მსახიობი ანი ბებია ხატია ქირიას „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს საკუთარი ცხოვრების აქამდე უცნობი, ემოციური და საკმაოდ სენსიტიური დეტალები გაუზიარა. გადაცემაში მან ისაუბრა ბავშვობის ოცნებებზე, პირველ წარმატებაზე და იმ ფარულ ტრავმებზე, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დღემდე ხვდება.
"ბავშვობაში სულ ვაგზალზე ნაყიდი, 35-ლარიანი All Star-ები მეცვა და მუდამ იმაზე ვოცნებობდი, რომ ორიგინალი All Star მქონოდა. სტუდენტობისას, ზუსტად არ მახსოვს, საიდან, მაგრამ პირველი გამომუშავებული ჰონორარით ორიგინალი All Star-ები ვიყიდე და ამით უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
ძალიან მიყვარს კომფორტი, ჩემთვის ეს მთავარია - პირველ რიგში, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელში. გარკვეული პერიოდი დიდი ზომის სამოსს ვატარებდი და მაინტერესებდა, საიდან მქონდა ეს სტილი. ვფიქრობდი, ალბათ კომფორტის გამო-მეთქი, მაგრამ მერე მეტროში, მიკროავტობუსსა თუ ცეკვაზე სიარულისას მომხდარი რამდენიმე ფაქტი გამახსენდა. ცეკვაზე რომ დავდიოდი, მუქი ქვედაბოლო და შავი კოლგოტი მეცვა; ამ ჩაცმულობაზეც კი, მეტროში ვიღაც ხელს რომ აგისვამს... მსგავსი რამ ჩემს ბავშვობაში იმდენჯერ მომხდარა, რომ, რა თქმა უნდა, ბავშვი ამას ხმამაღლა არ ამბობ და ეს ყველაფერი შიგნით ილექება.
სტუდენტობისდროინდელი ერთი ფაქტიც მახსენდება: სახლიდან გამოვედი, უნაზესი სარაფანი მაცვია, მოკლე იყო, თუმცა გამომწვევი არაფერი ყოფილა. მოკლე კაბებს დღემდე ვერ ვიცვამ. ილო სულ მაძალებს, მეუბნება, რომ ძალიან მიხდება, ვყიდულობ კიდეც, მაგრამ კარადაში მიდევს. მხოლოდ ზღვაზე თუ შევძლებ ჩაცმას.
ახლა 34 წლის ვარ და ეს ყველაფერი, ალბათ, 20 წლის წინ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა დღემდე ჩემთან ერთად არის", - ამბობს ანი ბებია.

ანი ბებია საქართველოში ერთ-ერთია, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი და გარეგნობა გამოარჩევს. ის ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, თუმცა ანის ფილმოგრაფია მრავალფეროვანი და საინტერესოა - ის მონაწილეობდა ლევან თუთბერიძის ფილმში "მოირა", რომელიც აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ფილმად დაასახელა. ასევე ანი გადაღებულია ფილმში „8 წუთი“ და „იზი და ჯადოქარი“. კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მის კარიერაში იყო პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".
მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.
ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული: „ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“ - იხსენებდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ანის მეორე მეუღლე მსახიობი ილო ბეროშვილია.
