ქართველი მსახიობი თამთა ინაშვილი 1990 წლის 6 დეკემბერს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ზუსტად არ იცოდა, რა პროფესია უნდა აერჩია, სცენის სიყვარული ყოველთვის თან სდევდა. ბაღისა და სკოლის პერიოდში ზეიმებსა და სპექტაკლებში აქტიურად მონაწილეობდა, სახლში კი სხვადასხვა როლს თამაშობდა და სიამოვნებდა, როდესაც მის შემოქმედებას სხვები აკვირდებოდნენ.

"ბაღისა და სკოლის ასაკში ბოლომდე გათვითცნობიერებული არ მქონდა, რა მინდოდა, მაგრამ სცენაზე დგომა მომწონდა. ზეიმებზე, კონცერტებსა და სპექტაკლებში ხშირად გამოვდიოდი, სახლშიც სულ რაღაცებს ვთამაშობდი და სხვები რომ მიყურებდნენ, ეს მსიამოვნებდა. კარგად ვმღეროდი და ვფიქრობდი, რომ მომღერალი გამოვიდოდი - გენეტიკურად, ჩვენს ოჯახში ყველას აქვს სიმღერის მონაცემები - მაგრამ ეს იყო მანამ, ვიდრე გლანდების ოპერაციას გავიკეთებდი. მერე სრულად ჩამომიყალიბდა ის აზრი, რომ მსახიობი გავხდებოდი.
ჩემები სხვა პროფესიული არჩევანის გაკეთებას მირჩევდნენ, მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია. ამაში დედა ძალიან დამეხმარა. ის ბაქტერიოლოგია, არავითარი კავშირი არ აქვს ამ სფეროსთან, მაგრამ ბავშვობაში ხშირად დავყავდი ოპერაში, სპექტაკლებზე. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი სიყვარული ამ პროფესიისადმი. ერთი პერიოდი, მომღერლობასთან ერთად, ბალერინობაც მინდოდა, მაგრამ 15 წლიდან სიმაღლეში მეტრი და 80 სანტიმეტრი ვარ. ჰოდა, დედამ არ შემიყვანა ბალეტის წრეზე, რადგან ამ სიმაღლით ბალერინა ვერ გამოვიდოდი. გატაცებული ვარ დიჯეობით" - ამბობდა თამთა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.
თამთა 2015 წელს შეუერთდა რუსთაველის თეატრის დასს და თანამშრომლობდა რეჟისორ რობერტ სტურუასთან. მან მონაწილეობა მიიღო ისეთ სპექტაკლებში, როგორებიცაა "კლინიკური ქორწინება", "სადღაც, ცისარტყელას მიღმა", ამასთან, ის მონაწილე იყო რუსთაველის თეატრში გამართული ქორეოგრაფიული წარმოდგენისა "ჰარირა". თამთამ მონაწილეობა მიიღო ისეთ პოპულარულ სერიალში, როგორიცაა "ხელოვნური სუნთქვა".

წარმატებული კარიერის პარალელურად, თამთა ინაშვილი ორ შვილს ზრდის. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად კი, მაინც ახერხებს, დრო დაუთმოს მეგობრებსა და საყვარელ გატაცებებს:
"მიყვარს კლუბები, გართობა, მუსიკა. მას შემდეგ, რაც ბავშვი გაჩნდა, შედარებით ნაკლებად, თუმცა დრო ამისთვის მაინც მრჩება. თუ სადმე ვერ წავედით, მეგობრები ჩვენთან მოდიან და ჩვენს ოჯახში სულ სტუმრიანობაა", - ამბობდა თამთა ინაშვილი.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, მისთვის საყვარელი ადამიანების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეფასებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყოველი ახალი სპექტაკლი შემდეგ აზრს მათ ეკითხება:
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მეგობრის, მსახიობ ნატა ბერეჟიანის აზრიც, რომელიც თუ ცუდი ხარ, ცუდს გეტყვის, მოეწონები და, შეგაქებს, ტყუილად თავზე ხელს არ გადაგისვამს. დედაჩემის აზრითაც სულ ვინტერესდები, მაგრამ მასში მაინც ვხედავ დედურ მიდგომას" - ამბობდა თამთა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

თამთა ინაშვილს ხშირად ადარებდნენ ქართველ მსახიობ ნინო კასრაძეს. მსახიობის თქმით, ხშირად, როგორც უცნობები, ისე ახლობლები ამჩნევენ მათ შორის გარეგნულ მსგავსებას.
"გარეგნულად ბევრი გვამსგავსებს. უცხო ადამიანებიც და ჩემებიც, სპექტაკლის შემდეგ მოდიან და მეუბნებიან, - სცენაზე რომ გამოხვედი, უცებ ვიფიქრე, რომ ნინო კასრაძე იყავიო. თეატრში ახალი მოსული ვიყავი, როცა ფოიეში გავლისას, ვიღაცამ ნინო დამიძახა. ვიფიქრე, ახალი ვარ და ალბათ, ჩემი სახელი არ ახსოვთ-მეთქი. როცა ვუთხარი, რომ თამთა მერქვა, ბოდიში მომიხადა, ნინო კასრაძე მეგონეო. მას შემდეგ გაუთავებლად ლაპარაკობენ ამ მსგავსების შესახებ".