თინათინ წულაძისა და ბუბა ჭოღოშვილის წყვილი ქართულმა საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. ისინი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან და ხშირად უზიარებენ გამომწერებს ერთად გადაღებულ კადრებს, რომლებიც ყოველთვის უამრავ მოწონებასა და თბილ კომენტარს იმსახურებს.
გამონაკლისი არც ეს დღეები ყოფილა - თინათინმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, წყვილი ზაფხულის ცხელ დღეებს აუზზე ატარებს და მზიანი ამინდით ტკბება.
"ზაფხული, ძლივს" - წერს თინათინი.


თინათინ წულაძე და ბუბა ჭოღოშვილი
თინათინ წულაძეს საზოგადოება უკვე არაერთი წელია იცნობს, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდა მოცეკვავეს, ქორეოგრაფსა და მსახიობს. ის ცნობილ ოჯახში დაიბადა – მისი მამა რეჟისორი ლევან წულაძეა, დედა კი – მსახიობი მანანა კოზაკოვა. თინათინ წულაძე დიდი ხნის მანძილზე „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო, შემდეგ კი სხვა გზა აირჩია, თუმცა მაინც ხელოვნების სფეროში დარჩა – ის ახლა წარმატებით მონაწილეობს სპექტაკლებსა და მიუზიკლებში, ასევე, სხვადასხვა დადგმისთვის ქორეოგრაფის ამპლუასაც ითავსებს.
ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთმა ქალიშვილმა, თინათინ წულაძემ, 2019 წელს იქორწინა. მისი მეუღლე გიორგი კოტეტიშვილი იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი შვილი – ანდრო კოტეტიშვილი შეეძინა, თუმცა თინათინისა და გიორგის თანაცხოვრება დასრულდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თინათინ წულაძე კვლავ შეყვარებულია – მისი რჩეული კი ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი, ბუბა ჭოღოშვილია. წყვილი ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, საკუთარი სიყვარულის შესახებ კი მათ პოდკასტში „ჩვენ“ ისაუბრეს:
„ბუბა მესამე წელია, თეატრ „სახელოსნო 42-ის“ მსახიობია და სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. თავიდან ვმეგობრობდით, არასდროს მიფიქრია ურთიერთობაზე. ძალიან ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ბევრ თემაზე გვისაუბრია. ვთვლი, რომ პირველ, გაცნობა-მორიდების ეტაპს გადავახტით და ძალიან მარტივად წავიდა ყველაფერი“, – ამბობდა თინათინი.