მნიშვნელოვანი სიახლე მატილდა გვარლიანის კარიერაში! - „ბედნიერი ვარ გაგიზიაროთ" - Marao

მნიშვნელოვანი სიახლე მატილდა გვარლიანის კარიერაში! - „ბედნიერი ვარ, გაგიზიაროთ"

2026-06-09 12:07:25+04:00

ქართველი სუპერმოდელის, მატილდა გვარლიანის საერთაშორისო კარიერა ახალ, კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადადის. მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლებისა და გავლენიანი პრინტ-გამოცემების ფავორიტმა მოდელმა კონტრაქტი ლეგენდარულ სააგენტო VIVA Model Management-თან გააფორმა, რომლის ოფისებიც მოდის დედაქალაქებში - პარიზში, ლონდონსა და ბარსელონაში მდებარეობს. ეს ნაბიჯი მატილდასთვის არა მხოლოდ მორიგი პროფესიული აღიარებაა, არამედ ახალი შესაძლებლობაა მაღალი მოდის სამყაროში კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდროს თავი

"Viva-ს სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენ მატილდა გვარლიანს წარმოვადგენთ!. კეთილი იყოს შენი მობრძანება Viva-ში!" - ვკითხულობთ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე. ეს დიდი სიახლე საკუთარ გვერდზე მატილდამაც გააზიარა: „ბედნიერი ვარ, გაგიზიაროთ, რომ ამიერიდან ჩემი წარმომადგენელი Viva Model-ია!“

matilda-gvarliani

  • "რა იღბლიანი ვარ" - მატილდა გვარლიანის 10 ფოტო და 10 ამბავი 

VIVA Model Management-ის შესახებ

VIVA Model Management არის სამოდელო სააგენტო, რომლის ოფისებიც პარიზში, ლონდონსა და ბარსელონაში მდებარეობს. სააგენტო 1988 წელს პარიზში, დირექტორ სირილ ბრულეს მიერ დაარსდა. მისი მთავარი მიმართულება მაღალი მოდის (High-Fashion) ედიტორიალები და პოდიუმის ჩვენებებია. VIVA-ს წამყვან მოდელებს შორის არიან ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: ნატალია ვოდიანოვა, დაუტცენ კრუსი, კირსტი ჰიუმი, რაკელ ციმერმანი, სტელა ტენანტი და კაია გერბერი.

  • „მე ჩემი ოცნებით ვცხოვრობ“ - როგორ იქცა 12 წლის გოგონას ამბიცია მოდის ისტორიად: მატილდა გვარლიანი 22 წლისაა 

ქალთა ძირითადი დივიზიონის გარდა, სააგენტოში მოქმედებს მიმართულება „VIVA Talent“ (ნიჭიერები/ტალანტები). მათ შორის არიან ფრანგული მოდისა და კინოს ხატები: ინეს დე ლა ფრესანჟი, იზაბელ იუპერი, ლეტიცია კასტა და ბრიტანელი მსახიობი შარლოტ რემპლინგი. სწორედ ეს სააგენტო წარადგენს ქართველ მოდელ მატილდა გვარლიანს. მატილდას გარდა, VIVA Model Management-თან ამ დროისთვის თანამშრომლობენ ისეთები სახეები, როგორებიც არიან:  ლეტიცია კასტა, იმან ჰამამი, კირსტი ჰიუმი და სხვ. 

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.  

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა გვარლიანი.

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.

მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა:  Gucci, Chanel, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Fendi, Fendi და სხვ. 

მატილდა გვარლიანის ეს საერთაშორისო წარმატება კი არაერთ წამყვან სამოდელო სააგენტოსთან პარტნიორობას უკავშირდება, მათ შორის: 

  • ნიუ-იორკი: Next New York
  • პარიზი: Next Paris
  • მილანი: Next Milan
  • ლონდონი: Next London
  • ლოს-ანჯელესი: Next LA
  • ბერლინი: Iconic Management
  • სტოკჰოლმი: MIKAs