UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "სიტყვის აკადემიის“ (Word Academy) მიერ მის მხარდასაჭერად მომზადებულ ვიდეორგოლს. კლიპში 200-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა შეიკრიბა, რათა ჩემპიონისთვის სიყვარული და გვერდში დგომა გამოეხატა.
"ილია, შენი სამშობლო შენ გვერდითაა!“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.
ქართველმა მებრძოლი კი ამ ვიდეო რგოლს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:
"მიყვარხარ საქართველო. დიდი მადლობა" - წერს ილია თოფურია.

გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთ მთავარ კითხვად კვლავ ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება. სპორტსმენის ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალიომ, მედიასთან ჩემპიონის გამოჯანმრთელების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ილია თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.
„გამოჯანმრთელების პროცესი ყველა მებრძოლთან მიმართებით სხვადასხვანაირია. ყველა ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს. ფიზიკურად, რაც საკუთარი თვალით ვნახე, შემიძლია გითხრათ, რომ ილია საერთოდ სხვა ადამიანივით გამოიყურება. რა თქმა უნდა, დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ უკვე ისე გამოიყურება, თითქოს საერთოდ არ უჩხუბია.
სახეზე ის ადგილები, რომლებიც დასიებული ჰქონდა, სრულად ჩაუცხრა. დალურჯებებიც აღარ აქვს. სახეზე დისკომფორტი და მომატებული მგრძნობელობა კვლავ აწუხებს, მაგრამ მას ყოველდღე ვხედავ და შემიძლია ვთქვა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანივით გამოიყურება.
თვალბუდის ძვლის მოტეხილობა? ექიმმა გვითხრა, რომ ძვალი 6-8 კვირაში სრულად აღდგება, რადგან თვალბუდის ძვლის მოტეხილობა ფრაგმენტების გადანაცვლები გარეშეა. ეს ნიშნავს, რომ ძვალმა დაკარგა თავისი მთლიანობა, მაგრამ მისი ანატომიური ფორმა და გეომეტრია არ დარღვეულა. ძვალი 6-8 კვირაში თავისით აღდგება, რის შემდეგაც გარკვეული დრო იქნება საჭირო, რათა იგი სრულად გამყარდეს. საუბარი დაახლოებით 2-3 თვეზეა“, - ამბობს ხესუს გალიო.
ვაშინგტონმა, კერძოდ კი თეთრმა სახლმა, რამდენიმე დღის წინ უპრეცედენტო სპორტულ მოვლენას - Freedom UFC 250-ს უმასპინძლა. საღამოს მთავარი მოვლენა ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიასა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იყო.
ოქტაგონზე ნამდვილი ომი გაიმართა. ილია თოფურიამ ოთხი რაუნდის განმავლობაში ღირსეულად და თავგანწირვით იბრძოლა, თუმცა მიღებული ტრავმებისა და დაზიანებების გამო, კუთხის გადაწყვეტილებით, "ელ მატადორმა“ მეხუთე რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შესაბამისად, გამარჯვება ჯასტინ გეიჯს დარჩა. ბრძოლის მიმდინარეობისას ილიას კუთხიდან ასისტენტობას მისი უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია და ცნობილი ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე უწევდნენ.
ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს დარბაზიდან ადევნებდა თვალს თოფურიას ოჯახი: მშობლები და მისი ვაჟი, ჰუგო თოფურია.
როგორც ცნობილი გახდა სპორტსმენს ორივე მხარეს ორბიტალური ძვლის (თვალბუდის) მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა გადაადგილების (წანაცვლების) გარეშე. აღნიშნული ტრავმის გამო ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდება. ილია მკურნალობას სახლში აგრძელებს.

მიყენებული ტრავმების სერიოზულობიდან გამომდინარე, სპორტულმა კომისიამ ილია თოფურიას 180-დღიანი სავალდებულო სამედიცინო აკრძალვა დაუწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალური ორთაბრძოლების გამართვა ეკრძალება.
აღსანიშნავია, რომ UFC-ში ეს სტანდარტული და დამცავი პროცედურაა, როდესაც მებრძოლი თავისა და სახის არეში მძიმე დარტყმებს იღებს. 180 დღე მაქსიმალური ვადაა, რომელიც სპორტსმენის რეაბილიტაციასა და ჯანმრთელობის აღდგენას უნდა მოხმარდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ილია თოფურია სრულყოფილ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ექიმები მის სრულ მზადყოფნას დაადასტურებენ, კომისიამ შესაძლოა ეს ვადა მნიშვნელოვნად შეამციროს და მას ოქტაგონზე უფრო ადრე დაბრუნების უფლება მისცეს.