ცნობადობა, საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნა და პოპულარობა შორიდან ხშირად იდეალურად, უდარდელად და ბრწყინვალედ გამოიყურება. თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა თითქმის ყოველთვის იმალება უხილავი სირთულეები, სტერეოტიპები და ბრძოლა საკუთარი „მეს“ დასამტკიცებლად. სწორედ ამ თემებზე ისაუბრა მოდელმა და ტელეწამყვანმა ირინა ონაშვილმა ანა ტყებუჩავას პოდკასტში „V ელემენტი“, სადაც მსმენელს საკუთარი ემოციები და განცდები გულახდილად გაუზიარა.
მან ვრცლად მიმოიხილა ის სირთულეები, რაც ცნობადობას ახლავს თან და აღნიშნა, თუ როგორ მოქმედებს საზოგადოებრივი წნეხი ადამიანის ქვეცნობიერზე, თავდაჯერებულობასა და ყოველდღიურობაზე.
გადაცემაში სტუმრობისას ირინამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად რთულია, საზოგადოებამ შენი აზრი სერიოზულად აღიქვას, როდესაც გარკვეული იარლიყები უკვე მოწებებული გაქვს. მისი თქმით, ხშირად უხილავი ბარიერების გადალახვა უწევს, რათა მისი ხმა ისმოდეს:

ირინა ონაშვილის ინტერვიუ
„პირდაპირ არა, მაგრამ მაგალითად, განწყობით მიგრძნია, რომ ჩემს აზრს არ მოუსმენენ. შეიძლება, სწორი ვთქვა და რამდენიმე ხანში აღმოჩნდეს, რომ თურმე სწორს ვამბობდი, მაგრამ მეც მაქვს ქვეცნობიერში კომპლექსი, რომ თავი არ გამოვიჩინო, ასე არ იფიქრონ და ისე არ იფიქრონ.
სულ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება ურთულესია. შენ ახლა რა გენაღვლება – ამის გამო მიწევს საპირისპიროს კეთება, არა, ხალხო, მეც თქვენნაირი ვარ, თქვენიანი ვარ, თქვენზე მეტი სირთულე მაქვს შეიძლება გამოვლილი".
ანა ტყებუჩავას პოდკასტში გაჟღერებული ეს გულახდილი მონოლოგი სოციალურ ქსელში მალევე გახდა განხილვის საგანი, რადგან მსგავსი გულწრფელობა კიდევ უფრო აახლოებს საჯარო ფიგურებს მათ გულშემატკივრებთან.