჭირდება.

  • წარსულის გაკვეთილები და დანაშაულის გრძნობა

მთელი ცხოვრება 24/7-ზე გადაღებებსა და ტელევიზიაში გაატარა. "მახსოვს, ანანო ერთი თვის იყო, „რუსთავი 2“-ში მუშაობა რომ დავიწყე. ქუჩაში სხვა გოგოებს ეტლით ბავშვები რომ გამოჰყავდათ და ასეირნებდნენ, მართლა ცრემლები მადგებოდა - განვიცდიდი, რომ მე ამას ვერ ვაკეთებდი. ამაზე იმდენს ვფიქრობდი, რომ ახლა ყველაფერი ერთიანად შემომიბრუნდა. ადამიანი რასაც ჩაიფიქრებ და რაც რეალურად გინდა, დრო მოდის და იმას აკეთებ. ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდა, რომ ვიყო. ეს ჩემს საქმეებს არ გამორიცხავს, მაგრამ ახლა ოჯახურ ცხოვრებაში თავიდან ბოლომდე, სრულად ვარ ჩართული. მგონი, ცოტა მეტადაც კი".

  • "ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული სანახავია, როდესაც პატარა გოგონებს უზომოდ დიდი ტუჩები აქვთ" - რუსა ჩაჩუა თავის მოვლაზე

„მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ წარსულში არაფერს შეცვლიდა. შევცვლიდი - რაღაც-რაღაც საბავშვო ზეიმებს არ გამოვტოვებდი და ამდენ გადაღებას არ დავგეგმავდი,“ - აღიარებს ჟურნალისტი.

იგი იხსენებს პერიოდს, როდესაც „რუსთავი 2“-ში საინფორმაციო სამსახურის უფროსად დანიშნეს და ამავდროულად „ღამის კურიერიც“ უნდა წაეყვანა. გადაცემა ღამის 11 საათზე იწყებოდა და გვიან მთავრდებოდა, საინფორმაციოს უფროსი კი სამსახურში დილის ცხრის ნახევარზე უნდა ყოფილიყო. მერე დილის გადაცემაც დაიწყო და შაბათი დღეც სამუშაო გახდა - ერთადერთი, კვირის რამდენიმე საათი რჩებოდა თავისუფალი. ეკა აღნიშნავს, რომ მას, რა თქმა უნდა, შეეძლო ეთქვა: „არა, მეგობრებო“.

"დღევანდელი გადასახედიდან რაღაცებს შევცვლიდი და შვილებს მეტ დროს მივცემდი, რადგან ის მომენტები, როცა შენი შვილი პატარაა, მოკლებული დრო კი აღარასდროს ბრუნდება.“

  • თაობათა სხვაობა და ბალანსი

ეკა ხოფერია დადებითად აფასებს ახალი თაობის მიდგომებს, მიუხედავად იმისა, რომ უფროს თაობას ეს ხშირად არ მოსწონს: „მომწონს, რომ დღევანდელი თაობის გოგოები პრიორიტეტებს სხვანაირად ალაგებენ. ისინი პირდაპირ ამბობენ: არა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი პირადი სივრცე და ჩემი ოჯახიო. ჩვენ კი ვამბობთ ხოლმე: აი, ასე კარიერა არ კეთდება, ჩვენს დროს ასე იყოო. და ვნახოთ, აბა, ვინ უფრო მართალია.“

მისი აზრით, დღეს არის დრო, როცა ამ ყველაფრის ბალანსი ბევრად მარტივად შეიძლება. თუმცა, რთულია და რაღაცების დათმობა მაინც გიწევს. დრო რომ გავა, მშობელს დანაშაულის გრძნობა სადღაც მაინც შეაწუხებს - იმაზე, რომ შვილებს რაღაც მოაკლო, ან პირიქით, საქმეს მოაკლო. ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. დიასახლისებსაც აქვთ ხოლმე ეს განცდა - ფიქრობენ, რომ ოჯახის გამო კარიერა ვერ შექმნეს და პირიქით".

დღევანდელი თაობა ამ ბალანსს ზუსტად იმიტომ აკეთებს, რომ თავად ახსოვთ მშობლების დანაკლისი და არ სურთ, მათ შვილებსაც იგივე განცდა ჰქონდეთ. ტელეწამყვანი იხსენებს, რომ მსგავსი საყვედური საკუთარი შვილისგან თავადაც სმენია: „ერთხელ დათუნამ მითხრა: სიცხე რომ მქონდა, არ გახსოვს, ალბათ სახლში საერთოდ არ იყავი და სულ სამსახურში იყავიო. იმ მომენტში გული ძალიან მეტკინა.“

  • "- 34 კილოგრამი - მგონი, არაა ცუდი შედეგი" - "სუხიშვილების" მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი წონის კლების გამოცდილების შესახებ

მეორეს მხრივ კი, უფროს ქალიშვილს, ანანოს, რომელიც ძალიან შრომისმოყვარეა, ხშირად უთქვამს: „დედა, მე მთელი ცხოვრება გიყურებდი და შენგან ვისწავლე შრომის პატივისცემა, დამოუკიდებლობა და ის ფორმულა, რომ უბრალოდ სხვის კმაყოფაზე არ უნდა იჯდე.“

"ტელეწამყვანისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს დამოუკიდებელი და მყარად იდგეს ფეხზე. საერთოდ, ქალი იქნება თუ კაცი, ყველასთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა, მაგრამ განსაკუთრებით - ქალისთვის."

ეკა ხოფერია ხაზს უსვამს იმ უდიდეს შრომას, რასაც ქალები ოჯახში დებენ: „აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დიასახლისებიც უდიდეს რესურსს დებენ ოჯახში. ეს ალბათ ყველაზე რთული საქმეა. ჩემი აზრით, საუკეთესო და იდეალური ვარიანტია, როდესაც ამ ორივე რამის - კარიერისა და ოჯახის - ერთმანეთთან სწორი შერწყმა ხდება და დღევანდელი თაობაც სწორედ ამას აკეთებს.“