როდესაც სიტყვა „სუპერმოდელი“ გვესმის, თვალწინ პირველ რიგში ოთხი ლეგენდარული ქალი - სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი წარმოგვიდგება. მათ ეს ტიტული სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. როგორც პოდიუმზე, ისე ყოველდღიურობაში, ისინი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდნენ. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, სანამ მოდის სამყარო ტერმინ „მოდელის ყოველდღიურ სტილს“ (Model Off-Duty) ოფიციალურად დაამკვიდრებდა, ეს ოთხეული უკვე ამ მიმდინარეობის უბადლო განსახიერება იყო.
90-იანი წლების სტილი
80-იან წლებში, როცა მათი კარიერა გიჟური ტემპით განვითარდა, ისინი ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ. ამაში დიდი როლი მათმა გემოვნებამაც ითამაშა. თავისუფალ დროს, როცა ვერსაჩესა და არმანის ჩვენებებზე არ გამოდიოდნენ, გოგოები ერთად მოგზაურობდნენ და ერთობოდნენ ნიუ-იორკსა თუ ევროპაში. 90-იანებში პაპარაცებმაც დაიწყეს მათი ყოველდღიური ჩაცმულობის გადაღება. იმ პერიოდში, კელვინ კლაინისა და რალფ ლორენის წყალობით, მოდაში მინიმალიზმი იყო აქტუალური, თუმცა ამ ოთხეულმა მაინც მოახერხა და საკუთარი, განსხვავებული შტრიხები შეიტანა ყველაფერში.
სინდის ცოტა უხეში, როკერული და ამავდროულად მოდური სტილი ჰქონდა - სულ თავისი საფირმო ტყავის ქურთუკით დადიოდა.


კრისტი უფრო სუფთა, სადა სტილს ირჩევდა და ძალიან უყვარდა შარვალ-კოსტიუმები.


ნაომის უფრო ქალური და სექსუალური იმიჯი ჰქონდა, ხშირად ეცვა ტანზე გამოყვანილი, კოქტეილის კაბები.


ლინდას კი ძველი ჰოლივუდის ფილმის გმირებივით ეცვა - ხშირად ნახავდით პატარა შავი კაბითა და მარგალიტის მძივებით.


როცა ეს ოთხი გოგო სადმე ერთად ჩნდებოდა, თვალს ვერ მოწყვეტდით.

ფაქტობრივად, მათ დაამკვიდრეს აზრი, რომ მოდელის ყოველდღიური ჩაცმულობაც კი საინტერესოა. მათი გავლენა დღევანდელ ტოპ-მოდელებზეც აშკარად იკვეთება. დღეს ბელა ჰადიდი, ჰეილი ბიბერი თუ კაია გერბერი, რომელიც სინდის შვილია ზუსტად ისე იცვამენ, რომ საკუთარი ხასიათი გამოაჩინონ. სტილი მათი იმიჯის ნაწილი გახდა. იდეა, რომ მოდელი უბრალო მანეკენი არ არის და საკუთარი აზრი და გემოვნება აქვს, სწორედ 90-იან წლებში დაიბადა.